ერთ-ერთი უდიდესი კრიპტობირჟა FTX-ი საქართველოში რეგიონალური ოფისის გახსნითაა დაინტერესებული

ერთ-ერთი უდიდესი კრიპტობირჟა FTX-ი საქართველოში რეგიონალური ოფისის გახსნითაა დაინტერესებული

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კრიპტობირჟა FTX Crypto Derivatives Exchange-ი საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელებით არის დაინტერესებული, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, კომპანია ქართული ბიზნესგარემოთი არის დაინტერესებული, რისთვისაც საქართველოში ოფიციალური დელეგაცია გამოგზავნა: საქართველოს FTX-ის აღმასრულებელი დირექტორი ციფრული ბაზრების მიმართულებით, რაიან სალამე და ციფრული აქტივების ბაზრის ასოციაციის (ADAM) აღმასრულებელი დირექტორი, მიშენ ბონდი ეწვივნენ. მხარეებმა პარტნიორობის მიმართულებები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობას სამუშაო რეჟიმში გააგრძელებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს მხარეებს შორის გამართული პირველი შეხვედრა არ არის – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი FTX-ის დამფუძნებელს, სემ ბინკმენ-ფრიდს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა, ამა წლის თებერვალში. იმ დროს, მხარეები საქართველოში FTX-ის რეგიონალური ოფისის გახსნის პერსპექტივებს განიხილავდნენ.

FTX Crypto Derivatives Exchange-ი ერთ-ერთი უდიდესი კრიპტობირჟაა მსოფლიოში და ამგვარი კომპანიის რეგიონალური ოფისის გახსნა საქართველოსთვის ძალიან სარფიანი იქნება, როგორც ფინანსურად, ასევე რეპუტაციულად. 2019 წელს, FTX-ში ინვესტიცია მსოფლიოს უდიდესმა კრიპტობირჟამ, Binance-მა განახორციელა.