მსოფლიოს წამყვანმა ბიზნესგამოცემამ, ამერიკულმა Forbes-მა Indiana Pacers-ის ქართველ ცენტრს, გოგა ბითაძეს სტატია მიუძღვნა – გამოცემის თქმით, მოსალოდნელია, რომ გუნდი ბითაძეს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წესდების თანახმად, ახალწვეულების ხელშეკრულებები გუნდებმა მოთამაშეების ბოლო საკონტრაქტო წლის ამოწურვამდე უნდა გაახანგრძლივონ. გამომდინარე იქიდან, რომ წლევანდელი სეზონი 2019 წლის ახალწვეულებისთვის რიგით მეოთხე და უკანასკნელია, ხელშეკრულების არგახანგრძლივების შემთხვევაში, ერთი წლის შემდეგ, მოთამაშე თავისუფალი აგენტი გახდება.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერისა და Indiana Pacers-ის ურთიერთობა 2019 წელს დაიწყო, როცა ინდიანოპოლისურმა გუნდმა ქართველი ცენტრი დრაფტზე მე-18 პიკად აიყვანა. მას მერე, გოგა ბითაძეს გუნდში ეპიზოდური როლები ჰქონდა და მაღალი კონკურენციის გამო, გუნდის ძირითად ხუთეულში თავის დამკვიდრება მოთამაშისთვის რთული აღმოჩნდა. მიმდინარე წლის სეზონისწინა თამაშებში, ბითაძემ საშუალოდ 7.3 ქულა, 4.0 მოხსნა და 2.7 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ამასთანავე, ბითაძე ყველაზე შედეგიანი იყო სამქულიანების მხრივ (75%) და რიგით მესამე – სროლის პროცენტით (64.3%).
თუმცა, არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ გოგა ბითაძე მუდმივად პროგრესირებს, რაზეც გასული სეზონიც მიუთითებს, რომელიც, ქართველი ცენტრის კარიერაში საუკეთესო იყო. თავდაპირველად, ბითაძე საშუალოდ 7.0 ქულას და 3.5 მოხსნას აგროვებდა, მაგრამ All-Star-ის შესვენების შემდეგ, ქართველმა თამაშის ხარისხს უმატა და სეზონის მიწურულს, თამაშში, საშუალოდ 11.8 ქულას და 5.1 მოხსნას აგროვებდა. ამასთანავე, ის უფრო თავდაჯერებული და ეფექტიანი მოთამაშე გახდა.
აშკარა პროგრესის მიუხედავად, ამერიკული Forbes-ის ანალიტიკოსის, ტონი ისტის შეფასებით, რომელიც Indiana Pacers-სა და NBA-ს მიმოიხილავს, ბითაძესთან კონტრაქტის გახანგრძლივების შანსები მცირეა. მიზეზებს შორის მიმომხილველი ქართველი კალათბურთელის არასტაბილურობას, სახელფასო ჭერთან მიმართებით Pacers-ში არსებულ მდგომარეობას და ზოგადად, მაღალ რისკს ასახელებს.
თუმცა, რისკი არსებობს გოგა ბითაძის მხარესაც, რადგან არსებობს სცენარი, რომელშიც Indiana Pacers-თან დარჩენა არც თავად ქართველ ცენტრს აწყობს – ამაზე მიუთითებს ის გარემო, რომელშიც ბითაძე გუნდში მოხვედრის შემდეგ აღმოჩნდა. როგორც უკვე გითხარით, ბითაძეს სასტარტო ხუთეულში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდა, რაც მაილს ტერნერთან, დომანტას საბონისთან, აიზეია ჯექსონთან და ზოგჯერ, ჯაკარ სემპსონთან კონკურენციას უკავშირდება. ამასთანავე, როგორც ჩანს, მიმდინარე სეზონში, Pacers-ის მთავარ ცენტრად კვლავ მაილს ტერნერი მოიაზრება, ჯექსონი კი, მის შემცვლელად.
არგუმენტი ამ მხრივაც არსებობს: საქმე ისაა, რომ კონტრაქტი მაილს ტერნერსაც ეწურება და თან, რახანია მის მომავალზე მითქმა-მოთქმა არ წყდება. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტერნერი გუნდს დატოვებს, ბითაძის მომავალი გაურკვეველი რჩება. ამრიგად, შეიძლება ჯობდეს, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსით ბითაძემ ისეთ გუნდს მიაშუროს, რომელშიც სათამაშო დრო გარანტირებულად ექნება.