კრიპტოვალუტის ბირჟა Coinbase-ის აქციების ფასი 2022 წლის აპრილის შემდეგ უმაღლეს ნიშნულამდე გაიზარდა, კომპანიის მილიარდერი აღმასრულებელი დირექტორი კი ახლა უფრო მეტად მდიდარია. Coinbase-ის აღმასვლა გარკვეულწილად მისი კონკურენტი Binance-ის გარშემო არსებულ სკანდალსა და აშშ-ის ბაზრიდან იძულებით გასვლას უკავშირდება.
ორშაბათის ვაჭრობაში Coinbase-ის აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა, მოცემული წლისთვის მატება კი 260%-ს გაუტოლდა. მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-ის მიერ აშშ-ში ოპერაციების შეჩერების დაანონსების შემდეგ, Coinbase-ის აქციების ფასი 18%-ითაა გაზრდილი. Binance-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჩანპენ ჟაომ ფულის გათეთრებასა და საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლაში თავი დამნაშავედ ცნო და კომპანია დატოვა. კრიპტობირჟას $4 მილიარდამდე ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.
CNBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, Coinbase-ის აღმასრულებელი დირექტორი ბრაიან არმსტრონგი Binance-ის გარშემო შექმნილ სიტუაციას შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ კრიპტოინდუსტრიისთვის „ისტორიის ეს თავი დაიხურება“. არმსტრონგმა გასულ კვირასაც განაცხადა, რომ Coinbase-ში „სწამთ კანონის უზენაესობის“. ორშაბათს კი ბიტკოინი კვლავ დაეცა, დაახლოებით 1%-ით $37,000-მდე, რაც 1.5 წლის მაქსიმუმს ქვემოთაა.
Forbes-ის შეფასებით, Coinbase-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბრაიან არმსტრონგის ქონება გასული ორშაბათის შემდეგ $1.2 მილიარდით გაიზარდა და $5.3 მილიარდს გაუტოლდა. ბოლოდროინდელი მოვლენების მიუხედავად, ჟაო კვლავ არმსტრონგზე მდიდარია – Binance-ში მისი 90%-იანი წილი დაახლოებით $15 მილიარდის ღირებულებისაა.