ელვის პრესლის კერძო თვითმფრინავები აუქციონზე გაიყიდება

ელვის პრესლის კერძო თვითმფრინავები აუქციონზე გაიყიდება

30 წლის განმავლობაში ელვის პრესლის კუთვნილი ორი თვითმფრინავი გრეისლენდის ვილის მოპირდაპირე მხარეს საპატიო ყარაულივით იდგა: Lisa Marie – კომერციული თვითმფრინავი Convair 880, რომელიც ელვის პრესლიმ 1975 წელს კომპანია DELTA-სგან შეიძინა და გაცილებით მცირე ზომის მეორე თვითმფრინავი – Hound Dog II, რომელიც პრესლიმ მალევე იყიდა, ვიდრე Lisa Marie-ს განახლებითი სამუშაოები უტარდებოდა.

გრეისლენდის ამჟამინდელი განმკარგველები გეგმავენ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, სადაც აღნიშნული თვითმფრინავები დგას, 450-ოთახიანი სასტუმროს მშენებლობას. არც ერთი თვითმფრინავი არ არის ფრენისათვის გამოსადეგი. თვითმფრინავები გაიყიდება დახურულ აუქციონზე, რომლის გამარჯვებულიც მარტის დასაწყისში დასახელდება.

“თქვენ პრაქტიკულად მზა მუზეუმს ყიდულობთ, – ამბობს ბევერლი-ჰილზში მდებარე ჯულიენის აუქციონის დირექტორი – მარტინ ნოლანი. სწორედ ამ აუქციონზე გაიყიდება ელვის პრესლის თვითმფრინავები. – სადაც არ უნდა დადგათ ეს თვითმფრინავები, ხალხი თავისით გაჩნდება იქ”.

ორივე თვითმფრინავი ერთად გაიყიდება, თუმცა Lisa Marie იქნება საპრიზო შენაძენი. თავის დროზე ამ თვითმფრინავს შეეძლო 28 მგზავრის გადაყვანა, ხოლო მისი თვალისმომჭრელი ინტერიერის დიზაინი 70-იანი წლების ელვის პრესლის სტილს შეეფერება: 24-კარატიანი ოქროს ღვედის ბალთები და ონკანები, დიდი საწოლი, ბარი, პოლირებული ხის საკონფერენციო მაგიდა, 50-დინამიკიანი სტერეოსისტემა და ა.შ. მისი ბოლო ფრენა შედგა 1977 წელს, როდესაც პრისცილა და ლიზა მარი პრესლი, ასევე მსახიობი ჯორჯ ჰამილტონი კალიფორნიიდან მემფისში, როკ-ენ-როლის მეფის დაკრძალვაზე გაემგზავრნენ. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, პოტენციურმა მყიდველებმა უნდა შეიტანონ $50 000 (თანხა მფლობელს დაუბრუნდება) და მათი ფსონი ესკროუს ანგარიშზე.

აუქციონში მონაწილეობის მსურველები მთელი მსოფლიოდან უკავშირდებიან მარტინ ნოლანს. “ისინი ძალზე დახვეწილი და გამოცდილი ინვესტორები არიან. მათ დიდი მოგების ნახვა სურთ. ისინი არ არიან ელვის პრესლის თავგადაკლული ფანები – როდესაც $10 -დან $15 მილიონამდე იხდით ამ თვითმფრინავებში, – ამბობს ნოლანი, – ესე იგი თქვენ ელით, რომ ინვესტიცია დიდ მოგებას მოგიტანთ და ფულის ფანი უფრო ხართ, ვიდრე ელვის პრესლის”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *