„ჩვენ მოვიგებთ ამ ომს“ | ინტერვიუ ვალერია იონანთან

„ჩვენ მოვიგებთ ამ ომს“ | ინტერვიუ ვალერია იონანთან

ერთ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი ძალადობრივად შეიჭრა უკრაინაში. სამხედრო ოპერაციები დღემდე გრძელდება. რუსეთი ანადგურებს უკრაინის ქალაქებს, რაც უკრაინის სამთავრობო ორგანოებს აიძულებს ფაქტობრივად შეუძლებელი ტემპით იმოქმედონ. მიუხედავად გამოწვევებისა, უკრაინის სამინისტროები აგრძელებენ ბრძოლას. ამასთან დაკავშირებით მეტი დეტალის გასარკვევად, გიორგი ისაკაძემ გადაცემაში „The CheckPoints“, უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციების მინისტრის მოადგილეს, ვალერია იონანს უმასპინძლა.

ვალერია, დიდი მადლობა, რომ ჩვენთან სასაუბრო დრო გამონახეთ. ვიცი, რამდენად რთულია დროის პოვნა ასეთი კრიზის დროს. ვიმედოვნებ, რომ თქვენ, თქვენი ოჯახი და მეგობრები უსაფრთხოდ ხართ. 

დიდი მადლობა მოწვევისთვის.

ადრეული პერიოდიდან მინდა დავიწყო. ვიცი, ემოციურად საკმაოდ რთული იქნება თქვენთვის ამ პერიოდის გახსენება, გვსურს ჩვენს მაყურებელსა და მიმდევრებს მიაწოდოთ ინფორმაცია ციფრული ტრანსფორმაციების სამინისტროს შექმნის შესახებ, სადაც თქვენი მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებთ. გვითხარით ორიოდე სიტყვა გუნდის შესახებ და იმის შესახებ, თუ რატომ შეიქმნა იგი.

როგორც აღნიშნეთ, უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო ახალი სამინისტროა. სამინისტრო 2,5 წლის წინ შეიქმნა. ომამდე ძალიან ჩქარი ტემპით ვვითარდებოდით. სამინისტროს მყარი ფილოსოფია აქვს. ჩვენ გვსურს ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით სხვადასხვა ბიზნესი, ინსტიტუტები და, საბოლოო ჯამში, ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ. ამ 2,5 წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი შთამბეჭდავი რეფორმა გავატარეთ. განვახორციელეთ „სახელმწიფო სმარტფონში“ პროგრამა და წარმატებით უკრაინის მოსახლეობას განვითარების სრულიად ახალი და თანამედროვე ხედვა შევთავაზეთ. სამინისტროს ოთხი სტრატეგიული მიზანი აქვს, 1) საჯარო სერვისების 100%-ის ონლაინ რეჟიმში გადატანა 2) ინტერნეტის ხელმისაწვდომობისა და დაფარვის გაზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით 3) 6 მილიონი უკრაინელისთვის ციფრული წიგნიერებისა და უნარების სწავლება 4) უკრაინის მშპ-ში IT სფეროს 10%-მდე გაზრდა. ამ მიზნების მისაღწევად ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ეროვნული პროექტების ეკოსისტემა, რომელსაც Diia ჰქვია. სხვათა შორის, Diia უკრაინულად მოქმედებას ნიშნავს. ეკოსისტემას აქვს ხუთი განსხვავებული პროექტი, ეს არის Diia აპლიკაცია – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაცია უკრაინაში, რომელსაც 16 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

პოპულარობის მიზეზი არის სერვისები, რომლებიც ამ აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი თუ სხვა?

დიახ, საუბარია ხელმისაწვდომ სერვისებზე. ჩვენ მოვახერხეთ მსოფლიოში პირველი ციფრული პირადობის მოწმობების სისტემის დანერგვა, რომლებიც პლასტმასისა და ქაღალდის დოკუმენტების სრულად ლეგალური ანალოგია. თითქმის ყველა საჭირო დოკუმენტი ახლა მომხმარებლის აპლიკაციაშია და აღარ არის საჭირო პლასტმასის ან ქაღალდის მასალების გამოყენება.

აპლიკაციის სივრცე მეგობრული და კომფორტულია. ყველაფერი ერთ სივრცეში – ასეა?

დიახ. აპლიკაცია მოიცავს ყველაზე პოპულარულ სერვისებს, მაგალითად, გადასახადებს და ა.შ. მეორე პროექტი არის საჯარო სერვისების პორტალი, სადაც განთავსებულია 70-ზე მეტი სერვისი. ეს არის პორტალი, სადაც ოთხ წელიწადში ვგეგმავთ ყველა გაციფრებული სერვისის შეტანას. ერთ-ერთი პროექტი ასევე არის ციფრული განათლება, რომელიც წარმოადგენს ციფრული წიგნიერების ეროვნულ პროგრამას და შეიცავს ორ კომპონენტს: ციფრული წიგნიერების ეროვნულ საგანმანათლებლო პლატფორმას და ასევე ოფლაინ ჰაბების ქსელს, რათა უფროსი ასაკის ადამიანებსაც მიეცეთ ციფრული წიგნიერების შესწავლის შესაძლებლობა. ჩვენ ასევე გვაქვს Diia city – პირველი ვირტუალური ბიზნეს ქვეყანა და Diia ბიზნესი, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ეროვნული პროექტი. ეს არის ხუთი მთავარი პროექტი, თითოეულს აქვს თავისი სამიზნე აუდიტორია და დიდი მიზანი. სწორედ ამიტომაა Diia ასეთი პოპულარული უკრაინაში.

ვალერია, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ Diia იყო სამინისტროს მიერ განხორციელებული და განხორციელებადი მიზნების საფუძველი?

დიახ, მართალი ხართ.

ძნელი სათქმელია, „ჩავთვალოთ, რომ ახლა ომი არ მიმდინარეობს“, მაგრამ ამ კუთხით, თქვენ პირადად როგორ აფასებთ თავად სამინისტროს მიზნებს? მიაღწიეთ თუ არა სასურველ მიზნებს ომამდე?

დიახ, მართალია.

რა განხორციელდა და რა საკითხები რჩება ლოდინის რეჟიმში?

როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან ჩქარი ტემპით ვვითარდებოდით. ვიტყოდი, რომ ყველა ის ნიშნული, რაც ჩვენს გუნდს დაუწესეს, ამ დროში იქნა მიღწეული. მაგალითად, Diia აპლიკაციასთან დაკავშირებული ყველა გეგმა განხორციელდა. ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ, მოგეხსენებათ, ბოლო ორი წლის განმავლობაში COVID 19-ის რეალობაში ვცხოვრობდით, ამიტომ უამრავი სერვისისთვის მოგვიწია ad hoc გადაწყვეტილებების მიღება. სხვათა შორის, COVID 19-ის უკრაინული სერტიფიკატები ევროკავშირის მიერ იქნა აღიარებული და განთავსდა აპლიკაციაში. მე ვიტყოდი, რომ ჩვენ მივაღწიეთ ყველაფერს, რაც დაგეგმილი გვქონდა.

ამავდროულად, თქვენ ხელმძღვანელობთ ევროკავშირის მიმართულებას სამინისტროში. სწორი ვარ?

დიახ.

გთხოვთ უფრო ზუსტად აღწეროთ, თუ რაზე ხართ პასუხისმგებელი და მოიცავს თუ არა თქვენი საქმიანობა სამართლებრივი ბაზისა და კანონმდებლობის, შიდა კანონქვემდებარე აქტების სინქრონიზაციასა და მთავრობასთან კოორდინაციას, რათა უკრაინა დაუახლოვდეს ევროკავშირს?

ჩვენი ნაწილი ციფრულ ბაზარს ეხება. უკრაინაში ყველა სამინისტროს ჰყავს მინისტრი მოადგილე ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებში. ასე რომ, ყველა მოადგილე თავის მხრივ პასუხისმგებელია.

არ არსებობს ევროკავშირში ინტეგრაციის ცენტრალიზებული სამინისტრო, მაგრამ ყველა სამინისტროში არის მინისტრის მოადგილე, რომელიც პასუხისმგებელია ევროკავშირში ინტეგრაციაზე.

თითქმის მართალი ხართ. ასე რომ, ყველა სამინისტროში არიან მოადგილეები თავიანთი გუნდებით. არ არსებობს კონკრეტული სამინისტრო, მაგრამ გვყავს ვიცე-პრემიერი ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებში. ის კოორდინაციას უწევს ყველა აქტივობას, გეგმას და პროექტს.

მოგვიყევით გუნდზე და ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროზე 24 თებერვლის შემდეგ. იმედი მაქვს, გუნდის წევრები და მათი ოჯახები თავს დაცულად გრძნობენ და ვიმედოვნებ, რომ ისინი კარგად იქნებიან, მათ შორის ის სამინისტროც, რომელიც უკრაინის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ ორგანოდ იქნა აღიარებული. როგორ შეიცვალა ყველაფერი?

დიახ. მადლობა შეკითხვისთვის. ჩვენ გვყავს ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი, რომელიც ასევე არის ვიცე-პრემიერი. მას აქვს ეს სტატუსი, რადგან ის ასევე კოორდინაციას უწევს ციფრულ ტრანსფორმაციას, რომელიც ხდება როგორც ეროვნულ დონეზე სხვადასხვა სამინისტროებსა და სახელმწიფო სამთავრობო უწყებებში, ასევე რეგიონულ დონეზე. ორი წლის წინ ჩვენ გვქონდა ახალი თანამდებობა მთავრობაში, რომელსაც ჰქვია CDTO – ციფრული ტრანსფორმაციის მთავარი ოფიცერი და ახლა ეს CDTO-ები სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობენ. მათ ევალებათ სხვადასხვა სფეროს გაციფრულება. განათლების სამინისტროში CDTO პასუხისმგებელია განათლების სფეროზე, და ა.შ. ჩვენი მინისტრი არის ვიცე-პრემიერი, რადგან ის კოორდინაციას უწევს ყველა სხვა საქმიანობას. ჩვენ ასევე გვყავს ძალიან ძლიერი მინისტრის მოადგილეების გუნდი. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ამ გუნდის ნაწილი. ჩემი კოლეგების, მოადგილეების უმეტესობა ბიზნეს სფეროდან მოვიდა. ისინი არასოდეს იყვნენ სამთავრობო უწყებების ნაწილი. ისინი არიან ბიზნესისა და სტარტაპების დამფუძნებლები. ვფიქრობ, ეს ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი წარმატებაა.

რა თქმა უნდა, უპირატესობაა.

დიახ. ყველა მინისტრის მოადგილე პასუხისმგებელია სხვადასხვა მიმართულებაზე, თუმცა მათ საერთო მიზანი აერთიანებთ. ეს ხდის მენეჯმენტს უფრო ეფექტურს და მკაცრს, რადგან თითოეულმა ჩვენგანმა იცის რაზეა პასუხისმგებელი. რაც შეეხება 24 თებერვალს … ვფიქრობ, ეს ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო. ჩემს ორი თვის შვილს ვუვლიდი როდესაც დილით ბომბის ხმა გავიგე, მართლა ვერ მივხვდი რა ხდებოდა. ვიცოდით ასეთი სცენარის არსებობის შესახებ, მაგრამ ვფიქრობ, ბოლომდე არავის სჯეროდა, რომ ეს შეიძლება მართლა მომხდარიყო. პირველი ზარები, რა თქმა უნდა, ოჯახთან განვახორციელე, შემდეგ კი გუნდთან. ყველა მინისტრის მოადგილე შეუერთდა ერთ გუნდს, რათა მოგვეწყო უსაფრთხო ადგილი ერთმანეთისთვის და ოჯახებისთვის. ასევე აქტიური კომუნიკაცია გვქონდა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა გადაგვეწყო ჩვენი სამუშაო და გვემუშავა დისტანციურად. ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემას რამდენიმე დღე დასჭირდა. საკმაოდ ირონიულია, მაგრამ დიგიტალიზაციის პროცესი ომის პერიოდშიც კი გრძელდება, მუდმივი ბომბებისა და სარაკეტო თავდასხმების პირობებში.

თქვენი მინისტრი, იგივე ვიცე-პრემიერი, რამდენადაც მე ვიცი, პირადად იყო კონტაქტში ელონ მასკთან და სხვა ტექ-გიგანტებთან, რომლებსაც პრეზიდენტი ზელენსკი თავადაც დაუკავშირდა. ჩვენ ვნახეთ რომ ბატონმა მასკმა Starlink აღჭურვილობა რამდენჯერმე გამოაგზავნა უკრაინაში. როგორ მუშაობს Starlink-ი? როგორც ჩანს, თქვენი ინტერნეტ კავშირი მუშაობს – ეს Starlink-ია თუ სხვა?

უპირველეს ყოვლისა, ვიტყოდი, რომ ძირითადად სწორედ ჩვენ მოვუწოდებთ დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს დააწესონ კორპორაციული სანქციები რუსეთზე. ჩვენ ამას ვაკეთებთ ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით, როგორიცაა სოციალური მედია, როგორიცაა Twitter და ა.შ. თანამედროვე ომი მოითხოვს თანამედროვე გადაწყვეტილებებს. ჩვენ ყველანაირად უნდა დავბლოკოთ რუსეთი. ჩვენთვის ახლა სამყარო დაყოფილია შავ-თეთრად და ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ეს ყველამ გაიგოს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თუ ბიზნესი ირჩევს რუსეთთან თანამშრომლობას, ის ირჩევს ბნელ მხარეს. ის ავტომატურად მხარს უჭერს უკრაინელი ბავშვების სიკვდილს და სრულ განადგურებას. ჩვენ ველით, რომ პასუხისმგებლიანი კომპანიები დაგვეხმარებიან. ძირითადად ასეც არის. დღეისათვის ჩვენ მივმართეთ 500-ზე მეტ ტექ კომპანიას და ეს მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება. ზოგიერთმა ბიზნესმა აჩვენა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და პოზიცია რუსეთში ყველა სახის ოპერაციების შეჩერებით და უზარმაზარი თანხების შემოწირულებით უკრაინისთვის. მაგრამ ზოგიერთი კომპანია მაინც ცდილობს ნაცრისფერ ზონაში დარჩეს. რუსეთში ბიზნესის შეწყვეტის შესახებ განაცხადებენ, შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ ისინი კვლავ ყიდიან თავიანთ პროდუქტს რუსეთში. არიან კომპანიები, რომლებიც გაჩუმებას არჩევენ. მაგრამ დღეს დუმილის დრო ნამდვილად არ არის.

მაგრამ ასეთი კომპანიები ნამდვილად უმცირესობაში არიან, არა?

დიახ, ისინი უმცირესობაში არიან.  ჩვენ კვლავ ვმუშაობთ და არ გავჩერდებით, სანამ რუსული ბაზარი არ დაცარიელდება საერთაშორისო ბიზნესისგან. პირად კავშირებს რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ხედავთ Twitter-ზე პრეზიდენტის და ჩვენი ვიცე-პრემიერის აქტიურობას. ისინი მსოფლიოს აცნობენ, თუ რას ვაკეთებთ და ვის ვუკავშირდებით. ჩვენ ყოველთვის მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერისთვის. თქვენ ახსენეთ Starlink და ელონ მასკი, ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ მათ მხარდაჭერას და მათ შემოწირულებას Starlinks-ის სახით, რომლებიც ახლა გამოიყენება. ეს მართლაც დიდი დახმარებაა უკრაინისთვის ახლა. რუსეთი ცდილობს გაანადგუროს ჩვენი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა, რათა დატოვოს უკრაინის ტერიტორია კომუნიკაციის, მობილური დაფარვის, რადიოსა და ტელევიზიის გარეშე. ინტერნეტთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია, ძირითადად იქ, სადაც სამხედრო ოპერაციები ყველაზე აქტიურია. ახლა ყველა სატელეკომუნიკაციო ოპერატორი და შესაბამისი სახელმწიფო ორგანო გაერთიანდა ერთი მიზნისთვის, რათა მობილური და ფიქსირებული კომუნიკაციები დარჩეს მაქსიმალური ხარისხის დონეზე. მინდა ვთქვა, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში ჩართული ჩვენი სპეციალისტები ნამდვილი გმირები არიან. ისინი მუშაობენ და ძალიან სწრაფად აღადგენენ ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან სარისკოა. StarLink-ის ათასობით ტერმინალი მუშაობს იქ, სადაც პრობლემებია. ეს ტერმინალები ასევე გვეხმარება კრიტიკულ ინფრასტრუქტურებში, როგორიცაა, მაგალითად, საავადმყოფოები და სხვა დაწესებულებები.

ვისაუბრეთ ტექ გიგანტებზე და საერთაშორისო და გლობალურ მოთამაშეებზე. ამავდროულად, შეგიძლიათ ცოტა მეტი მითხრათ ადგილობრივ უკრაინულ კომპანიებზე – როგორ არიან ისინი დღეს? რომელ მხარეს დგანან?

ჩვენ, უკრაინელები, ყოველთვის ერთად ვდგავართ. როდესაც ვსაუბრობთ ადგილობრივ კომპანიებზე, IT კომპანიებზე, მსხვილ კომპანიებზე ან მცირე და საშუალო ბიზნესზე, ან თუნდაც დამწყებებზე, ჩვენ ვმუშაობთ როგორც ერთი მექანიზმი. ყველა ეხმარება ისე, როგორც შეუძლია. ზოგს შეუძლია დახმარება გაუწიოს ჯარს შემოწირულებებში, ვიღაცამ ხელი შეუწყო უკრაინის ეკონომიკის აღდგენას მუშაობის შენარჩუნებით და გადასახადების გადახდით და ა.შ. მე ვიტყოდი, რომ ყველა უკრაინული კომპანია 100%-ით პრო-უკრაინულია.

სოციალური ქსელით ვხედავთ, როგორ მუშაობს მთავრობა ყოველდღიურად. როგორ შეცვალა ომმა თქვენი რუტინა? ვვარაუდობ რუტინა მუდმივად იცვლება, რადგან იცვლება მიზნები, მუდმივად იცვლება კონტაქტები, სია იზრდება, ზოგჯერ მცირდება და ა.შ. ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რა ბედნიერი ვარ უკრაინული სოლიდარობით, მათ შორის ბიზნესის სოლიდარობით. ჩემი ბოლო კითხვაა – რა არის დღეს MDT-ის მთავარი მიზანი?

იცით, MDT-ის მთავარი მიზანი იგივეა, რაც ყველა უკრაინელის მთავარი მიზანი – ომის მოგება. Რაც შეიძლება მალე.

თქვენ მოიგებთ ამ ომს.

დიახ, ჩვენ მოვიგებთ ამ ომს. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ამიტომ MDT-ის დღის წესრიგი ძირითადად არის ad hoc. სადაც გამოწვევას ვხედავთ, იქ ვართ. თუმცა, ჩვენ არ ვივიწყებთ სტრატეგიულ მიზნებს და კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას – მაგალითად, ვაგრძელებთ საგანმანათლებლო პროექტებს და იმ ინიციატივებს, რომლებიც ინტერნეტ დაფარვის გაზრდას უკავშირდება. ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც დავგეგმეთ, თანაც უფრო სწრაფად, ჩვენი პარტნიორების დახმარებით. დარწმუნებული ვარ, როცა ომი ჩვენი გამარჯვებით დასრულდება, ჩვენ მივაღწევთ თითოეულ სტრატეგიულ მიზანს.