ევროპის უდიდესი ბირთვული რეაქტორი, სახელწოდებით Olkiluoto-3, რომელიც ფინეთში, ბალტიის ზღვაში მდებარე ნახევარკუნძულზეა განლაგებული, სრული დატვირთვით პირველად ამუშავდა, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ 1600 მეგავატის მოცულობის დადგმული სიმძლავრის მქონე ბირთვული რეაქტორი ჯერ კიდევ შემოწმების ფაზაშია – მისი სრული რეგულარული გაშვება მიმდინარე წლის დეკემბრისთვისაა დაგეგმილი.
ფინეთში მდებარე ამ ბირთვულმა რეაქტორმა და ელექტროენერგიამ, რომელსაც ის გამოიმუშავებს სკანდინავიური სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა მიმდინარე წლის მაისში შეიძინა, როცა ქვეყანამ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე უარი განაცხადა. დღეს, ფინეთის ელექტროენერგიის მოხმარების 40%-ს სწორედ ეს ბირთვული რეაქტორი უზრუნველყოფს.
საინტერესოა, რომ Olkiluoto-3-ის მშენებლობა ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო – იმ დროს, ის მსოფლიოს უდიდეს ბირთვულ რეაქტორად მიიჩნეოდა, მაგრამ მას შემდეგ ორი პოზიცია დათმო და დღეს, მესამე ადგილს იკავებს. საბოლოო ჯამში, რეაქტორის მშენებლობა მის ოპერატორ კომპანიას, Teollisuuden Voima-ს, $6.4 მილიარდი დაუჯდა.