ენტონი ბლინკენმა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააანონსა

ენტონი ბლინკენმა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააანონსა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და „ქართველი ხალხის მხარდამჭერი“ განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში ბლინკენმა „ქართული ოცნების“ მიერ პროტესტის შესაჩერებლად გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკები დაგმო და აშშ-ის მხრიდან დამატებით სანქციების გამოყენებაც დააანონსა.

გამოქვეყნებულ მიმართვაში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ქვეყნებს შორის არსებულ მრავალწლიან თანამშრომლობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ, ურყევი მხარდაჭერა გამოხატა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. განცხადების ბოლოს, ბლინკენმა ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა და დამატებითი სანქციები დააანონსა:

„ამერიკის შეერთებული შტატები 32 წელზე მეტია, საქართველოსა და ქართველი ხალხის ერთგული პარტნიორია. ჩვენი თანამშრომლობა ემყარება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი საერთო სიყვარულსა და სურვილს, ვიხილოთ საქართველო ევროატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ, საქართველოს მთავრობებთან და ქართველ ხალხთან ერთად, გვიმუშავია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის, განათლების სისტემის გაუმჯობესებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორების გაფართოებისთვის. შეერთებული შტატები იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ჩვენი ერთგულება მამაცი ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ურყევია.

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წევრებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებები და ფიზიკური ძალადობა, რომელიც კრიტიკოსთა გაჩუმების მცდელობისკენაა მიმართული. განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანებისთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანებების ფაქტებით. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებისთვის დაკავებული პირები. ხოლო ძალის უკანონო გამოყენებაზე პასუხისმგებელმა მაღალჩინოსნებმა, პასუხი უნდა აგონ.

შეერთებული შტატები სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს. ისინი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში – მათ შორის, ვინც ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების უფლებას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე – პასუხისგებაში მიეცემიან. ორმხრივი ურთიერთობების უკვე დაანონსებული ფართო გადახედვის გარდა, შეერთებული შტატები ემზადება გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები”.