Coca-Cola-ს და Pepsi-ს რუსულმა ანალოგებმა ორ თვეში მთლიანი ბაზრის 5% დაიკავეს

Coca-Cola-ს და Pepsi-ს რუსულმა ანალოგებმა ორ თვეში მთლიანი ბაზრის 5% დაიკავეს

მას მერე, რაც უკრაინაში ომის დაწყების საპასუხოდ, Coca-Cola-მ რუსეთში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, ხოლო PepsiCo-მ ქვეყანაში საკუთარი ბრენდების სასმელების შეტანაზე უარი თქვა, რუსეთში გაზიანი გამაგრილებელი სასმელების არაერთი ანალოგი გაჩნდა, რომლებმაც ორ თვეში მთლიანი ბაზრის 5%-ის დაკავება შეძლეს, – ამის შესახებ რუსული Forbes-ი წერს, რუსული ანალიტიკური კომპანიის, NielsenIQ-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

NilsenIQ-ის შეფასებით, რუსეთში გაზიანი გამაგრილებელი სასმელების გაყიდვებმა, საერთო ჯამში, წლიდან წლამდე, 5.5%-ით იკლო. ამ ინფორმაციას ადასტურებენ საცალო გაყიდვების მაღაზიათა ქსელებიც: Metro-ში, მაგალითად, ბოლო თვეებში, ამ ტიპის პროდუქტების გაყიდვებმა 20%-ით იკლო. ცხადია, რომ ამგვარი სტატისტიკა რუსული ბაზრიდან Coca-Cola-ს, Sprite-ის, Fanta-ს, Pepsi-Cola-ს და სხვა ცნობილი ბრენდების გასვლას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ ცალკეულ სავაჭრო პლატფორმებზე Coca-Cola-ს და Pepsi-ს გაყიდვები კოლოსალურადაა გაზრდილი, რაც, სავარაუდოდ, ამ სასმელების მოსალოდნელ დეფიციტს უკავშირდება. ელექტრონული კომერციის უდიდესი რუსული პლატფორმის, Wildberries-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან 20 ივლისის ჩათვლით, ამ ბრენდის სასმელების გაყიდვებმა 320%-ით იმატა. საინტერესოა, რომ ბუმზე მიუთითებს პლატფორმაზე არსებული გამყიდველების რიცხვიც, რომელიც მარტთან შედარებით სამჯერ, ხოლო გასული წლის ივლისთან შედარებით ექვსჯერ არის გაზრდილი.