Coach-ისა და Kate Spade-ის მშობელი ამერიკული კომპანია Tapestry, ცნობილი ძვირად ღირებული ბრენდების, Versace-ს, Michael Kors-ისა და Jimmy Choo-ს მფლობელ ფირმა Capri Holdings-ს ყიდულობს. გარიგება, რომელიც უკვე ორივე კომპანიის საბჭოს მიერ დამტკიცდა და, სავარაუდოდ, მომავალ წელს დასრულდება, $8.5 მილიარდადაა შეფასებული.
Tapestry-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მიზანი „ახალი, ძლიერი და გლობალური მდიდრული მოდის სახლის“ შექმნაა. გარდა ამისა, კომპანიაში იმედოვნებენ, რომ შესყიდვა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფუფუნების საგნებზე მოთხოვნის შენელებას შეამსუბუქებს, რომელიც ბოლო პერიოდში, ინფლაციის გავლენით, მომხმარებლის მხრიდან ხარჯების შემცირებითაა განპირობებული.
Tapestry-სა და Capri Holdings-ს შორის დაანონსებული შესყიდვა საკმაოდ მასშტაბურია, თუმცა სექტორის უმსხვილეს გარიგებას მაინც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. კერძოდ, 2020 წლის ოქტომბერში, LVMH-მა, რომლის თავმჯდომარეც მსოფლიოს რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანი ბერნარ არნოა (ქონება – $224.8 მილიარდი), სამკაულების კომპანია Tiffany & Co დაახლოებით $16 მილიარდად შეისყიდა.
ცნობისთვის, ფრანგული მოდის სახლი ექვს სექტორში 75 ბრენდს ფლობს, მათ შორის ისეთ მოდის სახლებს, როგორიცაა Christian Dior-ი, Givenchy, Marc Jacobs-ი, Fendi, საიუველირო კომპანია Bulgari და კოსმეტიკის ფირმა Sephora. LVMH-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $456.5 მილიარდია და Tapestry-ის სამომავლო გეგმებისთვის, რომელშიც ევროპის ბაზარზე დამკვიდრებაც შედის, ის მთავარი კონკურენტია.
რაც შეეხება თავად Tapestry-ის, ის 1941 წელს დაარსდა და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია მხოლოდ $8 მილიარდია. Capri-ის საბაზრო ღირებულება – $6.3 მილიარდს აღწევს. ორივე კომპანიამ 2022 ფისკალურ წელს, გლობალური გაყიდვებიდან ჯამურად $12 მილიარდი გამოიმუშავა, კოლექტიურმა საოპერაციო მოგებამ კი, თითქმის $2 მილიარდი შეადგინა.