Far Out - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარმოადგინა

Far Out - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარმოადგინა

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, ამერიკული Apple-ის ღონისძიებები ყველასაგან გამორჩეული და უნიკალურია. ასე მოხდა 7 სექტემბერსაც, როცა ღონისძიებაზე, სახელწოდებით Far Out, Apple-მა უახლესი მოწყობილობები, მათ შორის ახალი თაობის ჭკვიანი საათები, უსადენო ყურსასმენები და სმარტფონები წარადგინა – თითოეულ მათგანს ამ ვრცელ სტატიაში განვიხილავთ.

გუშინდელი ღონისძიება, ტრადიციულად, Apple-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ტიმ კუკმა გახსნა, რომელმაც წლევანდელ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა როგორც Apple-ის პროდუქტების ეკოსისტემურობაზე, ასევე მათ გამოყენებით სიმარტივეზე. ისე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ Apple-ის მთავარი ხიბლი სწორედ მის ეკოსისტემაშია, რადგან თითოეული პროდუქტის სრული პოტენციალის გამოვლენა, მხოლოდ მისი სხვა მოწყობილობებთან შერწყმითაა შესაძლებელი.

Apple Watch Series 8

ისე კი, სწორედ ეკოსისტემურობაა მიზეზი იმისა, რომ წლევანდელი პრეზენტაცია უახლესი თაობის ჭკვიანი საათის, Apple Watch-ის რამდენიმე მოდელის წარდგენით დაიწყო – საუბარია, Apple Watch 8-ზე, Apple Watch SE-სა და ზემძლავრ Apple Watch Ultra-ზე. თუმცა, ეკოსისტემურობის გარდა, Apple-ის ჭკვიანი საათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ის მსოფლიოში აღნიშნული სახის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტის სტატუსს ატარებს, უკვე შვიდი წელია.

უახლესი Apple Watch 8 დახვეწილია როგორც ტექნოლოგიურად, ასევე დიზაინის მხრივ – ჭკვიან საათს დიდი ზომის გლუვი დისპლეი და მაქსიმალურად შემცირებული კანტები აქვს. საინტერესოა ისიც, რომ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ალუმინის, ასევე უჟანგავი ფოლადის კარკასის მქონე მოდელები – საერთო ჯამში, საუბარია შვიდი სხვადასხვა ფერის მოდელზე.

ფოტო: Apple

თუმცა, Apple Watch-თან დაკავშირებით მთავარი სიახლე, მაინც მოწყობილობის ტექნოლოგიურობას უკავშირდება, უფრო კი განახლებულ სენსორებს, რომლებიც Apple-ის ჭკვიან საათს კიდევ უფრო ჭკვიანად აქცევს – საუბარია როგორც ტემპერატურის, ასევე მოძრაობის სენსორებზე. უახლეს Apple Watch-ს ორი ტემპერატურული სენსორი აქვს, რომლებითაც ის მძინარე ადამიანის ტემპერატურას ყოველ ხუთ წამში ერთხელ ზომავს. ამასთანავე, ის საოცრად ზუსტია, რადგან 0.1 გრადუსის ცვლილებასაც კი აღიქვამს. უახლესი ტემპერატურული სენსორები და Apple-ის ჭკვიანი საათის სხვა ფუნქციონალი ადამიანებს მათი ჯანმრთელობის მუდმივი მონიტორინგის შესაძლებლობას აძლევს და ხშირად, მათ სხვადასხვა დაავადებების დროულ აღმოჩენასა და მკურნალობაში ეხმარება.

თუმცა, ტემპერატურული სენსორების გარდა, უახლეს Apple Watch-ში მოძრაობის დახვეწილ სენსორებსაც ვხვდებით, რომელთა დახმარებით, ჭკვიანი საათი აცნობიერებს, როცა ადამიანი, რომელიც მას ატარებს ავტოსაგზაო შემთხვევაში ხვდება და მომხდარის შესახებ სასწრაფო-სამაშველო სამსახურს ავტომატურად ატყობინებს.

Apple Watch SE

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ წელს, Apple-ი მხოლოდ ერთი ჭკვიანი საათის გამოშვებას არ დასჯერდა და 2020 წლის შემდეგ პირველად, ჭკვიანი საათის ბიუჯეტური მოდელი – Apple Watch SE წარადგინა, რომელიც 20%-ით უფრო სწრაფია წინა თაობის მოდელთან შედარებით და თან, Apple Watch 8-ის არაერთ მნიშვნელოვან ფუნქციას ითავსებს, მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევების ამოცნობის ფუნქციონალს.

ფოტო: Apple
Apple Watch Ultra

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში, მარკ გარმენის მსგავსი ანალიტიკოსების დახმარებით, Apple-ის უახლესი მოწყობილობების შესახებ ასე თუ ისე ბევრი რამ წინასწარაა ცნობილი. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, Apple-მა ჩემი გაოცება მაინც მოახერხა – ამ შემთხვევაში კიდევ ერთ ჭკვიან საათს, Apple Watch Ultra-ს ვგულისხმობ, რომელიც საუკეთესოა საუკეთესოთა შორის. ამ საათს 49-მილიმეტრიანი კარკასი აქვს, რომელიც ტიტანისგანაა დამზადებული, რაც მას საოცრად გამძლე მოწყობილობად აქცევს. ამასთანავე, რადიკალურადაა შეცვლილი მისი დიზაინი და მაქსიმალურადაა გაზრდილი მისი ელემენტის გამძლეობა – ეს საათი, ელემენტის ერთი დამუხტვით, სულ მცირე 36 საათს ძლებს.

ფოტო: Apple
AirPods Pro 2

თუმცა, ჭკვიანი საათების გარდა, გუშინდელ ღონისძიებაზე Apple-მა უახლესი თაობის ყურსასმენები, AirPods Pro 2 წარმოადგინა. ტექნოლოგიური გიგანტის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ტიმ კუკის შეფასებით, ეს Apple-ის ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული ყურსასმენია, რაც უცნაური არ არის თუ გავიხსენებთ, რომ ის Apple-ის მიერ წარმოებული H2 ჩიპითაა აღჭურვილი. ამასთანავე, მას სივრცითი აუდიოს ფუნქციონალი და ხმის ჩახშობის ტექნოლოგია აქვს, რომელიც ორჯერ უფრო მძლავრია წინა მოდელთან შედარებით. ამ ყველაფერთან ერთად, დაიხვეწა ყურსასმენის ელემენტებიც – ამიერიდან, მათ გამოყენებას ექვსი საათის განმავლობაში შეძლებთ.

ფოტო: Apple
iPhone 14, iPhone 14 Plus, iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუშინდელი ტექნოლოგიური ღონისძიების მთავარი მოვლენა მაინც ახალი თაობის ოთხი სმარტფონის პრეზენტაცია გახდა – საუბარია, iPhone 14-ზე, iPhone 14 Plus-ზე, iPhone 14 Pro-სა და iPhone 14 Pro Max-ზე. თუმცა, სანამ უშუალოდ მოდელების განხილვაზე გადავიდოდე, მინდა თქვენი ყურადღება ერთ დეტალზე გავამახვილო – როგორც ჩანს, Apple-ი ერთხელ და სამუდამოდ მიხვდა, რომ დროის გასვლასთან ერთად, ადამიანებს სულ უფრო და უფრო დიდი სმარტფონები სურთ და ამიტომაცაა, რომ წლევანდელ სიაში iPhone-ის mini მოდელს არ ვხედავთ.

თუმცა, შედარებით მცირე ზომის სმარტფონის არყოფნით გაჩენილი ვაკუუმი უმალ ამოავსო სტანდარტულზე უფრო დიდი Plus მოდელის დაბრუნებამ – ამ სმარტფონს 6.7-ინჩიანი ეკრანი აქვს. ორთავე მოდელი, ჩვეულებრივი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი Apple-ის მიერ წარმოებული A15-ტიპის ბიონიკური ჩიპითაა აღჭურვილი. თავად ეს ჩიპი არახალია – ის წინა თაობის სმარტფონებშიც არის გამოყენებული, მაგრამ ამაში უცნაური არაფერია, რადგან Apple-მა შეგვაჩვია, რომ მის მოწყობილობებში გამოყენებულ მიკროჩიპებს ყოველწლიურად არ ცვლის.

თუმცა, მიკროჩიპის შეუცვლელობა არ ნიშნავს იმას, რომ უახლესი თაობის iPhone-ები ტექნოლოგიურად არ განვითარებულა – სინამდვილეში, დაიხვეწა როგორც სმარტფონების ელემენტები, ასევე კამერა. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, iPhone 14 Plus-ს საუკეთესოთა შორის საუკეთესო ელემენტი აქვს, რომელიც ყველა სხვა iPhone-ის ელემენტზე მეტხანს ძლებს. რაც შეეხება Apple-ის კიდევ ერთ განმასხვავებელ ნიშანს – კამერას, ის 12-მეგაპიქსელიანია და აქვს როგორც სენსორული სტაბილიზაციის, ასევე სიღრმის ასახვის ფუნქციონალი.

ფოტო: Apple

თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ყველაზე საფუძვლიანი ცვლილებები მაინც iPhone 14 Pro-სა და iPhone 14 Pro Max-ის შემთხვევაში ვნახეთ. პირველი განსხვავება, რომელიც ახალი და ძველი თაობის სმარტფონებს შორის შეინიშნება – დისპლეია, რომელიც Apple-მა რადიკალურად შეცვალა. თავისთავად ეს ნაბიჯი Apple-ისთვის საკმაოდ გაბედული აღმოჩნდა, რადგან ბოლო მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც iPhone-ის ეკრანმა განიცადა, 2017 წელს მოხდა, iPhone X-ის შემთხვევაში. უახლესი iPhone-ების უმთავრესი განსხვავება – ეკრანის ზედა ნაწილში მოთავსებული დინამიკური კუნძულია, რომელიც ადამიანის iPhone-თან ურთიერთობის გამოცდილებას თავდაყირა აყენებს. ამასთანავე, უახლესი Pro მოდელები Apple-ის მიერ წარმოებული ეფექტიანი ბიონიკური მიკროჩიპით, A16-ითაა აღჭურვილი, რაც iPhone-ს გაცილებით უფრო ეფექტიან და მძლავრ სმარტფონად აქცევს.

ფოტო: Apple
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *