აქციების ფასების დაცემისა და ინფლაციის ზრდის ფონზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში Forbes-ის შეფასებით 400 უმდიდრესი ადამიანის საერთო ქონება გასულ წელთან შედარებით $500 მილიარდით შემცირდა. ერთწლიან ჭრილში მათი ქონების ღირებულებამ 11%-ით იკლო და, ბოლო მონაცემებით, $4 ტრილიონს უტოლდება.
აღსანიშნავია, რომ Forbes 400-ის სიაში შემავალი ადამიანების ქონების საერთო ღირებულება წელს პირველად შემცირდა – აქამდე, ყოველ წელს ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა. გარდა ამისა, აღნიშნულ რეიტინგში მოსახვედრად საჭირო ქონების მინიმალური წმინდა ღირებულების მოცულობამაც იკლო, კერძოდ $200 მილიონით და $2.7 მილიარდი შეადგინა.
2022 წლის Forbes 400-ის რეიტინგში შემავალი ადამიანებიდან ყველაზე მეტად ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლები დაზარალდნენ. მათ 2021 წლის შემოდგომიდან Forbes 400-ის სიმდიდრის მთლიანი ვარდნის ორი მესამედი, კოლექტიურად თითქმის $315 მილიარდი იზარალეს. მაგალითისთვის, Amazon-ის აქციების 27%-იანი კლებით, ჯეფ ბეზოსის წმინდა ქონება $50 მილიარდით შემცირდა და 2018 წლის შემდგომ პირველად, ბიზნესმენმა Forbes 400-ის რეიტინგის ლიდერობა დათმო.
წელს პირველად Forbes 400-ის სიის სათავეში ილონ მასკი მოექცა. Tesla-ს აქციების 11%-იანი ზრდისა და SpaceX-ის დაფინანსების ახალი რაუნდის შემდეგ, მასკი თითქმის $60.5 მილიარდით უფრო მდიდარია. რეიტინგში მეორე ადგილზე ჯეფ ბეზოსია, ხოლო მესამეზე – ბილ გეიტსი, რომელმაც „გეიტსების ფონდს“ ივლისში $20 მილიარდი შესწირა.
საერთო ჯამში, სიის სათავეში მყოფი ოცი ადამიანის ჯამური ქონება Forbes 400-ის მთელი სიმდიდრის 40%-ს, $1.6 ტრილიონს შეადგენს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Forbes 400-ის წევრების 69%, 275 პირი თვითშემდგარი მილიარდერია. სიაში კვლავ დომინირებენ მამაკაცები, ქალთა რიცხვი კი მხოლოდ ორით გაიზარდა და 58-ს მიაღწია. უმდიდრესი ქალი Koch Industries-ის მფლობელ დევიდ კოხის ქვრივი, ჯულია კოხია, უმდიდრესი თვითშემდგარი ქალი კი – დაიან ჰენდრიკსი, სამშენებლო მასალების სადისტრიბუციო ფირმა ABC Supply-ის თანადამფუძნებელი.
2022 წლის Forbes 400-ის ტოპ-ათეული, რომელიც აშშ-ის უმდიდრეს ადამიანებს აერთიანებს, ასე გამოიყურება:
- ილონ მასკი – $251 მილიარდი, Tesla, SpaceX
- ჯეფ ბეზოსი – $151 მილიარდი, Amazon
- ბილ გეიტსი – $106 მილიარდი, Microsoft
- ლარი ელისონი – $101 მილიარდი, პროგრამული უზრუნველყოფა
- უორენ ბაფეტი – $97 მილიარდი, Berkshire Hathaway
- ლარი პეიჯი – $93 მილიარდი, Google
- სერგეი ბრინი – $89 მილიარდი, Google
- სტივ ბალმერი – $83 მილიარდი, Microsoft
- მაიკლ ბლუმბერგი – $76.8 მილიარდი, Bloomberg LP
- ჯიმ უოლტონი – $57.9 მილიარდი, Walmart