გარემოზე ზრუნვა სულ უფრო პრიორიტეტული საკითხი ხდება მომხმარებლისათვის, შესაბამისად, უამრავი კომპანია ცდილობს ეკომეგობრული პროდუქციის შექმნას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი პროდუქტი ისე არ ამყარებს ამ ახალ ეკომეგობრულ ტენდენციას, როგორც Crafting Plastics Studio-ს მიერ შექმნილი Collection 1-ი.
Collection 1-ი პირველად მილანში გამართული დიზაინის გამოფენის Salone del Mobile-ს ფარგლებში Spazio Rossana Orlandi-ს საგამოფენო სივრცეში იქნა წარმოდგენილი. Collection 1-ი გახლავთ მზის სათვალეების კოლექცია, რომელიც გამორჩეულია თავისი უნიკალურობით. კოლექციაში წარმოდგენილი თითოეული სათვალე ხელნაკეთია და წარმოადგენს Crafting Plastics Studio-ს მიერ ჩატარებული ინოვაციური კვლევის შედეგს, რაც ამ სათვალეს „მკაფიო ინდივიდუალურობით” გამოარჩევს. სათვალე ნამდვილად ინოვაციურია და მოხმარების ვადაც უნიკალური აქვს – სათვალის დიზაინი ისე არის შექმნილი, რომ მას შემდეგ, რაც მის ტარებას შეწყვეტთ, იგი ბიოდეგრადირებას იწყებს.
დიზაინერებმა ვლასტა კუბუსოვამ და ვერენა მიჩელმა უკვე საკუთარი ბიოპლასტმასის მასალაც კი შეიმუშავეს. ამ დიზაინის სტუდიას აქვს ამბიცია, რომ თავისი პროდუქცია პირდაპირ ნედლეულის გამოყენებით აწარმოოს: „ჩვენ ვისწრაფვით იმისაკენ, რომ გვქონდეს სრული კონტროლი ჩვენ მიერ დამზადებულ პროდუქციაზე, წარმოების დღიდან დაწყებული, მისი გარდაუვალი გახრწნა/გაქრობის დღემდე”.
გარდა იმისა, რომ ეს უცნაური დიზაინისა და ეკომეგობრული ბუნების მქონე ახალი მზის სათვალეების კოლექცია ძალზე თანამედროვეა, იგი ასევე იმის დანახვის საშუალებას გვაძლევს, თუ როგორი მასალისაგან შეიქმნება პროდუქცია მომავალში.