ეკონომიკური თავისუფლების პრობლემები საქართველოში

ეკონომიკური თავისუფლების პრობლემები საქართველოში

ეკონომიკური თავისუფლება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. ეკონომიკურ თავისუფლებაში რეალურად იგულისხმება, თუ რამდენად ერევა მთავრობა ბიზნესის საქმიანობაში, ქვეყნის ეკონომიკის რა წილი მოდის სახელმწიფოს ფუნქციების შესრულებაზე და რამდენად კარგი სამართლებრივი გარემოა კერძო საკუთრების დაცვისთვის. ცალკეული რადიკალური შემთხვევების გამოკლებით, დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკური ძალები ძირითადად თანხმდებიან იმაზე, რომ ეკონომიკური თავისუფლება ქვეყნისთვის კარგია. აღნიშნული ქვეყნები ეკონომიკური თავისუფლების მაღალ დონეს თავისუფლების შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმში მაღალი მაჩვენებლით აღწევენ. მაგალითად, ეკონომიკური თავისუფლების დონით დანია მსოფლიოში მე-12 ადგილზეა. ამ დროს დანიაში საკმაოდ მაღალი გადასახადებია. საგადასახადო ტვირთი ეკონომიკის მიმართ 50%-ია. ეს ნიშნავს, რომ დანიელები თავიანთი შემოსავლის 50%-ს გადასახადებში იხდიან. თუმცა ეკონომიკური თავისუფლების ისეთ კრიტერიუმებში, როგორიცაა კერძო საკუთრების დაცვა (პირველ ადგილზე მსოფლიოში), კორუფციის დაბალი დონე (პირველ ადგილზე მსოფლიოში), ინვესტირების თავისუფლება (მე-2 ადგილზე მსოფლიოში) და ბიზნესის რეგულაციებისგან თავისუფლება (მე-2 ადგილზე მსოფლიოში), დანია მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზეა. ეკონომიკური თავისუფლების ყველაზე მაღალი დონე ჰონკონგსა და სინგაპურშია, ყველაზე დაბალი კი – ჩრდილოეთ კორეაში (178-ე ადგილი), კუბასა (177-ე ადგილი) და ვენესუელაში (176-ე ადგილი).

ეკონომიკურ თავისუფლებას ორი ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაცია იკვლევს. ესენი არიან ფრეიზერის ინსტიტუტი და ჰერიტაჯ ფაუნდეიშენი. კვლევებზე დაყრდნობით, ისინი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსებს ადგენენ. ფრეიზერის 2015 წლის ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა 157 ქვეყანას შორის. ჰერიტაჯის 2016 წლის ინდექსის მიხედვით კი მსოფლიოში 23-ეა 178 ქვეყანას შორის და, შესაბამისად, მეტწილად თავისუფალ ქვეყნებს არის მიკუთვნებული. გასულ წელს საქართველოს 22-ე ადგილი ეკავა და შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ერთი საფეხურით გაუარესდა. სტატიაში განვიხილავთ საქართველოს პოზიციებს ჰერიტაჯის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, რადგან აღნიშნული ინდექსი ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

ჰერიტაჯის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი შეფასების 10 კრიტერიუმს მოიცავს. თითოეული კრიტერიუმის მაქსიმალური ქულაა 100. საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა (88.6) საგარეო ვაჭრობის თავისუფლებაში აქვს და აღნიშნული კრიტერიუმით მსოფლიოში მე-7 ადგილზეა. ხოლო ყველაზე დაბალი ქულა (40.0) საკუთრების დაცვაში აქვს და 69-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში.

შეფასების 10 კრიტერიუმი 4 მთავარ თემატურ ჯგუფში ერთიანდება. ესენია: კანონის უზენაესობა, შეზღუდული მთავრობა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზრები.

ახლა კი ცალ-ცალკე განვიხილოთ საქართველოს ეკონომიკური თავისუფლება შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.

კანონის უზენაესობა

საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები და, შესაბამისად, ყველაზე ცუდი პოზიცია კანონის უზენაესობის კრიტერიუმებში აქვს. კანონის უზენაესობა მოიცავს კერძო საკუთრების დაცვისა და კორუფციისგან თავისუფლების კრიტერიუმებს.

საკუთრების დაცვაში საქართველოს 40 ქულა აქვს. 40 ქულას თავად ჰერიტაჯი ასე განმარტავს: საკუთრების დაცვის მხრივ სასამართლო სისტემა ძალიან არაეფექტიანია. საქმის განხილვა იმდენად გვიანდება, რომ სასამართლოსთვის მიმართვისგან თავის შეკავება ხდება. არსებობს კორუფცია და მოსამართლეები მთავრობის სხვადასხვა შტოს გავლენის ქვეშ არიან. დაშვებულია ქონების ექსპროპრიაცია. საქართველოს 40 ქულა აქვს 2010 წლიდან მოყოლებული. შეფასება ხდება ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაანალიზებით.

კორუფციისგან თავისუფლების შეფასებისას გამოყენებულია საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსი, რომლიც მიხედვითაც საქართველოს 100-დან 52 ქულა აქვს. კორუფცია ეკონომიკის განვითარებას აფერხებს, რადგან ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩნდება დაუცველობა და გაურკვევლობა. აღსანიშნავია, რომ 2012 წელსაც 52 ქულა ჰქონდა საქართველოს და ბოლო სამ წელიწადში ამ მხრივ პროგრესი არ გვაქვს.

შეზღუდული მთავრობა

რამდენად შეზღუდულია მთავრობის ჩარევა ეკონომიკაში, ეს ფასდება მთავრობის (ბიუჯეტის) ხარჯების მოცულობით და ფისკალური თავისუფლების დონით.

ბიუჯეტის ხარჯების სიდიდე განისაზღვრება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ-თან) მიმართებით. რადგან საქართველოში კანონით არის აკრძალული, რომ ბიუჯეტის ხარჯები მშპ-ის 30%-ს აჭარბებდეს, საქართველო იცავს აღნიშნულ ზღვარს. თუმცა, თუ საქართველოს მთავრობა მოახერხებს ხარჯების მშპ-ს მიმართ 30%-ზე ქვემოთ დაწევას, ეს ეკონომიკური თავისუფლების დონეს აამაღლებს. ამჟამად ხარჯების სიდიდის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 67-ე ადგილზეა, რაც ყველაზე ცუდი პოზიციაა საკუთრების დაცვაში არსებული პოზიციის შემდეგ.

ფისკალური თავისუფლება გულისხმობს საგადასახადო განაკვეთების სიდიდეს და ბიუჯეტის მიერ გადასახადებისგან მიღებული შემოსავლის მშპ-თან ფარდობას. განაკვეთების სიდიდის შეფასებისას მხოლოდ საშემოსავლო გადასახადისა და მოგების გადასახადის მაქსიმალური დონეების გათვალისწინება ხდება, რაც საქართველოში 20% და 15%-ია. საგადასახადო ტვირთი მშპ-ის მიმართ კი 25%-ია. ჯამში, ფისკალური თავისუფლების მხრივ საქართველოს მაღალი ქულა – 87.6 აქვს, რაც მხოლოდ საგარეო ვაჭრობის თავისუფლების ქულას ჩამორჩება. მოგების გადასახადით დაბეგვრის ესტონურ მოდელზე გადასვლის შემთხვევაში ეს კრიტერიუმი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

რეგულაციების ეფექტიანობა

რეგულაციების ეფექტიანობა მოიცავს ბიზნესის თავისუფლებას, შრომის ბაზრის თავისუფლებას და მონეტარულ თავისუფლებას.

ბიზნესის თავისუფლების მხრივ საქართველოს მაღალი – 86.5 ქულა აქვს. აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების (Doing Business) ინდექსის შეფასებებს ეყრდნობა. ბიზნესის კეთების ინდექსი ქვეყანაში ბიზნესის დაწყებაზე, ოპერირებასა და დახურვაზე სახელმწიფო რეგულაციების გავლენას სწავლობს. აღნიშნულ ინდექსში საქართველო 189 ქვეყანას შორის 24-ე ადგილზეა. საქართველოს ყველაზე ცუდი პოზიცია ბიზნესის დახურვის (101-ე ადგილი), საბაჟო პროცედურების (78-ე ადგილი) და ელექტროენერგიისადმი ხელმისაწვდომობის (62-ე ადგილი) საკითხებში აქვს. ხოლო ქონების რეგისტრაციის სიმარტივით მსოფლიოში მე-3 ადგილზეა, მე-6 ადგილზეა ბიზნესის დაწყების სიმარტივით.

შრომის ბაზრის თავისუფლების კრიტერიუმი, სადაც საქართველოს 75.7 აქვს, ქვეყნის შრომის ბაზარზე დაწესებულ საკანონმდებლო რეგულაციების შეფასებას მოიცავს. ესენია: სავალდებულო მინიმალური ხელფასი (საქართველოში არ არის), სამუშაო ძალის დაქირავების შემაფერხებელი რეგულაციები (მაგალითად, სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები), სამუშაო საათების მაქსიმუმის მკაცრად განსაზღვრა, ზედმეტი მუშახელის გათავისუფლების სირთულე, სავალდებულო კომპენსაციის ზომა და სამსახურიდან გათავისუფლების წინასწარ შეტყობინების პერიოდი. გამოდის, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის წარმოშობილ შრომით ურთიერთობებში რაც უფრო ნაკლებად ერევა სახელმწიფო სავალდებულო რეგულაციებით, შრომის ბაზრის თავისუფლება მით უფრო მაღალია. აღნიშნული კრიტერიუმის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 26-ეა.

მონეტარულ თავისუფლებაში საქართველოს 80.5 ქულა აქვს. აღნიშნულ კრიტერიუმში იგულისხმება ინფლაციის დონე და სახელმწიფოს მიერ ფასების დადგენაში ჩარევის დონე. იდეალურია სიტუაცია, როდესაც ქვეყანაში ისე მიიღწევა ინფლაციის დაბალი დონე, რომ სახელმწიფო მიკროეკონომიკურ ინტერვენციებს (მაგალითად, ფასის სუბსიდირება, ფასის ჭერის დადგენა) არ ახორციელებს. მონეტარული თავისუფლების ქულის გამოთვლა ფორმულის მეშვეობით ხდება, სადაც ცვლადებს ბოლო სამი წლის საშუალო შეწონილი ინფლაცია და ფასების კონტროლის დონე წარმოადგენენ. 2013 წელს საქართველოში წლიური ინფლაცია 2.4% იყო, 2014 წელს – 2%, ხოლო 2015 წელს – 4.9%.

ღია ბაზრები

ღია ბაზრების თემატური ჯგუფი მოიცავს საგარეო ვაჭრობის თავისუფლებას, ინვესტირების თავისუფლებასა და ფინანსურ თავისუფლებას.

საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა (88.6) და ყველაზე კარგი პოზიცია (მე-7 ადგილი) საგარეო ვაჭრობის თავისუფლებაში აქვს. აღნიშნული კრიტერიუმი ფასდება იმის მიხედვით, თუ რა სიდიდის ტარიფები და არასატარიფო ბარიერები აქვს დაწესებული ქვეყანას იმპორტსა და ექსპორტზე. საქართველოს მაღალ ქულას განაპირობებს დაბალი საიმპორტო ტარიფები და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირთან, თურქეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან (რუსეთის გარდა). ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდება, როცა საქართველო ჩინეთთან გააფორმებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.

ინვესტირების თავისუფლებაში 80.0 ქულა გვაქვს. ეს კრიტერიუმი მაშინ იმსახურებს 100 ქულას, თუ ინვესტიციის გატანა ან ქვეყანაში შემოტანა სრულიად თავისუფალია. არ არსებობს რაიმე დისკრიმინაციული წესები უცხოელი ინვესტორების მიმართ (საქართველოში არსებობს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის დროს). ასევე, ქულაზე მოქმედებს ბიუროკრატიის დონე, უსაფრთხოება და პოლიტიკური გავლენების არსებობა.

საქართველოს საკმაოდ დაბალი ქულა (60) აქვს ფინანსურ თავისუფლებაში. ფინანსური თავისუფლება გულისხმობს როგორც საბანკო სექტორის ეფექტიანობას, ასევე ფინანსური სექტორის სახელმწიფო კონტროლისა და ჩარევისგან თავისუფლებას. სახელმწიფო ბანკები ან სხვა სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტების არსებობა ამცირებს კონკურენციას და, შესაბამისად, ფინანსური თავისუფლების დამაზიანებლად არის მიჩნეული. აქვე ფასდება ეროვნული (ცენტრალური) ბანკისა და მარეგულირებლების მთავრობისგან დამოუკიდებლობის დონე. საქართველოს მთავარ მინუსად ფასიანი ქაღალდების ბაზრის განუვითარებლობაა მიჩნეული.

შეჯამება: საქართველოს ეკონომიკა მეტწილად თავისუფალია. თუმცა, ბოლო 2 წელიწადში რეიტინგის მიხედვით უარყოფითი ტენდენცია გვაქვს და 21-ე ადგილიდან 23-ზე გადავინაცვლეთ.

თუ გვინდა, ინდექსში დავწინაურდეთ, რაც პირდაპირ თუ ირიბად იმის მაჩვენებელი იქნება, რომ საქართველოში ბიზნესგარემო გაუმჯობესდა, მაშინ ისეთ საკითხებში არსებული ჩავარდნა უნდა დავძლიოთ, როგორიცაა: კანონის უზენაესობა, ბიუჯეტის ხარჯები და მაღალი ინფლაცია. კანონის უზენაესობის მხრივ გაცილებით დიდი პრობლემა გვაქვს კერძო საკუთრების დაცვაში, რაც პირდაპირ მიბმულია სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე. შესაბამისად, აღნიშნული პრობლემა მოგვარდება მაშინ, როცა გვექნება უფრო ეფექტიანი, დამოუკიდებელი, და კომპეტენტური სასამართლო. დაპირებების დონეზე ვიცით, რომ იგეგმება ბიუჯეტის ხარჯების შემცირება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველო მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადავა. ეს არამარტო ბიუჯეტის ხარჯების კრიტერიუმის ქულას გააუმჯობესებს, ინფლაციის დონის შემცირებაშიც დაეხმარება ქვეყანას. ინფლაციის დონის შესამცირებლად ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის ტემპის ამაღლება და ლარის კურსის დასტაბილურება.

ზოგადად, უნდა გვახსოვდეს, რომ მსოფლიო ერთ ადგილზე არ დგას, მათ შორის – არც ეკონომიკური თავისუფლების საკითხში. მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების საშუალო ქულას ზრდის ტენდენცია აქვს და თუ საქართველო მიღწეულ შედეგებს შეეგუება, თანდათან ჩამოქვეითდება. ეს ჩამოქვეითება არა მხოლოდ ინდექსის არითმეტიკულ ცვლილებაში აისახება, არამედ თანდათან აღარ იქნება ის ადგილი, სადაც ინვესტიცია უნდა განახორციელო და ბიზნესი დაიწყო. აქედან გამომდინარე, ბევრი სწრაფი, საშუალო- თუ გრძელვადიანი ეკონომიკური რეფორმა გვჭირდება.

საქართველოს ქულები

ჰერიტაჯის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი აჩვენებს, რომ საკუთრების დაცვა, კორუფცია და გავლენა სასამართლოზე ქვეყნისთვის უმთავრესი გამოწვევაა. 

სტატია ინგლისურ ენაზე.