ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ამერიკაში რამდენიმე მსხვილი კომპანია დარჩა, რომელთაც 2020 წლის ბოლო კვარტალის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ. მათ შორისაა Target-ი, Kohl’s-ი, Nordstrom-ი და Costco. მიმდინარე კვირას დაინტერესებულ პირებს სწორედ ამ კომპანიების ბოლო კვარტალის შემოსავლების შესახებ შეეძლებათ მონაცემების გაცნობა.

მიმდინარე კვირას ასევე ამერიკაში $1.9-ტრილიონიანი ეკონომიკური დახმარების პაკეტი სენატში გადაინაცვლებს. პარალელურად, ცნობილი გახდება, თუ რამდენად აღიდგინა ძალები აშშ-ში შრომის ბაზარმა. ეკონომისტების პროგნოზის თანახმად, ამერიკის ეკონომიკამ თებერვალში 165 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა შეძლო, მაშინ როდესაც იანვარში ზრდა 49 000 იყო.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას OPEC+-ის ქვეყნები შეიკრიბებიან და ნავთობის წარმოების აპრილიდან შემცირება-არშემცირების საკითხს განიხილავენ. შეგახსენებთ, OPEC-ის წევრმა და მათმა მოკავშირე ქვეყნებმა პანდემიის პერიოდში ნავთობის წარმოების მოცულობა დღიურად 9.7 მილიონი ბარელით შეამცირეს. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ნავთობმწარმოებლები ამჯერად, ხუთშაბათს გახდება ცნობილი.

ასევე, მიმდინარე კვირას დიდ ბრიტანეთში ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი ეკონომიკური დახმარების პაკეტის ფარგლებში მორიგ საბიუჯეტო დანახარჯების შესახებ განაცხადებს, საინტერესო იქნება ასევე ბიუჯეტის პროექტი, რაც ამ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ევროზონაში კი მიმდინარე კვირას ინფლაციის, რიტეილ-გაყიდვების, PMI-ის, უმუშევრობის დონის განახლებულ მონაცემებს გამოაქვეყნებენ, რაც დაგვანახვებს იმას, თუ რა მდგომარეობაშია ევროპის ეკონომიკა და რა ტენდენცია შეინიშნება ბოლო პერიოდში.

რაც შეეხება აზიის რეგიონს, მიმდინარე კვირას ინდოეთში ექსპორტ-იმპორტის თებერვლის მონაცემებს გამოაქვეყნებენ, იაპონიაში უმუშევრობის იანვრის მაჩვენებლებს. ხოლო სამხრეთ კორეაში გასული წლის მეოთხე კვარტალის მშპ-ის მონაცემებს. მეოთხე კვარტალის მშპ-ის გამოქვეყნებას ელოდებიან კანადასა და ავსტრალიაშიც. კანადაში იანვრის სავაჭრო ბალანსიც გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *