FT: ეკონომისტების 70% ფიქრობს, რომ 2023 წელს აშშ რეცესიაში შევა

FT: ეკონომისტების 70% ფიქრობს, რომ 2023 წელს აშშ რეცესიაში შევა

მომავალ წელს ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა რეცესიაში შევა, – ასე ფიქრობს Financial Times-ისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ გამოკითხულ ეკონომისტთა უმრავლესობა. ეკონომისტების აზრით, აშშ-ის ეკონომიკის მკვეთრ კლებას, უმეტესწილად, გეოპოლიტიკური სირთულეები, ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდა და ლოგისტიკურ ჯაჭვებში არსებული გარღვევები გამოიწვევს.

საინტერესოა, გამოკითხულ ეკონომისტთა თითქმის 40% ვარაუდობს, რომ ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიურო (NBER) – ორგანიზაცია, რომელიც ქვეყანაში რეცესიის დაწყებისა და დამთავრების თარიღს ადგენს, ამერიკის ეკონომიკის რეცესიაში შესვლის შესახებ მომავალი წლის პირველ ან მეორე კვარტალში გამოაცხადებს. გამოკითხულთა მესამედი ფიქრობს, რომ რეცესია ოფიციალურად 2023 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.

საინტერესოა, რომ გამოკითხულთა შორის ერთ ეკონომისტს განსაკუთრებით პესიმისტური პროგნოზი აქვს – მისი აზრით, აშშ-ის ეკონომიკა რეცესიაში მიმდინარე წელსვე შევა. თუმცა ასე არ ფიქრობს ეკონომისტთა უმრავლესობა, რომელთა ვარაუდით, წელს სამუშაო ადგილების რაოდენობა საშუალოდ 200-300 ათასით გაიზრდება, ხოლო უმუშევრობის დონე 3.7%-ის ფარგლებში დასტაბილურდება.

გამოკითხულთა 12% ფიქრობს, რომ 2023 წლის ბოლოსთვის ინფლაცია 3%-ს გადააჭარბებს – ეს სტატისტიკა განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან მიმდინარე წლის დასაწყისში ასე მხოლოდ გამოკითხულთა 4% ფიქრობდა.

ამასთანავე, განსაკუთრებით საყურადღებოა ეკონომისტების აზრი ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ინფლაციის მაჩვენებლის კონტროლთან დაკავშირებით – გამოკითხულ ეკონომისტთა 40% ფიქრობს, რომ წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთის 2.8%-მდე გაზრდა ინფლაციის მაჩვენებლის დასაჭერად საკმარისი არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ მაისში აშშ-ში წლიური ინფლაციის დონემ 8.6%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც 1981 წლის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.