ჩრდილოეთ კორეა სამხედრო გამოფენაზე რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლებს მასპინძლობს

ჩრდილოეთ კორეა სამხედრო გამოფენაზე რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლებს მასპინძლობს

პანდემიასთან დაკავშირებული იზოლაციის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეა სამხედრო აღლუმს პირველად აწყობს. კორეის ომის დასრულებიდან 70 წლის გასვლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე კიმ ჩენ ინმა რუსეთისა და ჩინეთის სამთავრობო, მაღალი რანგის დელეგაციები დაპატიჟა. სამხედრო აღლუმსა და ჩრდილოკორეული იარაღის გამოფენის ღონისძიებებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრი ლი ჰონჟონგი ესწრებიან.

ჩრდილოკორეული მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს ადგილობრივი წარმოების, აკრძალული ბალისტიკური რაკეტები დაათვალიერებინა. ცნობისთვის, აღნიშნული ტიპის ბალისტიკური რაკეტები, რომელთაც ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლია, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანახმად აკრძალულია.

საინტერესოა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეას რუსეთის თავდაცვის მინისტრი პირველად სტუმრობს. ეს კი რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის პარტნიორობის გაღრმავების გამოხატულებაა.

გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი შოიგუმ კიმ ჩენ ინს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისაგან გაგზავნილი წერილი გადასცა. კიმ ჩენ ინმა კი რუსეთის პრეზიდენტს ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო დელეგაციის გაგზავნისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვიზიტმა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის არსებული სტრატეგიული და ტრადიციული თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმავა.