სტივ ჯობსის თხოვნა, ანუ როგორ მოხვდა ტიმ კუკი თითქმის გაბანკროტებულ Apple-ში

სტივ ჯობსის თხოვნა, ანუ როგორ მოხვდა ტიმ კუკი თითქმის გაბანკროტებულ Apple-ში

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს 61 წლის ტიმ კუკი ერთ-ერთი საუკეთესო აღმასრულებელი ხელმძღვანელია მსოფლიოში, რაც დასტურდება არა მხოლოდ  Apple-ის საოცარი მიღწევებით, არმედ ტიმ კუკის პირადი ფინანსური პარამეტრებითაც – ის $1.9 მილიარდის ქონებას ფლობს, რომლის უმეტესობაც სწორედ Apple-ში მუშაობით გამოიმუშავა.

თუმცა ტიმ კუკის კარიერა მხოლოდ Apple-ს არ უკავშირდება – მანამ, სანამ კუკი სტივ ჯობსის კომპანიაში გადაბარგდებოდა, ის IBM-ში, Intelligent Electronics-სა და Compaq-ში მუშაობდა – იმ დროს Compaq-ი პერსონალური კომპიუტერების უმსხვილესი მწარმოებელი იყო. თან კუკი Compaq-ის ერთ-ერთი აღმასრულებელი მენეჯერის თანამდებობას იკავებდა და კომპანიაში კარიერულ ზრდა გარდაუვალიც იყო.

Apple-ის ყურადღების არეალში ტიმ კუკი არაერთხელ მოხვდა – Compaq-ში მუშაობისას, Apple-ში გადასვლის თაობაზე მან უარი რამდენიმეჯერ განაცხადა. თუმცა მოგვიანებით ტიმ კუკს შეხვედრა კომპანიის დამაარსებელმა სტივ ჯობსმა შესთავაზა – ამგვარ შეხვედრაზე კუკი უარს ვერ იტყოდა. „ის ინდუსტრია, რომელშიც დღეს ვმუშაობ, სტივმა შექმნა“, – განაცხადა კუკმა და დასძინა, რომ სტივ ჯობსი „ყველასაგან სრულიად განსხვავებულ რაღაცას ქმნიდა“.

სტივ ჯობსმა Apple-ის განვითარების მისეული ხედვა და სტრატეგია ტიმ კუკს პირველივე შეხვედრაზე გაუზიარა. 1998 წელს ის ქმნიდა ისეთ პროდუქტს, ისეთ პერსონალურ კომპიუტერს, რომელიც კომპიუტერულ ინდუსტრიას თავდაყირა დააყენებდა. როგორც მერე გაირკვა, საუბარი იყო ლეგენდარულ iMac G3-ზე, რომელმაც დიზაინერ ჯონი აივს სახელი საქვეყნოდ გაუთქვა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტივ ჯობსის გენიალურობამ ტიმ კუკი მოხიბლა და მიუხედავად იმისა, რომ Compaq-ში ის თავს ბედნიერად გრძნობდა, ჯობსთან შეხვედრამ მას ახლებური პერსპექტივა შესძინა. „დიზაინზე ცოტა რამ მითხრა, მაგრამ ჩემს დასაინტრიგებლად ეს საინტერესო აღმოჩნდა“, – ამბობს კუკი. მისი აზრით, სტივ ჯობსი სილიკონ-ველის ლეგენდა იყო და მასთან მუშაობა „დიდი პრივილეგია იქნებოდა“.

თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ იყო, რადგან იმ დროს Apple-ი საკმაოდ წარუმატებელ კომპანიად ითვლებოდა. „რაციონალურად თუ ვიმსჯელებდი, უეჭველად Compaq-ში უნდა დავრჩენილიყავი – ამას მეუბნებოდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ყველაზე კარგად მიცნობდნენ“, – თქვა კუკმა 2010 წელს, Auburn University-ის გამოსაშვებ საღამოზე. „ერთ-ერთმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, რომელთანაც რჩევისთვის მივედი, მითხრა, რომ Compaq-იდან Apple-ში გადასვლა სისულელე იყო“.

ტიმ კუკმა იცოდა, რომ Apple-ის შემოთავაზებაზე უარის თქმით, ის რაღაც განსხვავებულის თანამონაწილეობის საშუალებას დაკარგავდა.

„სულ ვფიქრობდი, რომ ბრბოს აზრის აყოლა კარგი არ არის – პირიქით, ეს საშინელი რამაა, – ამბობს კუკი. – ამავდროულად, ვხედავდი რა Apple-ის პრობლემებს, ვფიქრობდი, რომ მათ გამოსწორებაში ჩემი წვლილის შეტანა შემეძლო. ასე რომ, უცბად გადავწყვიტე, შემოთავაზებას დავთანხმდებოდი. ამ გადაწყვეტილებაში აზრი არ იკითხებოდა, მაგრამ შინაგანი მე მეუბნებოდა, რომ ეს უნდა გამომეცადა – მეც შინაგან მეს დავუჯერე“.

Apple-ს ტიმ კუკი 1998 წლის მარტს, საერთაშორისო ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტად შეუერთდა, 37 წლის ასაკში. ტიმ კუკის გადმოსაბირებლად Apple-მა მას დიდი ხელფასი შესთავაზა – $500-ათასიანი წინასწარი ბონუსის გარდა, ყოველ წელს ტიმ კუკი ფიქსირებულ $400 ათასს მიიღებდა.

იმ დროს Apple-ში მუშაობა არცთუ ისე ბევრ ადამიანს სურდა – კომპანია თითქმის გაბანკროტებული იყო, რის გამოც თანამშრომლები დიდად მოტივირებულნი არ იყვნენ. კუკმა იცოდა, რომ კომპანიაში დომხალი ელოდებოდა. სტივ ჯობსმა კი იცოდა, რომ კომპანიაში შესყიდვებში მუშაობის გამოცდილების მქონე ტიმ კუკის მოყვანით, Apple-ი აუცილებლად იხეირებდა. „კუკსა და მე ერთნაირი ხედვა გვქონდა“, – უთხრა ჯობსმა უოლტერ აიზეკსონს, მის ბიოგრაფს. „მაღალსტრატეგიულ დონეზე ვურთიერთობდით, მაგრამ ზოგჯერ რაღაცები მავიწყდებოდა – კუკი კი მახსენებდა“.

წლების შემდეგ სტივ ჯობსი გარდაიცვალა, ხოლო ტიმ კუკი Apple-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი გახდა და ერთ დროს გაბანკროტების პირას მყოფი კომპანია მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტექნოლოგიურ გიგანტად აქცია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.