ევროსაბჭოს განცხადებით, უკრაინის მხარდასაჭერად გამოყოფილი 50 მილიარდი ევროს ტრანშის გადაცემას ევროკავშირმა მხარი დაუჭირა. პირველ ეტაპზე ევროპული პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანება უკრაინას 4.2 მილიარდ ევროს გადასცემს.
აღნიშნული თანხა უკრაინას სესხებისა და გრანტების სახით გადაეცემა. თუმცა მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთევროპული სახელმწიფო ფინანსური დახმარების გაცემის პირობებს დააკმაყოფილებს. პირობები კი ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა რეფორმების გატარება ფინანსური მენეჯმენტის, სახელმწიფო საწარმოების მმართველობის, ბიზნესის გარემოსა და ენერგეტიკის სფეროებში.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა უკრაინისათვის 50 მილიარდი ევროს გადაცემას მხარი დიდი წინააღმდეგობების შემდეგ მარტში დაუჭირა. აღნიშნული დახმარება უკრაინას ევროკავშირისგან 2024-2027 წლებში გადაეცემა. დახმარების პირველი ტრანში 6 მილიარდი ევროს მოცულობით ხიდების აღსადგენად უკრაინას უკვე გადაეცა. გარდა ამისა, ომში მყოფ ქვეყანას 1.9 მილიარდი ევრო წინასწარი დაფინანსების სახით მიაწოდეს.