დიდგორის ბრძოლა ჭადრაკის დაფაზე „ზარაფხანასგან“

დიდგორის ბრძოლა ჭადრაკის დაფაზე „ზარაფხანასგან“

„ზარაფხანამ“, რომლის მისია უნიკალური კოლექციების შექმნაა, საიუველირო საქმიანობით არაერთი ისტორიული ეპოქა გააცოცხლა. მათ შორის – დიდგორის ბრძოლაც, რომელიც ჭადრაკის დაფაზე წარმოგვიდგინა. „ზარაფხანა” თანამედროვეობასაც არ ჩამორჩება და 11 000-ზე მეტი სახეობის ტრენდულ ნაკეთობას ქმნის. 120-კაციან გუნდს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ ნაყოფია ხელმძღვანელობს, რომელიც მოგვიყვება, თუ როგორია გზა იდეიდან პროდუქციამდე.

ბატონო ნიკოლოზ, „ზარაფხანისთვის“ საიუველირო მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება პრიორიტეტულია. ამ კუთხით თქვენ უკვე არაერთი კოლექცია შექმენით. რა თემატიკის საიუველირო ნაწარმზე მუშაობთ ამჟამად?

მოგეხსენებათ, „ზარაფხანას“ ორი ხაზი აქვს: ერთია ტრენდული სამკაულები, არასაკოლექციო პროდუქცია, რომელიც სხვადასხვა სინჯისა და დიზაინის ნაკეთობებს მოიცავს. მეორე ხაზი კი ქართული ისტორიული თემატიკის მიხედვით დამზადებული კოლექციებია. შექმნილი გვაქვს თამარ მეფის, ეკატერინე ჭავჭავაძის, მცხეთისა და კოლხური ლეგენდის კოლექციები. ამ მიმართულებით კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას. გარდა ამისა, ამჟამად უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო გადავწყვიტეთ, ამ თემატიკაზეც დაგვემზადებინა ბროშები, გულსაკიდები, პინები და სხვა. აღნიშნული ნაკეთობების გაყიდვებით მიღებული მოგების ნახევარს უკრაინის მხარდაჭერის ფონდში ვრიცხავთ.

თქვენს უნიკალურ კოლექციებზეც რომ ვისაუბროთ, „ზარაფხანაში“ დიდგორის ბრძოლიდან 900 წლისთავის აღსანიშნავად 2021 წელს შექმენით ჭადრაკის სეტი: „დიდგორის ბრძოლა“. მოგვიყევით ამის შესახებ, როგორ მოხდა იდეის დახვეწა და განხორციელება?

იდეა ჯერ კიდევ 2019 წელს გაჩნდა, ვიცოდით, რომ 2021 წელს დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავი იქნებოდა და გვინდოდა, ეს თარიღი ჩვენც აღგვენიშნა. ამავდროულად იყო საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავიც. ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი სიტყვა უნდა გვეთქვა იმის შესახებ, თუ რომელი გზის მომხრე ვართ და რას ვაფასებთ. შესაბამისად, უფრო სიმბოლური იყო ამ ნივთზე მუშაობა. მართლაც უძვირფასესი ნამუშევარი გამოვიდა. დიდგორის ბრძოლა მხოლოდ ჩვენი ისტორიისთვის არ არის გამორჩეული, ის მსოფლიო მნიშვნელობის ბრძოლების ნუსხაშია შეყვანილი.

და რატომ ჭადრაკი?

ჭადრაკის თემატიკა ადრეც გვქონდა, სასუვენიროდ კლიენტებს ჭადრაკი განსაკუთრებით მოსწონთ. ადრე სამეფო ჭადრაკიც შევქმნით, უფრო მეტად არტის სტილში. ამ შემთხვევაში კი გვინდოდა, უფრო რეალისტური პროდუქტი შეგვექმნა, სადაც მხედარს, პაიკს და მეფეს სახე გამოუჩნდებოდა. შესაბამისად, შევქმენით 12 უნიკალური ფიგურა. თუმცა მხოლოდ ქართული მხარე არა, სელჩუკების მხარეც შევისწავლეთ და დავხატეთ. ფიგურების ჩაცმულობა, ხასიათი ისტორიის შესაბამისია. თუმცა დავით აღმაშენებლის შემთხვევაში მივიღეთ არასტანდარტული გადაწყვეტილება, ის აბჯარასხმულია. დავით აღმაშენებლის ასეთი პორტრეტიზაცია სხვაგან არც იძებნება. ქართველი მეფის და ლაზიერის შემთხვევაში გამოყენებულია ძვირფასი ქვები: ლალი და ზურმუხტი. სელჩუკების მხარეს კი ფირუზი და საფირონი – ანუ იმ დროისთვის, იმ რეგიონებისთვის დამახასიათებელი ქვები.

ვინ იმუშავა ამ პროდუქტის შექმნაზე? ისტორიკოსებიც ჩართეთ პროცესში?

მე თავად ვხელმძღვანელობდი ამ პროცესს. ასევე თავად ვარ იდეის ავტორი. ისტორიკოსები ჩართულები არ ყოფილან, თუმცა მათთან რამდენიმე ზარი მაინც განვახორციელეთ. ისტორიული მოკვლევისა და შემოქმედებით ნაწილზეც გუნდმა ერთად ვიმუშავეთ.

ვინ არიან ამ ჭადრაკის სეტის მომხმარებლები?  

აღსანიშნია, რომ ყველა უკვე გაყიდულია. ბევრს ვერც ვაწარმოებთ, ვინაიდან დიდი შრომა და ენერგია სჭირდება. ეს ხელნაკეთი ნივთია და თვეში ერთ ასეთ ჭადრაკზე მეტის წარმოება არ შეგვიძლია. გვყავს ჩვენი ერთგული მომხმარებლები, რომლებსაც აქვთ დიდი სურვილი, რომ პირველ რიგში შეიძინონ ჩვენი პროდუქცია. ყველა მყიდველი ჯერჯერობით ადგილობრივია. მას ძირითადად სახლისთვის სუვენირად ყიდულობენ, ან საჩუქრად მათთვის განსაკუთრებული ადამიანებისთვის. ზოგადად, ეს ჭადრაკი არის სუვენირი, თუმცა შეგიძლია, თამაშისთვისაც გამოიყენო. მას ბროშურაც მოჰყვება, სადაც ყველა ფიგურის ისტორიაა აღწერილი.

თქვენ თავად სხვა პროდუქტების შექმნაშიც უშუალოდ ხართ ჩართული?

დიახ. ჩართული ვარ.

რა ლითონია გამოყენებული?

მეტწილად გამოყენებულია თითბერი, რომელიც 24-კარატიან ოქროშია ამოვლებული. ასევე, როგორც აღვნიშნე, გამოყენებულია ძვირფასი ქვები და გაფორმებულია მინანქრით. ოქროს ნამცეცების ხსნარითაა მოპირკეთებული ჭადრაკის დაფა, რაც ჩვენ მიერ შექმნილი ტექნოლოგიაა.

ძვირფასი ლითონები ვახსენეთ და ოქროს ფასზეც მინდა გკითხოთ, რომელიც პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორ აისახება ეს თქვენს ბიზნესზე?

როდესაც ნედლეულის ფასი იზრდება, პროდუქციის ფასიც პროპორციულად უნდა გაიზარდოს. თუმცა ჩვენ ფასების ოპტიმიზაცია პანდემიის დაწყებისთანავე მოვახერხეთ და მას შემდეგ ფასები აღარ შეგვიცვლია მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ოქროს ფასი იზრდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურად ვინარჩუნებთ ფასს და კომპანიის მოგებიანობა ცალსახად იკლებს. თუმცა ამას შეგნებულად ვაკეთებთ, ვუფრთხილდებით მომხმარებლებს და ვცდილობთ, ჩვენი პროდუქცია მათთვის ხელმისაწვდომი იყოს.

პანდემიამ კიდევ ერთი ტენდენცია დაგვიტოვა, თუმცა ამ შემთხვევაში უფრო მეტად დადებითი ტენდენცია – ვგულისხმობ ელკომერციის ზრდას. გამომდინარე იქიდან, რომ ელკომერციის ბაზრის წილი საქართველოში მზარდია, როგორ გამოიხატება ეს „ზარაფხანის“ გაყიდვებში?

კარგი შედეგები გვაქვს და ეს ტენდენცია ძალიან მომწონს. ნაკლებად ძვირად ღირებული პროდუქცია უფრო მეტად ონლაინ მაღაზიის მეშვეობით იყიდება, ხოლო შედარებით ძვირად ღირებული – უშუალოდ ადგილზე. ეს არის სავსებით ბუნებრივი, მთელ მსოფლიოში ასეთი პრაქტიკაა. მიხარია, რომ უმეტესწილად ახალგაზრდა მომხმარებელი უკვეთს ონლაინ – როგორც ადგილობრივები, ასევე უცხოელებიც.

ვინ არის „ზარაფხანის“ მომხმარებელი?

„ზარაფხანის“ მომხმარებელი არის ადამიანი, რომელიც ქართულ კულტურას აფასებს, მოსწონს დახვეწილი და ავთენტური დიზაინი და ამავდროულად აქვს შესაძლებლობა, რომ ოქროს ნაკეთობა შეიძინოს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენს მომხმარებლებს, ხშირად ახალი პროდუქციის შექმნის იდეა სწორედ მათგან მოდის. მათთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ, ჩვენ ვეკითხებით აზრს – ისინი გვიზიარებენ გამოცდილებას. გვყავს ლოიალური მომხმარებლები.

ინდივიდუალური შეკვეთები ჭარბობს, თუ კორპორაციული? რომელ სეგმენტზე დგას კომპანია?

ძირითადად საცალო გაყიდვებზე ანუ მაღაზიების გაყიდვებზე. გაყიდვებში უმეტესი წილი საქართველოში მაღაზიათა ქსელში გაყიდულ პროდუქციას უკავია.

„ზარაფხანა“ საზღვარგარეთაც აპირებდა შოურუმების გახსნას, თუმცა პანდემიის გამო, როგორც ვიცით, გახსნის ვადამ გადაიწია. რა ეტაპზეა აღნიშნული საკითხი ამჟამად?

პანდემიამ გვაჩვენა, რომ მსოფლიო ბაზრები და ინტერესები მუდმივად იცვლება.  2020 წელს ვთქვით, რომ შოურუმების გახსნა ლონდონსა და უკრაინაში გვინდოდა. უკრაინაში შექმნილი ვითარების ფონზე, ბუნებრივია, ეს გეგმა ვერ განხორციელდა. რაც შეეხება ლონდონს, გადავწყვიტეთ, ის დუბაით ჩავანაცვლოთ. წელს ვნახავთ, როგორი იქნება ჩვენი კომპანიის პოსტპანდემიური რეაბილიტაცია. იმ შემთხვევაში თუ საინვესტიციო თანხა მოვაგროვეთ, პირველ შოურუმს საზღვარგარეთ, დუბაიში გავხსნით. ეს მომდევნო 1-2 წლის პერსპექტივაა.

რამდენად დიდი იყო პანდემიის დარტყმა?

ძალიან დიდი. 2020 წელს განახევრებული გვქონდა რეალიზაცია. 2021-ში საკმაოდ კარგად აღვიდგინეთ ძალები, ამაზე უფრო მეტად გავლენა წლის ბოლო პერიოდმა, წინასაახალწლო ვაჭრობამ იქონია. ვერ დავუბრუნდით პრეპანდემიურ მაჩვენებლებს, მაგრამ გასული წელი მოსალოდნელზე უფრო კარგი შედეგებით დავხურეთ.

რაც შეეხება 2022 წელს?

სამწუხაროდ, ისეთი კარგი არაა, როგორსაც ველოდით. ამაზე უკრაინაში მიმდინარე ომის ფაქტორმა იქონია გავლენა, ასევე ქვეყანაში მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა შემცირებულია. ჩვენი რეალიზაციის ძირითადი ბაზარიც ხომ საქართველოა.

საქართველოში ამჟამად ოთხი მაღაზია გაქვთ. აპირებთ თუ არა ქსელის გაფართოებას?

დიახ, სამი მაღაზია გვაქვს თბილისში და ერთი ბათუმში. ქსელის გაფართოებას არ ვაპირებთ. სამაგიეროდ, ვაპირებთ ლოკაციების შეცვლას და მაღაზიების კონცეფციის ცვლილებასაც, რომელიც მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული იქნება. მაღაზიებში სხვადასხვა ზონა, სპეციალური VIP-ოთახები და ექსკლუზიური მომსახურებაც იქნება. ეს 2-3 წლის პერსპექტივაა, თუ ზრდას გავაგრძელებთ ისე, როგორც დაგეგმილი გვაქვს.

ასევე დღის წესრიგში რჩება ჩვენი გეგმა ახალი ქარხნის აშენებასთან დაკავშირებით. გასულ წელს ინვესტორებიც მოძიებული გვყავდა. თუმცა საბოლოოდ პარტნიორობა არ შედგა. გვაქვს დიდი ტერიტორია, სადაც შეიძლება ახალი სტანდარტის ქარხნის აშენება, ვიმედოვნებ, რომ ამ გეგმას განვახორციელებთ.

ინტერვიუს დასაწყისში ახსენეთ, რომ ახალ თემატიკაზე ქმნით კოლექციას…

დიახ, ვმუშაობთ ქართული თემატიკის ახალ კოლექციაზე, თუმცა ჯერჯერობით დეტალებს ვერ ვიტყვით. მისი წარდგენა წლის ბოლოს იგეგმება.

რომელ ეპოქაზე შეაჩერეთ ამჯერად არჩევანი?

ჯერ ვერ დავასახელებ ეპოქას, თუმცა შემიძლია ექსკლუზიურად გითხრათ, რომ ეს ერთი  ადამიანით ინსპირირებული კოლექცია არ იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *