ესპანეთი ოთხდღიანი სამუშაო კვირის გატესტვას აპირებს

ესპანეთი ოთხდღიანი სამუშაო კვირის გატესტვას აპირებს

ესპანეთი ოთხდღიანი სამუშაო კვირის გატესტვას აპირებს. როგორც ევროპული მედია წერს, ესპანეთი იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ოთხდღიანი სამუშაო კვირის ეფექტიანობას შეამოწმებს.

პროექტის მიხედვით, დასაქმებულები სამსახურებში ნაკლები საათის განმავლობაში (40-ის ნაცვლად, 32 საათს) იქნებიან, თუმცა, სანაცვლოდ ანაზღაურება არ შეუმცირდებათ.

ინიციატივის ავტორი მემარცხენეთა პარტია Más País-ია, რომელიც აცხადებს, რომ ხანგრძლივი სამუშაო დღე და კვირა უფრო მეტ პროდუქტიულობას არ ნიშნავს.

“ესპანეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც დასაქმებულები უფრო მეტს მუშაობენ, ვიდრე ევროპის საშუალო მაჩვენებელია. თუმცა, ჩვენ არ ვართ ყველაზე პროდუქტიულ ქვეყნებს შორის“, – განაცხადა Más País-ის წევრმა ერეხონ ინიგომ.

კომპანიებს, რომლებიც პროექტის ტესტირების პროცესში ჩაერთვებიან,  პირველ წელს ხარჯები 100%-ით აუნაზღაურდებათ, მეორე წელს – 50%-ით, ხოლო მესამე წელს – 33%-ით. პროექტი სამწლიანია და მისთვის 50 მილიონი ევროა გათვალისწინებული.

ცნობისთვის, მემარცხენეთა პარტიების სახელს უკავშირდება ესპანეთში 1919 წლის 44-დღიანი გაფიცვაც, რის შემდეგაც ქვეყანა პირველი დასავლეთევროპული სახელმწიფო გახდა, რომელმაც სამუშაო დღე რვა საათამდე დაიყვანა.

ახალი ზელანდიიდან გერმანიამდე, სამუშაო საათების შემცირების იდეა მუდმივად ტრიალებს. მისი მომხრეები ამტკიცებენ, რომ შემცირებით პროდუქტიულობა იზრდება, თანამშრომელთა მენტალური ჯანმრთელობა უმჯობესდება, ასევე ამ ნაბიჯით კომპანიები კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაშიც იღებენ მონაწილეობას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *