ფოტო: Michael Regan/Getty Images
Forbes-მა 2026 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის თანახმად, პლანეტის 50-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა სპორტსმენმა ბოლო 12 თვეში ჯამურად 4.1 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, რაც წინა წლის 4.2 მილიარდ დოლართან შედარებით დაახლოებით 3%-ით ნაკლებია.
რეიტინგს ზედიზედ მეოთხედ ლიდერობს კრიშტიანუ რონალდუ, რომლის წლიურმა შემოსავალმა 300 მილიონ დოლარს მიაღწია. პორტუგალიელი ფეხბურთელის 235 მილიონი დოლარი უშუალოდ სპორტულ საქმიანობაზე მოდის, ხოლო 65 მილიონი – სარეკლამო კონტრაქტებიდან და ბიზნესაქტივობებიდან.
Forbes-ის რეიტინგში 25 წლამდე ასაკის ექვსი სპორტსმენი მოხვდა. მათ შორის კი „მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰაალანდი ლიდერობს. გამოცემის შეფასებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში ნორვეგიელმა $80 მილიონი გამოიმუშავა, საიდანაც $60 მილიონი სათამაშო კონტრაქტსა და ბონუსებზე მოდის, ხოლო $20 მილიონი – სარეკლამო შეთანხმებებსა და სხვადასხვა კომერციულ აქტივობაზე.
აღსანიშნავია, რომ 25 წლის ფეხბურთელმა წელს არაერთი რეკორდი დაამყარა. სექტემბერში ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი შედეგის დაფიქსირება შეძლო – კერძოდ, 50 გოლი მხოლოდ 49 მატჩში გაიტანა. მოგვიანებით კი პრემიერლიგაში მე-100 გოლი 111-ე შეხვედრაში გაიტანა, რაც ლიგის ახალი რეკორდია.
25-წლამდელთა რეიტინგში მეორე ადგილი NBA-ს ვარსკვლავმა ენტონი ედვარდსმა დაიკავა. „მინესოტა ტიმბერვულვზის“ ლიდერის წლიური შემოსავალი $69 მილიონად შეფასდა. აქედან $46 მილიონი მოედანზე მიღებული ანაზღაურებაა, ხოლო $23 მილიონი სარეკლამო და ბიზნესშემოსავლებზე მოდის.
მესამე პოზიციაზე ესპანელი ჩოგბურთელი კარლოს ალკარასია, რომელმაც გასული 12 თვის განმავლობაში $61.5 მილიონი გამოიმუშავა. აღსანიშნავია, რომ მისი შემოსავლის დიდი ნაწილი, $38 მილიონი, სპონსორებსა და კომერციულ პარტნიორობებზე მოდის. კორტებზე გამომუშავებული თანხა კი, შესაბამისად, $23.5 მილიონს შეადგენს.
25 წლამდე ასაკის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები 2026 წელს
1. ერლინგ ჰაალანდი — $80 მილიონი
სპორტი: ფეხბურთი
ასაკი: 25
ქვეყანა: ნორვეგია
შემოსავალი მოედნიდან: $60 მილიონი
შემოსავალი მოედანს მიღმა: $20 მილიონი

2. ენტონი ედვარდსი — $69 მილიონი
სპორტი: კალათბურთი
ასაკი: 24
ქვეყანა: აშშ
შემოსავალი მოედნიდან: $46 მილიონი
შემოსავალი მოედანს მიღმა: $23 მილიონი

3. კარლოს ალკარასი — $61.5 მილიონი
სპორტი: ჩოგბურთი
ასაკი: 23
ქვეყანა: ესპანეთი
შემოსავალი მოედნიდან: $23.5 მილიონი
შემოსავალი მოედანს მიღმა: $38 მილიონი

4. ვინისიუს ჯუნიორი — $60 მილიონი
სპორტი: ფეხბურთი
ასაკი: 25
ქვეყანა: ბრაზილია
შემოსავალი მოედნიდან: $40 მილიონი
შემოსავალი მოედანს მიღმა: $20 მილიონი

5. კეიდ კანინგემი — $58.6 მილიონი
სპორტი: კალათბურთი
ასაკი: 24
ქვეყანა: აშშ
შემოსავალი მოედნიდან: $46.6 მილიონი
შემოსავალი მოედანს მიღმა: $12 მილიონი

6. იანიკ სინერი — $54.6 მილიონი
სპორტი: ჩოგბურთი
ასაკი: 24
ქვეყანა: იტალია
შემოსავალი მოედნიდან: $22.6 მილიონი
შემოსავალი მოედანს მიღმა: $32 მილიონი















