Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლები მოწონებების რაოდენობის დამალვას შეძლებენ

Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლები მოწონებების რაოდენობის დამალვას შეძლებენ

დღეიდან Instagram-ის მომხმარებლები შეძლებენ, საკუთარსა და სხვების პოსტებზე რეაქციების რაოდენობა დამალონ. იდენტური ფუნქციონალი Facebook-ზე რამდენიმე კვირაში გააქტიურდება.

ცნობისთვის, FB ახალ ფუნქციონალს Instagram-ზე შეზღუდული რაოდენობის მომხმარებელზე დიდხანს ტესტავდა. კომპანიის ცნობით, ფუნქციონალს არაერთგვაროვანი უკუკავშირი მოჰყვა: მომხმარებლების ნაწილი კმაყოფილი იყო შესაძლო ცვლილებით, უკმაყოფილების მიზეზად კი მომხმარებლებმა პოპულარული და ტრენდული ამბების იდენტიფიცირების შესაძლებლობის დაკარგვა დაასახელეს.

როგორ მუშაობს ახალი ფუნქციონალი

დღეიდან მოყოლებული, თქვენ შეგიძლიათ, Instagram-ზე დამალოთ როგორც სხვების პოსტების მოწონებების რაოდენობა, ისე შეზღუდოთ სხვების წვდომა საკუთარი პოსტების მოწონებების რაოდენობაზე.

აღნიშნული ფუნქციონალის გააქტიურება შეგიძლიათ როგორც დაპოსტვამდე, ისე პოსტის გამოქვეყნების შემდეგაც. FB მიიჩნევს, რომ ამით უფრო მეტ კონტროლს მოიპოვებთ სოციალურ მედიაანგარიშებზე. კომპანია ასევე გვირჩევს, ვკონცენტრირდეთ თავად ფოტოებსა და ვიდეოებზე, ნაცვლად მათზე დაგროვებული მოწონებებისა.

მომხმარებლების მენტალურ კეთილდღეობაზე ზრუნვით მოტივირებულმა ახალმა ფუნქციონალმა შესაძლოა დიდი დარტყმა მიაყენოს სოციალური ქსელების ინფლუენსერებს. მათ მიერ ბრენდებთან გაფორმებული კონტრაქტები პირდაპირ არის დაკავშირებული მათსავე სოციალურ გავლენასა და პოპულარობაზე. მართალია, Instagram-ზე მოწონებების რაოდენობის დამალვა ნებაყოფლობითია, თუმცა, თუკი დიდი რაოდენობით მომხმარებელი აღარ დაინტერესდება სხვების პოსტებზე დაგროვებული რეაქციებით, შესაძლოა ინფლუენსერების ეპოქის დასასრულის დასაწყისთან ვიმყოფებოდეთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *