ევროკავშირმა Swift-დან კიდევ 3 რუსული ბანკი გათიშა

ევროკავშირმა Swift-დან კიდევ 3 რუსული ბანკი გათიშა

14 ივნისს, ევროკავშირმა სანქციების მეექვსე პაკეტით გათვალისწინებული ზომების შესაბამისად, Swift-ის საერთაშორისო საგადასახადო სისტემიდან კიდევ 3 რუსული ბანკი, Sberbank-ი (უმსხვილესი რუსული ბანკი), რუსეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკი და მოსკოვის კრედიტ ბანკი გარიცხა.

აღნიშნულ ინფორმაციას BBC News-ის რუსული რედაქცია საკუთარ Telegram არხზე აქვეყნებს. ინფორმაცია ევროკავშირის მზაობაზე სბერბანკის Swift-დან გარიცხვის შესახებ ჯერ კიდევ გასული თვის დასაწყისში გავრცელდა.

ბანკების ოფიციალური პირების განმარტებით, Swift-დან გამოთიშვა მათ შედეგებზე გავლენას არ იქონიებს. Sberbank-ის განცხადებით, ისინი ოპერირებას ჩვეულებრივად განაგრძობენ და Swift-დან გარიცხვას საერთაშორისო გადახდების მდგომარეობაზე გავლენა არ ჰქონია.

რაც შეეხება Credit Bank of Moscow-ს, მათი განმარტებით, შიდა ოპერაციებს საფრთხე არ ემუქრება. საერთაშორისო ტრანსფერებს კი განსახორციელებლად ჩვეულებრივზე დიდი დრო დასჭირდებათ.

რუსეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკის განცხადებით, რუსეთის საბანკო სისტემამ ყველა აუცილებელი ზომა მიიღო, რათა უზრუნველყოს ბანკების შეუფერხებელი ავტონომიური ფუნქციონირება.

შეგახსენებთ, რომ აპრილში ევროკავშირმა Swift-დან Radkombank-ი, Novikombank-ი, VTB-ი და Bank Otkritie გათიშა.

Swift-დან გამოთიშვა, Sberbank-ისათვის სიტუაციას მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის. ამის მიზეზი კი ბანკისათვის აქამდე დაწესებული სანქციების ეფექტია. შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ Sberbank-ისათვის დაწესებული სხვადასხვა აკრძალვის გამო, ბანკის მომხმარებლებისათვის საერთაშორისო ტრანსფერების შესრულება ისედაც გართულებული იყო. ამჯერად კი ეს თითქმის სრულიად შეუძლებელი გახდება.

რაც შეეხება დანარჩენ ბანკებს, აქ არსებული სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება. ბანკის მომხმარებლები საერთაშორისო ტრანსფერების სხვა ვალუტაში განხორციელებას ვეღარ შეძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ბანკები Sberbank-ის მსგავსად აქამდეც დაზარალდნენ, Swift-დან გამოთიშვის შემდეგ მათი უცხოური ოპერაციები სრულად შეჩერდება. მომხმარებლებს ფულის გადარიცხვა მხოლოდ იმ უცხოური ბანკების ანგარიშებზე შეეძლებათ, რომლებიც Swift-ის რუსული ანალოგის ქსელშია გაერთიანებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *