მობილური ტელეფონების ფინურმა მწარმოებელმა, Nokia-მ განახლებული ლოგო წარმოადგინა, რომელიც კომპანიის ახალ ფილოსოფიას წარმოაჩენს, – ამის შესახებ Reuters-ი წერს. ამიერიდან, ლეგენდარული მწარმოებელი აგრესიულ ზრდაზე ფოკუსირდება, რაც კომპანიის ახალი ლოგოს ფუტურისტულ დიზაინზეც აისახება: წინა პლანზე ჯერაც სიტყვა „ნოკიაა“, რომელიც ამიერიდან ხუთი განსხვავებული სიმბოლოთი დაიწერება, მაგრამ ლეგენდარული ლურჯი ფერი, რომელსაც კომპანია უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში იყენებდა, ფერთა გამით შეიცვალა.
„თავის დროზე, ჩვენ სმარტფონებთან ვასოცირდებოდით, მაგრამ დღეს, ჩვენ ბიზნეს ტექნოლოგიური კომპანია ვართ“, – განაცხადა Nokia-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, პეკა ლუნდმარკმა. ლუნდმარკის მხრიდან, სხვათა შორის, კომპანიის რებრენდინგის განხორციელება მოულოდნელი სულაც არ ყოფილა, რადგან Nokia-ში ის სწორედ ამ მიზნით მოვიდა: აღმასრულებელი ხელმძღვანელის მიერ ჯერ კიდევ 2020 წელს გაწერილ სტრატეგიაში, ფინური კომპანიის განვითარება სამ ეტაპად იყო დაყოფილი, ესენია გადატვირთვა, დაჩქარება და მასშტაბირება. როგორც ჩანს, პირველი ეტაპი კომპანიამ ეს-ესაა, რაც გაიარა.
ადრეულ 2000-იან წლებში, Nokia მობილური ტელეფონების ბაზარზე ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე იყო, მაგრამ მოგვიანებით, ახალ ტექნოლოგიებს ფეხი ვერ აუბა და ლიდერობა დათმო. დღეს, ფინური კომპანია ძირითადად სატელეკომუნიკაციო დანადგარების ბიზნესში ოპერირებს, მაგრამ თან, სერვისის პროვაიდერობის ბიზნესის მიმართულებითაც იზრდება. „გასულ წელს, კორპორაციული მიმართულება 21%-ით გავზარდეთ, რაც დღეს, ჩვენი შემოსავლის დაახლოებით 8%-ს შეადგენს, ანუ 2 მილიარდ ევროს – რაც შეიძლება მალე, ეს მაჩვენებელი ორნიშნა უნდა გავხადოთ“, – ამბობს ლუნდმარკი.