Frontera-ს ყოფილ პრეზიდენტს კომპანიის დამფუძნებელი ნავთობის მოპარვაში ადანაშაულებს

Frontera-ს ყოფილ პრეზიდენტს კომპანიის დამფუძნებელი ნავთობის მოპარვაში ადანაშაულებს

ამერიკული ენერგოკომპანია Frontera-ს დამფუძნებელი, სტივ ნიკანდროსი, ასევე ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს კიდევ ორი წევრი, ლუის ჯუსტი და ტაილერ ნელსონი Frontera-ს ყოფილ პრეზიდენტსა და CEO-ს ზაზა მამულაიშვილს ნავთობის მოპარვაში ადანაშაულებენ. საქმეს აშშ-ის ტეხაზის ოლქის სასამართლო განიხილავს და ის თავად ზაზა მამულაიშვილის მიერ 2021 წლის იანვარში წარდგენილი სარჩელის საპასუხო “შესაგებებელ” სარჩელს წარმოადგენს. თავად მამულაიშვილი Frontera-ს დამფუძნებელს დიდი ოდენობით თანხების არასწორად განკარგვაში, ასევე ფარული ლობისტური ხარჯების გაწევაში ადანშაულებს და $1 მილიონიან კომპენსაციას მოითხოვს. შესაგებებელ სარჩელში კი მოპასუხეები მიუთითებენ სავარაუდო გადაცდომებსა და დარღვევებზე, რომელღაც ზაზა მამულაიშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჰქონდა ადგილი. მამულაიშვილი Frontera-ს პრეზიდენტისა და CEO-ს პოსტს 2017 წლის ივნისიდან 2020 წლის აგვისტომდე იკავებდა.

სასამართლო მასალების მიხედვით, 2019 წელს კომპანიის ქართული საცავებიდან ათასობით ბარელი ნედლი ნავთობი და აღჭურვილობა გაქრა. სტივ ნიკანდროსი, ტაილერ ნელსონი და ლუის ჯუსტი აღნიშნავენ, რომ ბატონმა ზაზა მამულაიშვილმა არ გასწია სათანადო ძალისხმევა იმისთვის, რათა დაკარგული ნავთობი მოძიებილიყო, მეტიც მათ ეჭვი აქვთ, რომ ნავთობის გაქრობით კომპანიის პრეზიდენტმა პირადი სარგებელიც ნახა.

“2019 წლის ნოემბერში ბატონმა ზაზა მამულაიშვილმა კომპანიას გაუმჟღავნა ინფორმაცია, რომ Frontera-ს საკუთრებაში, მარაგებში არსებული ათასობით ბარელი ნავთობი, ასევე გარკვეული ტექნიკა იყო მოპარული საქართველოში კომპანიის თანამშრომლების მიერ. ბატონმა ზაზამ განაცხადა, რომ ის ამ საქმის გამოძიებისთვის და სამართლის აღსრულებისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებდა, რათა დამნაშავეებს პასუხი ეგოთ, კომპანიას კი ზარალი აენაზღაურებინა, თუმცა ასე არ მოხდა, რაც ეჭვს გვიჩენს, რომ ის სავარაუდოდ იყო თანამონაწილე იმ სქემაში, რომლითაც კომპანიის კუთვნილი ნავთობი და აღჭურვილობა დაიკარგა,”- ნათქვამია სასამართლო მასალებში.

ამ ბრალდებას კატეგორიულად ემიჯნება თავად ზაზა მამულაიშვილი, რომელიც BMG-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მოპასუხეთა მიერ წარდგენილი შესაგებებელი სარჩელი სრულიად უსაფუძვლოა.

დოკუმენტში საუბარია თანხებზეც, რომლების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, კომპანიიდან უკანონოდ ზაზა მამულაიშვილის სასარგებლოდ ირიცხებოდა.

“კომპანიამ 2019 წელს შეიტყო, რომ 2019 წელს ბატონმა ზაზა მამულაიშვილმა კომპანიის საკუთრებაში არსებული რესურსები საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის გადარიცხა. მაგალითად, 2019 წლის 12 ივლისს, $34,000 დოლარი, რომელიც კომპანიის ანგარიშზე ირიცხებოდა, მის ანგარიშზე ჩაირიცხა. 2019 წლის 24 ივლისს კი დამატებით $108,000 დოლარის გადარიცხვა მოხდა მის ანგარიშზე. ბატონ ზაზას მის ანგარიშებზე ამ გადარიცხვების განხორციელების ავტორიზაცია არ გააჩნდა. ამჟამად კომპანია ატარებს შესაბამის აუდიტს, რათა დაითვალოს თუ რა მოცულობის თანხა იქნა არასწორად განკარგული,”- ნათქვამია სასამართლო მასალებში.

ამ ბრალდებასაც ზაზა მამულაიშვილი უარყოფს და აცხადებს, რომ მის მიერ მიღებული თანხები შრომის ანაზღაურებას წარმოადგენდა და არცერთი გადარიცხვა უკანონოდ არ განხორციელებულა.

რაც შეეხება უშუალოდ მის სარჩელს, ის ტეხასის ჰარისის ოლქის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვარს წარედგინა.

დოკუმენტების მიხედვით, საუბარია ფარულ ლობისტურ კონტრაქტებზე, რომელთა მოცულობაც 2019-2020 წლებში $440,000 დოლარი იყო. ზაზა მამულაიშვილის სარჩელის მიხედვით, ეს ხელშეკრულება მისი, როგორც მაშინდელი CEO-სგან ფარულად გაფორმდა, თანაც კონტრაქტი დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრის ტაილერ ნელსონის კომპანია “ქორნერსთოუნთან” დაიდო. ამასთანავე, სარჩელში საუბარია Frontera-ს მიერ აშშ-ის მცირე ბიზნესის ადმინისტრაციიდან (SBA) მიღებულ სესხზე, რომელიც $329,000-ს შეადგენს, რომელიც მამულაიშვილის შეფასებით სტივ ნიკანდროსმა პროცედურების დარღვევით მოიზიდა და არამიზნობრივად დაიხარჯა.

ამ დავაში მამულაიშვილი Frontera Resources Corporation-ის დირექტორთა საბჭოს სამი წევრისგან მოითხოვს კომპანიის კორპორატიული მართვის რეფორმირებას, მისი როგორც კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის აღიარებას და მიყენებული ზარალის სახით $1 მილიონი დოლარის კომპენსაციას. თავად მამულაიშვილი ამჟამად Frontera-ს მინორიტარი მეწილე და მისი ერთ-ერთი მსხვილი კრედიტორია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და Frontera-ს შორის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ასევე ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო მიუთითებდნენ, რომ Frontera-მ არ შეასრულა ის ვალდებულებები, რასაც მას 1997 წელს გაფორმებული საინვესტიციო შეთანხმება აკისრებდა.  საარბიტრაჟო სასამართლომ 2020 წლის აპრილში დააკმაყოფილა საქართველოს საჩივარი, რის შედეგადაც Frontera-ს სალიცენზიო ტერიტორიის უკან სახელმწიფოსთვის გადაცემა დაევალა.

მომხდარის შემდეგ განცხადება გააკეთა Frontera-ს ერთ-ერთმა ინვესტორმა, ამერიკულმა კომპანია Outrider Managemenet-მა, რომელმაც საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ სალიცენზიო ტერიტორია, რომელზეც წარსულში Frontera საქმიანობდა, მას გადასცემოდა. ამასთან, ინვესტორი მიუთითებდა, რომ მას Frontera-სთან სასამართლო დავაში იყო ჩართული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.