ევროკავშირის ქვეყნები „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებას აღადგენენ. მათ შორისაა გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) დაასკვნა, რომ „ასტრაზენეკას“ მიერ შექმნილი კოვიდ-ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია.
ევროპელი მარეგულირებლების დასკვნით, „ასტრაზენეკას“ კოვიდ-ვაქცინას უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე საფრთხის.
გარდა ამისა, EMA-ს განცხადებით, ვაქცინის თრომბოემბოლიურ გართულებებთან კავშირი ვერ დადგინდა, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ საკითხის შესწავლას გააგრძელებენ.
რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც განაცხადა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და ქვეყნებს მისი გამოყენების გაგრძელებისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, ბოლო კვირის განმავლობაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ შეაჩერა. მიზეზად ისინი ვაქცინის გამოყენების შემდეგ, ერთეულ შემთხვევებში, თრომბოემბოლიური გართულებების გამოვლენას ასახელებდნენ.