FINCA-ს საბანკო ტრანსფორმაცია

FINCA-ს საბანკო ტრანსფორმაცია

სამი წლის წინ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მოპოვების შემდეგ “ფინკა ბანკი საქართველო” ცვლილებების პროცესშია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის საბანკო სექტორის ახალი წევრია, ბანკს მიკროდაფინანსების მიმართულებით ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს, განსაკუთრებით – რეგიონებში. “ფინკა ბანკ საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც წილად ხვდა შესაძლებლობა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან ბანკად ტრანსფორმირების რთული პროცესისთვის ეხელმძღვანელა, ამას საკუთარ კარიერულ პრივილეგიად მიიჩნევს და მიღწეულით სულაც არ კმაყოფილდება.

ვუსალ ვერდიევი რამდენიმე წლის წინ გავიცანი ერთ-ერთ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას ეძღვნებოდა. ეს ის პერიოდი იყო, როცა “ფინკა ბანკს” საბანკო საქმიანობის ლიცენზია ახალი მოპოვებული ჰქონდა და ტრანსფორმაციას ჯერ მხოლოდ იწყებდა.

ინტერვიუსთვის დაგეგმილ შეხვედრაზე მისულმა პირველი, რაც შევნიშნე, ის იყო, რომ გარდასახვის რთული პროცესი პირდაპირ აისახა მის გარეგნობაზე. ამის უტყუარი დასტური წინა შეხვედრის შემდეგ მის თმაში თვალში საცემად მომრავლებული ჭაღარა იყო.

“თქვენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები უნდა ნახოთ”, – გამხიარულდა ჩემი რესპონდენტი.

35 წლის ვუსალ ვერდიევი “ფინკა საქართველოს” 2008 წელს შეუერთდა როგორც საოპერაციო დირექტორი და ერთ წელიწადში აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე დაწინაურდა. სწორედ მას მოუწია, ეხელმძღვანელა ქართულ ბაზარზე 15 წლის ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტის საბანკო ტრანსფორმაციის პროცესისთვის, რაც მისთვის “ალბათ, ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოწვევა იყო”.

სააქციო საზოგადოება “ფინკა ბანკი საქართველო” მიკროსაფინანსო ჰოლდინგ FINCA Microfinance Holdings (FMH)-ის გლობალური ქსელის ნაწილია, რომლის საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები არიან FINCA International-ი, IFC-ი, World Bank Group-ი, გერმანიის განვითარების ბანკი (KFW Bankengruppe), ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი (FMO), responsAbility Social Investments AG-ი და Triple Jump-ი.

საბანკო ლიცენზიის მიღების შემდეგ “ფინკა ბანკმა” მომხმარებლებს საცალო სადეპოზიტო პროდუქტები შესთავაზა და პერსონალური საბანკო მომსახურების მიმართულებაც შექმნა. შარშან ბანკმა 20 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა, 10,1%-იანი ფიქსირებული წლიური და ნახევარ წელიწადში ერთხელ გადახდის პირობით. ობლიგაციების გამოშვების შედეგად მოზიდული თანხა ბანკმა მიკრო- და მცირე ბიზნესის ეროვნული ვალუტით დაფინანსებაზე მიმართა.

სხვა არაერთ ფაქტორთან ერთად, “ფინკა ბანკს” ბაზარზე პორტფელის მაღალი ლარიზაციაც გამოარჩევს. თუკი ბანკების უმრავლესობას პორტფელის 60-65% უცხოურ ვალუტაში აქვს, “ფინკაში” იგივე სიტუაციაა, ოღონდ ეროვნული ვალუტის სასარგებლოდ. ლარში მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვის მიზნით, “ფინკას” ბაზრის მეინსტრიმთან შედარებით მაღალი განაკვეთები აქვს ლარის დეპოზიტებზე, მაგალითად, ვადიან ანაბარზე – 11%-მდე, ხოლო შემნახველ ანაბარზე – 7%. ბანკად გარდაქმნის ერთ- ერთი მიზეზიც სწორედ ის იყო, რომ “ფინკა საქართველოს” სრული საბანკო მომსახურება შეეთავაზებინა თავისი კლიენტებისათვის, რადგან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მხოლოდ სესხებით შეეძლო მომსახურებოდა კლიენტებს.

ფინკა ბანკს” საკუთარი ნიში უჭირავს როგორც დეპოზიტების, ისე სესხების ბაზარზე. ბანკის სასესხო პორტფელის დაახლოებით 42% აგროსესხებზე მოდის, ხოლო მისი კლიენტების 79% რეგიონებში ცხოვრობს. იმ ფონზე, როცა რეგიონების მოსახლეობას მაღალი ხარისხის ფინანსური მომსახურების შეზღუდული წვდომა აქვს, “ფინკა ბანკისთვის” მნიშვნელოვანია, ფინანსური მომსახურება ხელმისაწვდომი გახადოს უშუალოდ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის, რათა მათ ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ და საკუთარი საქმიანობა განავითარონ.

“ფერმერებს, მაგალითად, ქვემო ქართლსა და კახეთში, სესხები ლარში სჭირდებათ, ამიტომ მოზიდული სახსრებიც უმეტესწილად ლარში გვაქვს და, შესაბამისად, ლარის გაუფასურება ჩვენი პორტფელის ხარისხზე არ აისახა”, – განმარტავს ვუსალ ვერდიევი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან ბანკად ტრანსფორმაციის პროცესში, გარდა ორგანიზაციული სტრუქტურისა, ცხადია, ცვლილებები შეეხო პროდუქტებსა და სერვისებსაც, ასევე გაფართოვდა კლიენტების ბაზა. თუმცა ვუსალ ვერდიევს სჯერა, რომ მთავარი მაინც ამ ცვლილებებისათვის გუნდის მზაობის უზრუნველყოფა იყო. “ყველა ცვლილება თანამშრომლებიდან იწყება. შეუძლებელია, კლიენტამდე მიიტანო შენი ორგანიზაციის ფასეულობები, ცვლილებები და სიახლეები ისე, რომ შენი თანამშრომლები არ იზიარებდნენ მათ, ან არ ესმოდეთ მათი არსი. ამიტომ დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ ტრანსფორმაციის უმნიშვნელოვანესი კომპონენტის – თანამშრომლების მომზადებისთვის”, – ამბობს “ფინკა ბანკ საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორი.

ტრანსფორმაციამ ბანკში ახალი ფუნქციები და მოვალეობები გააჩინა და, შესაბამისად, ბოლო სამი წლის განმავლობაში ბანკის თანამშრომლების რაოდენობა გაორმაგდა. ამჟამად “ფინკაში” 700-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

კიდევ ერთი სირთულე, რაც ტრანსფორმაციის პროცესს ახლავს, ბრენდის იმგვარად გარდაქმნაა, რომ ამ პროცესში არც მისი ცნობადობა დაიკარგოს და, რაც მთავარია, არც მოგებიანობა, მით უმეტეს მაშინ, როცა ის ეროვნული ბანკის რეგულაციებს უნდა დაუქვემდებარო.

“ტრანსფორმაციის დაწყებამდეც “ფინკას” საკმაოდ მაღალი მოგებიანობა ჰქონდა. “ფინკას” ჰოლდინგის წევრების ხედვა ბანკად გარდაქმნის შესახებ სრულ თანხვდენაში იყო ორგანიზაციის სტრატეგიასთან და ჩვენ მზად ვიყავით ცვლილებებისთვის”, – იხსენებს ვუსალ ვერდიევი.

ბანკად გარდაქმნისათვის, “ფინკას” ჰოლდინგის წევრებმა საგრძნობი მოცულობის კაპიტალი გაიღეს. ბანკის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება გამიზნული იყო უფრო მდგრადი ბიზნესმოდელის შექმნაზე და ინვესტიციებმა, რომლებიც განხორციელდა თანამშრომლებში, ინფრასტრუქტურასა და სისტემებში, შედეგად კლიენტების ნდობა გაზარდა.

“და კიდევ უფრო მეტ შედეგს მოიტანს ხვალ – ეს გრძელვადიანი გათვლებია”, – სჯერა ვუსალ ვერდიევს მიუხედავად იმისა, რომ საბანკო სექტორში კონკურენცია მძაფრია. მისი აზრით, მოსაზრება, თითქოს “პატარა ბანკებისთვის ბაზარზე ყოფნა რთული გამოწვევაა”, შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს და მას ამის კარგ მაგალითად “ფინკა ბანკი” მიაჩნია.

“საბანკო ტრანსფორმაციის შემდეგ ჩვენი ჯამური აქტივები გაორმაგდა, ასევე საკრედიტო პორტფელიც. რაც მთავარია, საკრედიტო პორტფელის ნახევარი ჩვენ მიერ მოზიდული დეპოზიტებით ფინანსდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ტიპის ბანკებისთვის ბაზარზე არის შესაძლებლობაც და სპეციფიკური ნიშიც, რათა კონკრეტულ სეგმენტებს სრულფასოვანი საბანკო მომსახურება გაუწიო”, – განმარტავს “ფინკა ბანკ საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი.

მიმდინარე წლის აპრილში “ფინკა ბანკმა” Smart Campaign-ის SMART-სერტიფიკატი მოიპოვა, როგორც დასტური იმისა, რომ მისი საქმიანობა პასუხისმგებლიანია და კლიენტებზე ორიენტირებული. ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, რომ, ვუსალ ვერდიევის ხედვით, მომავლის ბიზნესი მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევის სტანდარტებს ეყრდნობა. სწორედ ამიტომ მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თანამშრომლები კმაყოფილი იყვნენ და “ფინკა ბანკი” მათთვის ნიშნავდეს ადგილს, რომელზეც თავად შეაჩერეს არჩევანი. სწორედ ამის მიღწევა იქნება “ფინკა ბანკის” აღმასრულებელი დირექტორის #1 პრიორიტეტი უახლოესი წლების განმავლობაში, რაც არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ იმ უდიდეს ენერგიას, რაც მან “ფინკას” ბანკად გარდაქმნის პროცესში ჩადო.

“არსებობს ბევრი ბანკი და ბევრი CEO, მაგრამ ძალიან ცოტა მათგანს ჰქონია შესაძლებლობა, ფინანსური ინსტიტუტი გარდაექმნა ბანკად ან ბანკი შეექმნა ნულიდან. ეს უდიდესი პატივი, პასუხისმგებლობა და ალბათ უდიდესი გამოწვევა იყო ჩემთვის, რომელიც კი ოდესმე დამიძლევია”, – ამბობს ვუსალ ვერდიევი.

“ფინკა ბანკ საქართველოს გეგმები 2020 წლამდე შემდეგია: გააორმაგოს კლიენტების რაოდენობა, მნიშვნელოვნად გაზარდოს აქტივები და გაამყაროს “ფინკას”, როგორც ნიშური სეგმენტის უნივერსალური ბანკის პოზიციები ბაზარზე. “

“ფინკა ბანკის” აღმასრულებელ დირექტორს, როგორც ყველა სწორი ღირებულებების მენეჯერს, სწამს, რომ დასახული მიზნები ნებისმიერ შემთხვევაში მიღწეული იქნება, რადგან მყარ საფუძველსა და სწორ გათვლებზეა დაფუძნებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *