ესპანეთის საზაფხულო ტურიზმის შემოსავლები პანდემიამდელი პერიოდის 65%–ს მიაღწევს - Exceltur

ესპანეთის საზაფხულო ტურიზმის შემოსავლები პანდემიამდელი პერიოდის 65%–ს მიაღწევს - Exceltur

ესპანეთის ტურიზმის სექტორის მიერ გამომუშავებული შემოსავლები პანდემიამდე არსებული დონის 65%–ს გაუტოლდება, განაცხადა ტურიზმის ინდუსტრიის ასოციაცია Exceltur-მა. მიუხედავად COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი ზრდისა, რამაც თავის მხრივ ზოგიერთ ქვეყანას ისევ უბიძგა გარკვეული შეზღუდვების დაწესებისაკენ, ამასთან, გართულებული ეპიდსიტუაციის გამო კომენდატის საათი კვლავ დაწესდა ესპანეთის რამდენიმე რეგიონში, ეს პროგნოზი ტურიზმის ინდუსტრიის ასოციაციას სარწმუნოდ მიაჩნია.

საყურადღებოა, რომ COVID-19–ის „დელტა“ ვარიანტი განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება არავაქცინირებულ ახალგაზრდებში, რის გამოც ესპანეთში, ორკვირიან  პერიოდში, ინფიცირების რიცხვი გაოთხმაგდა და ყოველ ასი ათას მოსახლეზე 437–ს მიაღწია. მიუხედავად ამისა, სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მაინც დაბალია.

კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო, გერმანიამ და საფრანგეთმა საკუთარ მოქალაქეებს ესპანეთში მოგზაურობისაგან თავშეკავებისაკენ მოუწოდა. საყურადღებოა, რომ ესპანეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული შემოსავლებზე ტურიზმიდან.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, Exceltur–ის პროგნოზით, ესპანეთის მესამე კვარტალის  შემოსავლები ტურიზმიდან, რომელიც ასევე შიდა ტურიზმსაც მოიცავს, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის შემოსავლების 65%–ს მიაღწევს, თუმცა გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

საუკეთესო ვარიანტს თუ განვიხილავთ, სრულად ვაქცინირებული ბრიტანელები, რომლებსაც 10-დღიანი საკარანტინო პერიოდის გარეშე მოგზაურობა მხოლოდ ბალეარის კუნძულებზე შეუძლიათ, 19 ივლისიდან თავისუფლად შეძლებენ ნებისმიერ ადგილას მოგზაურობას, ეს კი ტურიზმის ინდუსტრიისთვის სტიმულის მიმცემია.

Exceltur–ი ესპანეთის მთავრობას მოუწოდებს აღნიშნოს, რომ მიმდინარე ტალღა გაცილებით მსუბუქია კორონავირუსის წინა ტალღებთან შედარებით. ამ შემთხვევაში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები უკვე აცრილები არიან და უმეტეს შემთხვევაში ახალი ინფიცირებულების უმრავლესობა ახალგაზრდაა და ინფიცირების  შემთხვევაში მათი დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.