ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Ford Motor-მა ავტომობილების ძრავაში გაჩენილი ხანძრის შესახებ 16 სხვადასხვა ცნობის გამო 39,000 ერთეული SUV-ი უკან გამოიხმო. გარდა ამისა, მძღოლებს ურჩია ხარვეზის აღმოფხვრამდე ავტომობილები ღია სივრცეში და შენობებისგან მოშორებით გააჩერონ.
ავტომობილების უკან გაწვევა 2021 წლის Ford Expedition და Lincoln Navigator მოდელებს შეეხებათ. კომპანიის განცხადებით, ძრავის განყოფილებაში ხანძარი შესაძლოა ნებისმიერ დროს გაჩნდეს, მიუხედავად იმისა ავტომობილი მოძრაობს თუ გაჩერებულია. აღნიშნულის საშიშროება მაშინაც კი არსებობს, როდესაც ავტომობილის ძრავი გამორთულია.
აშშ-ის სიდიდით მეორე ავტომწარმოებლის რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯერჯერობით ინციდენტებს რაიმე სერიოზული საშიშროება არ მოჰყოლია. 16 შემთხვევიდან 14-ში კი ავტომობილები გაქირავების კომპანიას ეკუთვნოდა.
ცნობისათვის, წელს Ford-მა ყველაზე მეტი ავტომობილი გამოიხმო უკან. შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ავტომწარმოებელმა უკან გაწვევის შესახებ 30-ჯერ განაცხადა და ჯამში 3.5 მილიონი ავტომობილი გამოიხმო.
გარდა აღნიშნულისა, Ford-მა მიმდინარე კვირაში კიდევ 2 ამგვარი პროცედურა განახორციელა. ერთი გაწვევა 310,000 ერთეულ 2016 წლის Ford F-250, F-350, F-450 და F-550 მოდელებს შეეხო. მეორე კი 464 ერთეული ახალი ელექტრო Mustang Mach-E-ს პროგრამული უზრუნველყოფის განახლება გახლავთ.