მიმდინარე კვირას, კერძოდ კი 25-26 თებერვალს, ევროკავშირის ლიდერთა სამიტი გაიმართება. როგორც მოსალოდნელია, ევროპელი ლიდერები რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას განიხილავენ. ისინი ასევე იმსჯელებენ კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების გზებზე და ყურადღებას ვაქცინების წარმოების, დისტრიბუციისა და ზოგადად ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებაზე გაამახვილებენ. მოგეხსენებათ, ევროპაში ვაქცინაციის პროცესი საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს, რაც კიდევ უფრო ახანგრძლივებს პანდემიის პერიოდს. ეს ყველაფერი კი ეკონომიკაზე მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირას შვეიცარიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში 2020 წლის მეოთხე კვარტალის მშპ-ის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებენ. იტალიაში ბიზნესკმაყოფილების განახლებული ინდექსი გამოქვეყნდება, მთლიანად ევროზონაში კი იანვრის თვის CPI ინდექსი.
მშპ-ის მეოთხე კვარტალის მაჩვენებლის გამოქვეყნებას ელოდებიან აშშ-შიც. აზიის ქვეყნებიდან კი სინგაპურსა და ჰონკონგში გამოქვეყნდება მშპ-ის მეოთხე კვარტალის მონაცემი. ინდოეთში ჯერ მხოლოდ მესამე კვარტალის მშპ-ს გაასაჯაროებენ.
ამ კვირაში ასევე ცნობილი გახდება, თუ როგორი იყო დეკემბერში უმუშევრობის დონის ცვლილება დიდ ბრიტანეთსა და ბრაზილიაში.
ახალ ზელანდიასა და ჰონკონგში იანვრის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებენ, იაპონიაში – რიტეილ-გაყიდვების იანვრის თვის მონაცემებს, ხოლო რუსეთში ცენტრალური ბანკის რეზერვების მოცულობა გახდება ცნობილი აშშ დოლარში.
დაბოლოს, მიმდინარე კვირას ისეთი კომპანიები გამოაქვეყნებენ თავიანთი შემოსავლების შესახებ მაჩვენებლებს, როგორიცაა ბრიტანელი მილიარდერის რიჩარდ ბრენსონის კოსმოსური კომპანია Virgin Galactic-ი, კოვიდ-ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელი Moderna და ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Nvidia.