“დოიჩე ბანკის” წარმატებული მენეჯერი, 33 წლის დათო წიკლაური თიბისი ბანკის ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ვიცეპრეზიდენტია. საქართველოში ის ერთი მიზნით – კორპორატიულ ბაზარზე თიბისი ბანკის ლიდერობისთვის ჩამოვიდა.
ლონდონში არასდროს ვყოფილვარ. თუმცა მაქვს ბევრი სუვენირი ლონდონიდან, რომლებიც ძალიან მომწონს და საერთოდ მგონია, რომ როგორმე უნდა წავიდე ლონდონში. მოკლედ, ამ სუვენირებიდან ყველაზე საყვარელი მაინც ცნობილი წითელი ტელეფონის ჯიხურებია. ზოგში ინგლისური ჩაი ყრია, ზოგი გასაღების აცმაზე მიკიდია და ა.შ. ჰოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი როგორი სახალისო სიურპრიზი მელოდა წინ მარჯანიშვილზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში შესულს: აღებ ბანკის მძიმე ხის კარს და ეე, რა მაგარია, ხმამაღლა წამოგცდება – წითელი ტელეფონის ჯიხურებში უნდა შეხვიდე, რომ თიბისი ბანკის ოპერატორებთან, მოლარეებთან, მენეჯერებთან ანუ ბანკის თანამშრომლებთან აღმოჩნდე და საქმე გააკეთო. რაკი ბანკის ფოიეში განთავსებული წითელი სატელეფონო ჯიხურების ამბავი არ ვიცოდი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმასაც ვერ მივხვდი, თუ რატომ გადაწყვიტა ბანკის ადმინისტრაციამ ფოიეს გაფერადება. საქმე იმაშია, რომ ზაფხულის დასაწყისიდან, ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციების პირველად იშეთავაზება (IPO – Initial Public Offering) განხორციელდა. ამ ნაბიჯით კი თიბისი ბანკი შეუერთდა მსოფლიოს უმაღლესი სტანდარტების მქონე კომპანიებს, რომლებიც წარმოდგენილნი არია ნლონდონის საფონდო ბირჟაზე – ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბირჟაზე მსოფლიოში.
შაბათი დილაა. ბანკში ცოტა ხალხი ტრიალებს. სიმშვიდეა. კორპორატიული საბანკო მომსახურების განყოფილების ხელმძღვანელ დავით წიკლაურთან შეხვედრა 11 საათზე მაქვს დანიშნული. მეოთხე სართულზე, თიბისის ფერებში, ანუ ცისფერ ფერებში გადაწყვეტილ შეხვედრების ოთახში შევდივარ. ფეხდაფეხ მომყვება დათოც. ხელში Take Away ყავა უჭირავს. უნდა გამოვტყდე, რომ მიძნელდება კარგი ინტერვიუების წერა შეხვედრების კაბინეტის გარემოში. ძნელია იქ ისეთი საინტერესო დეტალების შეგროვება, რომელიც მერე მკითხველსაც დააინტერესებს. თუმცა გული მიგრძნობს, საქმე კარგად წავა. ერთი შეხედვით, დათო თავისუფალი, ღია ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამის თქმის მიზეზს ის მაძლევს, რომ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას ღიმილით იწყებს. დროდადრო, საუბრისას მაგიდაზე თითებს მხიარულად აკაკუნებს. ზუსტად ისე, როგორც საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ადამიანები. ისე, მას აშკარად აქვს მიზეზი იმისა, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი იყოს.
მიზანდასახული პირველი ნაბიჯები
დათო ჯერ მხოლოდ 33 წლისაა. უკანასკნელი შვიდი წლის მანძილზე, ის ლონდონში, “დოიჩე ბანკის” კაპიტალის ბაზრებისა და ფინანსური ოპერაციების ჯგუფის ვიცე პრეზიდენტად. თუმცა, მისი საბანკო გამოცდილება, ჯერ კიდევ 2003 წელს, სწორედ თიბისი ბანკში დაიწყო.
ბანკში კი, როგორც თვითონ მეუბნება, შემთხვევით აღმოჩნდა. საერთოდ, ყველგან შემთხვევით ვხვდებოდიო, იცინის. პროფესიით კავშირგაბმულობის ინჟინერმა პირველი სერიოზული სამსახური 2000-იანების დასაწყისში “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის” ლოჯისტიკის სამსახურში მიიღო: “ყოველთვის აქტიური ადამიანი ვიყავი. არ მიყვარდა ერთ ადგილას გაჩერება და ვცდილობდი, ახალი და ახალი შესაძლებლობები მეპოვა. რამდენჯერმე მივიღე მონაწილეობა სტუდენტების გაცვლით პროგრამაში და ამანაც განაპირობა ჩემი აქტიურობა”, – მეუბნება დათო.
რაც შეეხება თიბისი ბანკს, დასაქმების შეთავაზება ბანკის ადმინისტრაციისგან სწორედ მაშინ მიიღო, როცა “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში” მუშაობდა: “გამოვტყდები, ბანკში ანაზღაურება გაცილებით დაბალი იყო, თუმცა სხვა გარემოებების გამო ამ წინადადებამ ძალიან დამაინტერესა და ახალ სამსახურს დავთანხმდი”, – იხსენებს დათო, რომელმაც მუშაობა საფინანსო ინსტიტუტების ურთიერთობების განყოფილებაში დაიწყო. მას თავის თანამშრომლებთან ერთად თანხების მოზიდვა ევალებოდა.
ბანკში ორწლიანი მუშაობის შემდეგ, დათომ ლონდონში წასვლა გადაწყვიტა. მას კონკრეტული მიზანი ჰქონდა. მისი მიზანი არც მეტი და არც ნაკლები ლონდონის ბიზნეს სკოლაში სწავლა იყო. ის არც იმას შეუშინებია, რომ სწავლის დასაფინანსებლად სესხის აღება მოუწია: “მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე არ უნდა დაიხიო. მითუმეტეს მაშინ, როცა გჯერა, რომ ეს მიზანი წარმატებას მოგიტანს. ლონდონის ბიზნეს სკოლა ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია ამ სფეროში. ამიტომ ბევრი არც მიფიქრია. სწორება ამ უნივერსიტეტზე ავიღე”, – ამბობს დათო.
დათომ ლონდონის ბიზნეს სკოლაში MBA ხარისხი მიიღო. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე კი მუშაობა “დოიჩე ბანკში” დაიწყო. ალბათ არ არის ადვილი მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერ ბანკში მუშაობის დაწყება. როგორ მოახერხე? – ვეკითხებ დათოს, რაზეც ის დაუფიქრებლად და სიცილით მპასუხობს: “ალბათ lucky ვიყავი” და თან ამატებს: “რა თქმა უნდა, მხოლოდ იღბალს ვერ დავაბრალებ ამ ყველაფერს. იმანაც იმოქმედა, თავადდამსაქმებლები, საინვესტიციო ბანკები და ა.შ. დაინტერესებულნი არიან, რომ თანამშრომლები სწორედ მსგავსი უნივერსიტეტებიდან მოიზიდონ”, – მუებნება დათო და ყავას წრუპავს, თან ცალი თვალით საათზე იყურება.
დათო თითქმის შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა “დოიჩე ბანკის” საინვესტიციო ბანკში, sales and Trading-ის განყოფილებაში. ახლა უკვე ყოფილ სამსახურს გატაცებით იხსენებს და ამბობს, რომ იქ, თავის გუნდთან ერთად ბევრ და საინტერესო საქმეს აკეთებდა: “მათ შორის იყო ფასიანი ქაღალდების მიმოსვლა და სტრუქტურირება, ფასიანი ქაღალდების ემისია, შესყიდვა და ა.შ. საბოლოოდ კი დავფუძნდი ე.წ. ხშირად მსესხებელთა ჯგუფში, სადაც დასავლური ქვეყნების წარმომადგენლებს ვაძლევდით რჩევებს თუ როგორ უნდა მოეხდინათ თანხების მოზიდვა. ძირითადად ორიენტირებულნი ვიყავი ევროპულ ქვეყნებზე, თუმცა მოვიცავით იაპონიის გარკვეული ოლქებიც”, – ყვება დათო.
დათო ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა “დოიჩე ბანკში” სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება უწევდა. არ გიჭირდა ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება? ვეკითხები დათოს და ის ძალიან გულწრფელად მპასუხობს: “თავიდან მართლა ძალიან ბევრს ვნერვიულობდი. მაგრამ დროთა განმავლობაში მივეჩვიე. საინვესტიციო ბანკი საკმაოდ განსხვავებულია კომერციული ბანკისგან. ერთ დღეში შეიძლება დაკარგო ბევრი ფული, მაგრამ მეორე დღეს შესაძლოა სამჯერ მეტი მოგება ნახო. მახსოვს, პირველ ხანებში შენაძენს რომ ვაკეთებდით, ფრჩხილებს ვიჭამდი ხოლმე”, – ეცინება დათოს და განაგრძობს: “მე მქონდა მოტივაცია და ვიცოდი, რომ ერთი ადგილი არ უნდა მეტკეპნა. მუშაობა გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს დავიწყე. სწორედ კრიზისის დროს ჩნდება ბევრი შესაძლებლობა, რომლის გამოყენებაც საშენოდ შეგიძლია. მე მქონდა დიდი ავტონომია, ვეძებდი კარგ შესაძლებლობებს და ამ ყველაფერს წარმატებისთვის ვიყენებდი. როცა თავისუფლება გაქვს, საქმესაც ორჯერ-სამჯერ უკეთ გამოგდის. მე ვსარგებლობდი ნდობით და ამ ნდობას ვამართლებდი”, – არ თავმდაბლობს თიბისი ბანკის კორპორატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
დაბრუნება გუნდთან, რომელსაც ენდობა
თიბისი ბანკისგან საქართველოში დაბრუნების შეთავაზება დათომ თითქმის ერთი წლის წინ მიიღო. ამ წინადადებაზე მან შვიდი თვე იფიქრა და ბოლოს, 2014 წლის მაისში დაბრუნება გადაწყვიტა. ალბათ არ არის ადვილი საზღვარგარეთ წარმატებული კარიერის მიტოვება, ვეუბნები მას, რაზეც ის მპასუხობს: “კი, ადვილი არ არის და ვერ ვიტყვი, რომ ეს გადაწყვეტილება ერთი ხელის მოსმით მივიღე, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე, ეს იყო ნაცნობი გუნდი. გუნდი, რომელთანაც თავს კომფორტულად ვგრძნობდი, ვენდობოდი და რომელსაც ვიცოდი, რომ ძალიან დიდი და სერიოზული გეგმები ჰქონდა და აქვს. მომდევნო წლებში, თიბისი ბანკი საქართველოს ბაზარზე აუცილებლად უნდა იყოს ლიდერი. მე დავბრუნდი ამბიციური გეგმების გამო”, – ამბობს დათო, რომელიც დღეს სწორედ ამ გეგმების ერთ-ერთი განმახორციელებელია.
თიბისის და დათოს გეგმები
თიბისი ბანკს უკვე 22 წელია თითქმის ერთი გუნდი მართავს. 22 წლის თავზე, ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლის შემდეგ, როდესაც ბანკის მასშტაბები გაცილებით გაიზარდა, გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მენეჯმენტში ახალი სისხლია საჭირო. დათო წიკლაურიც სწორედ ეს “ახალი სისხლია”. “აქ სწორედ იმიტომ ჩამოვედი, რომ რაღაც ახალი შევქმნა”, – მეუბნება დათო და აგრძელებს: “თიბისის უკვე 22 წელია ერთი მენეჯმენტი მართავს. ძლიერი გუნდით, ძლიერი სახელით, ძლიერი ბრენდით. მაგრამ მგონია, რომ მენეჯმენტის განახლებით თიბისიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ეს ცხოვრების ციკლია. შეიძლება ველოსოპედი არ გამოვიგონოთ, მაგრამ ისე შევფუთოთ ჩვენი შეთავაზებები კორპორაციებისთვის, რაც მანამდე არ გაკეთებულა. მაგალითებზე ალბათ ახლა არ ღირს ლაპარაკი, რადგან ეს ჩვენი გეგმებია, რომელთა შესახებაც, როცა დრო მოვა, საზოგადოება აუცილებლად გაიგებს. ამ ყველაფერზე სწორედ ახლა ვფიქრობთ. როცა ქართულ კორპორატიულ სექტორს კარგად შევისწავლით, როცა მეც მოვერგები აქაურობას, ამის შემდეგ უკვე დავფიქრდებით თუ კონკრეტულად რისი შეთავაზება შეგვიძლია კლიენტებისთვის”, – ამბობს დათო.
გატაცებით საუბრობს დათო თავის გუნდზე. ამბობს, რომ კორპორატიულ დეპარტამენტში, ისევე როგორც თიბისი ბანკის სხვა განყოფილებებში ძალიან ძლიერი და კარგი გუნდი მუშაობს. თუმცა იმასაც ამბობს, რომ კიდევ უფრო უკეთესის მოლოდინი აქვს: “როგორც საკუთარი თავისგან მოვითხოვ ბევრს, ისე მოვითხოვ სხვებისგანაც. გვინდა, რომ კორპორატიულ ნაწილში ჩვენი გუნდი საქართველოს ბაზარზე იყოს ყველაზე წარმატებული. ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა ხდება ჩვენს სექტორში. გვინდა, რომ კორპორაციულ ბანკირს ჰქონდეს მაქსიმალური ცოდნა, იცოდეს რა სტკივა ამ სექტორს, რა აწუხებს კონკრეტულ კორპორაციას და თუკი ეს ყველაფერი გვეცოდინება, დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ კორპორაციებისთვის სწორედ იმ გადაწყვეტილებების შეთავაზებას, რომელიც მოუვლის არა მარტო ამ ტკივილს, არამედ მათ ისეთ წინადადებებს შევთავაზებთ, რაზეც შესაძლოა ამ კორპორაციებს საერთოდ არ უფიქრიათ”, – მეუბნება დათო.
ფრთხილია თანამშრომლების და გუნდის წევრების შერჩევისას ახალგაზრდა მენეჯერი. როგორც ის მეუბნება, პირველ რიგში, თანამშრომლის შერჩევისას, ყურადღებას განათლებას და მოტივაციას აქცევს: “მათ უნდა იცოდნენ რა არის თიბისი ბანკი, თუ კორპორატიულ სექტორში უნდათ მუშაობა, ამ მიმართულებით თუნდაც პატარა კვლევა უნდა ჰქონდეთ ჩატარებული, სამწუხაროდ, ასეთი კანდიდატები არც თუ ისე ბევრნი არიან. მე არ მჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებსაც მე უნდა ვუკარნახო რა გააკეთონ. პირიქით, მე მჭირდება ისეთი ადამიანი, რომელმაც თვითონ იცის რა აკეთოს. მინდა, რომ მათ დიდი ავტონომია ჰქონდეთ. თუკი ვინმეს რაიმე პრობლემა შეექმნება, თავისუფლად შეუძლია მოვიდეს და ამ საქმეს აუცილებლად მოვაგვარებთ ერთად. მე ჩემ თანამშრომლებთან ერთად, ერთ დიდ სივრცეში ვზივარ. იმ 50-მდე ადამიანს შორის, რომლებიც ერთად ვმუშაობთ მორიდება და უფროს-უმცროსობა არ არსებობს”, – მეუბნება დათო და ისევ საათზე იყურება.
– გეჩქარება? – ვეკითხები.
– არა, ჯერ არა. ნახევარი საათი კიდევ მაქვს დრო. 12 საათზე, ქვევით, მენეჯმენტის შეხვედრაა. თათბირი 5 საათამდე გასტანს.
განსახილველ საკითხთა შორის იქნება სავარაუდოდ, საქართველოს საინვესტიციო გარემო. რამდენად ხელსაყრელი გარემოა დღეს საქართველოში ინვესტორებისათვის? საინტერესოა დათო წიკლაურის აზრი. მას ასეთი პასუხი აქვს: “ინვესტორების მხრიდან ინტერესი ნამდვილად არის. ის მოვლენები, რაც ჩვენს ჩრდილოეთით ხდება, შესაძლოა გარკვეულწილად უარყოფითად მოქმედებდეს საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, თუმცა არის მეორე მომენტიც. რუსეთსა და უკრაინაში დაძაბული სიტუაციის გამო, შესაძლოა ინვესტორები პირიქით, საქართველოსკენ გადმოვიდნენ, რადგან პოსტსაბჭოთა სივრცეში საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომსაქართველო ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებზეა, რა თქმა უნდა, ბალტიისპირეთის ქვეყნებს თუ არ ჩავთვლით. საქართველოში დღესდღეობით საკმაოდ დაცულია საკუთრების უფლება. თუკი ეს საფუძველი კიდევ უფრო გავამყარეთ, ინტერესი მეტად გაიზრდება. გარდა ამისა, საქართველოში კორუფციის დონე დაბალია, აქ ბიზნესის კეთებაშეიძლება ითქვას, რომ მარტივია”, – ასე მიაჩნია დათო წიკლაურს.
“ცოტა ჩახლართული” წარმატება
თიბისი ბანკის მენეჯერების შეხვედრამდე რამდენიმე წუთიღა რჩება. დათო სულ უფრო და უფრო ხშირად იყურება საათზე. მისი ეს ჟესტი დათოს ერთ დადებით თვისებაზე უნდა მეტყველებდეს. როგორც ჩანს, ის ძალიან მოწესრიგებული და პუნქტუალური ადამიანია.
რას თვლის შენს დადებით თვისებებად-მეთქი? – ვეკითხები მას და იქვე ვამატებ: ოღონდ იმ ტრაფარეტულ პასუხს არ მივიღებ, ამაზე სხვებმა ილაპარაკონ-მეთქი. ეს იყო კითხვა, რომელზეც დათომ ბევრი იფიქრა. იფიქრა, იფიქრა და ბოლოს თქვა: “ყოველთვის მიხარია სხვისი წარმატება და სხვისი კარგი. არ ვარ შურიანი ადამიანი. როცა მესმის, რომ ვიღაც რაღაცას კარგად აკეთებს და წარმატებას აღწევს, ეს სიამოვნებას მანიჭებს”.
რაც შეეხება სუსტ მხარეებს, ამბობს რომ უარყოფითი თვისებები არ აქვს: “იდეალური ტიპი ვარ”, – ოღონდ, რა თქმა უნდა, ხუმრობს: “ადვილად ფეთქებადი ვარ. და ამის გამოსწორებაზე ვმუშაობ. შეიძლება რაღაცამ უცებ გამომიყვანოს წყობიდან”.
დათოს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ამ დრომდე ლონდონში ცხოვრობს. თუმცა, როგორც დათო მეუბნება, ისინიც უახლოეს მომავალში დაბრუნდებიან თბილისში. სწორედ ამიტომ, მის არანორმირებულ გრაფიკს ახლა არავინ აპროტესტებს. სამუშაო საათები არ აქვს. მუშაობას დილაადრიან იწყებს და გვიან ღამემდე აგრძელებს: “ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მრჩება და ვცდილობ ეს დრო სახლში გავატარო. უბრალოდ დავისვენო და მეტი არაფერი. თუმცა, მაქვს ერთი გატაცება, განტვირთვის საუკეთესო საშუალება, თხილამურებზე სრიალი. სეზონს ველოდები. მერე უფრო შინაარსიანად გავატარებ ხოლმე თავისუფალ დროს”, – ხელებს იფშვნეტს ბანკირი.
ნელ-ნელა საუბარს ვასრულებთ. ბლოკნოტს ვხურავ, დათო, სავარაუდოდ, კაი ხნის წინ გაციებულ ყავას სვავს. ბოლოსკენ შემონახულ კითხვებს ვუსვამ:
– შანსი რომ მოგეცეს? ისევ წახვალ საზღვარეთ სამუშაოდ?
– არ ვიცი, შეიძლება 10 წლის შემდეგ სხვაგან გავაგრძელო კარიერა. მაგრამ ახლა აქ ვარ და ამაზე ადრეა ლაპარაკი. ჩემი გეგმები ახლა თიბისი ბანკს უკავშირდება. მიზანი მაქვს, რომ იმას, რასაც ხელი მოვკიდე, ბოლომდე მივყვე და შედეგი ვაჩვენო.
– ფიქრობ, რომ წარმატებული ადამიანი ხარ?
– მე ასე ვიტყოდი: წარუმატებელი არ ვარ, მაგრამ მეტის გაკეთებაც შემიძლია. მიზნად მაქვს დასახული, რომ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო. რაკი უფრო მეტი წარმატების მიღწევა შემიძლია, ე.ი. ბოლომდე წარმატებული ჯერ არ ვარ. ცოტა ჩახლართულად გამომივიდა, მაგრამ ასეა.
12 საათს ორი წუთი უკლია. დათო თიბისი ბანკის ფართე და დიდ სარკეებიან კიბეებზე ჩარბის. ქვევით კოლეგები და საქმე ელოდება.