„დედამიწის ზურგზედ არ მოიძებნება იმისთანა ახირებული ქალაქი, როგორიც ტფილისია. არა, უკაცრავად, თვით ტფილისი კი არა, მისი პატრონები…. იგი სწორედ გულივერია და ზედ ასხედან კაცუნები, ლილიპუტები და სწოვენ სისხლსა. დიდ არს მოთმინება შენი ტფილის-ქალაქო, დიდ არს!“
ჩვენი ქალაქის გამგეობის ორშაბათის სხდომაზე თითქმის არცერთი ისეთი საგანი არ განუხილავთ, რომელთაც რაიმე შესამჩნევი, საზოგადო მნიშვნელობა ჰქონდესთ“.
„ჩვენი ქალაქის გამგეობას როგორღაც დუშაშში ვერ მოუდის საქმე“.
ძველი ქართული პრესის ფურცლებზე ლამის ყოველდღიურ რეჟიმში კიცხავდნენ ქალაქის ხელმძღვანელ ორგანოებსა და ქალაქის საბჭოს ხმოსნებს.
„კარგი იქნებოდა ქალაქის გამგეობას ამ საქმისთვის სასტიკი ყურადღება მიექცია“, „არ იქნება ურიგო რომ ქალაქის გამგეობამ იზრუნოს და ამ საგანს ღირსეული ყურადღება მიაქციოს“, – ხშირად წაიკითხავდით XIX საუკუნის ბოლო მეოთხედის ქართულ გაზეთებში. ეს არცაა გასაკვირი, მათზე ხომ უამრავი რამ იყო დამოკიდებული, ქალაქისა და მოსახლეობის ბედიცა და უბედობაც ხშირად სწორედ მათ „გადაწყვეტილებებზედ ეკიდა“.
მათ საქმიანობას განსაკუთრებით მწვავედ კარიკატურის ენით აკრიტიკებდნენ. ეს ეხებოდა როგორც ზოგადად ქალაქის ხელმძღვანელ ორგანოებს, ისე კონკრეტულ პირებს. ამასთანავე, ყურადღების ცენტრში ექცეოდა არათუ მიმდინარე გამოწვევები, არამედ ქალაქის ხელმძღვანელობას უკვე მოუშორებელ ჭირად ქცეული, გადაუჭრელი პრობლემების გამოც მკაცრად კიცხავდნენ.
ხმოსნების დაცინვა და გაკიცხვა განსაკუთრებით აქტუალური არჩევნების წინა პერიოდში ხდებოდა, როდესაც ადამიანები, რომლებიც კენჭს იყრიდნენ, ამომრჩევლებს ათას რამეს ჰპირდებოდნენ.
თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საგულისხმო ტექსტი გვხვდება 1897 წლის გაზეთ „ივერიის“ ერთ-ერთ ნომერში. შინაარსის გათვალისწინებით, რედაქტორის ეს წერილი დღესაც, საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგაც ინარჩუნებს რელევანტურობას.
აი, ხსენებული ტექსტიც:
„ხვალ განკითხვის დღეა. განკითხვის დღეა იმისი თუ ვინ უნდა მოუაროს, ვინ უნდა უპატრონოს ტფილისს ამ ოთხს წელიწადს და ვინ უნდა იზრუნოს და ისაქმოს ადამიანურის გულის ტკივილითა და გულ-მოდგინებით ჩვენის კეთილ-დღეობისათვის, ჩვენის ავ-კარგიანობისათვის.
აქამდე თუ ხმოსნების ამორჩევას საბჭოსათვის ყურს არ ვათხოვებდით და გულ-გრილად ვეკიდებოდით, დიდი შეცოდება იყო ჩვენ-მიერ ტფილისისა და მისთა მკვიდრთა წინაშე. ეხლა სულ სხვა დროა.
ტფილისი ჩვენი მშობელი ქალაქია, ყველანი ვინც აქა ვშობილვართ, აქა ვცხოვრობთ, აქა ვტრიალებთ, – რა მილეთისაც გინდ იყოს კაცი, – მისი შვილები ვართ და სამსახური უნდა გავუწიოთ ერთ ნაირის გულის-ცემითა, ერთ ნაირის ნატვრითა, რომ ჩვენი დედა-ქალაქი გამოკეთდეს, მოფაქიზდეს, მოჯობინდეს, მოჯამრთელდეს.
ღმერთმა არა დაიშურა-რა ჩვენის დედაქალაქისათვის. ჰაერი, წყალი, ადგილი – ყველაფერი, რითაც ბუნება მოსაწონებლად ჰქმნის ადამიანის საცხოვრებელს, იმოდენად კარგი გვაქვს, რომ ბევრი უცხოელი შემოგვნატრის. თუ რამ ცუდია აქ, და ბევრი რამაც არის ცუდი, სულ იმისი ბრალია, რომ დედა-ქალაქს შვილობას არ ვუწევთ, გულ დადებით არ ვექცევით, სიყვარულით არ ვპატრონობთ.
კანონმა ნება მოგვცა ჩვენს დედა-ქალაქს ჩვენვე მოვუაროთ, ჩვენვე ვუპატრონოთ ამ მხრით. ჩვენც საკმაო ხარჯს ვიხდით, რომ ეს პატრონობა, ეს მოვლა ყინულზე დაწერილი თამასუქი არ იყოს, ხარჯიც ტყუილ-უბრალოდ არ იქსაქსებოდეს, საქმე ჩვენდა საკეთილდღეოდ კეთდებოდეს და კეთილი დღე და დღე ემატებოდეს ჩვენს მშობელს ქალაქსა.
ყველამ ერთად რომ პატრონობა და მოვლა მოვინდომოთ, შეუძლებელია. კანონმა ეს კარგად იცოდა და დაგვიწესა უკეთესნი კაცნი რიცხვით ოთხმოცი ამოირჩიეთ თქვენ შორის და იმათ მიანდეთ ეგ პატრონობა და მოვლაო. და აი ხვალ ამისი განკითხვაა. რომ ჩაუფიქრდეთ, თქვენვე იტყვით ჩვენთან ერთად, რომ ეს სახუმარო საქმე არ არის.
ერთი გულმრუდობით აქეთ თუ იქით წასული კენჭი შემძლებელია იმისთანა კაცები დასვას საბჭოში, რომ მერე თქვენი მშობელი ქალაქი, თქვენ თვითონ, თქვენი ოჯახი, თქვენი ცოლ-შვილი თავსა და პირს იხოკდეს, – ეს რა ღმერთი გაგვიწყრა, როგორ ამოვირჩიეთ ეს ჩვენი წამწყმედელნი და დამღუპავნიო!
იცოდეთ, დიდი ცოდვა-მადლი თანა სდევს არჩევანსა და ვიდრე ხელი კენჭის ჩასაგდებად დაიძროდეს, თქვენს ნამუსს, თქვენს სინდისს, თქვენს გულს, თქვენს ჭკუას რამდენჯერმე დაეკითხეთ – ვინ არის ღირსეული და ვინ არა განურჩევლად დიდისა და პატარისა.
იცოდეთ, თქვენ გინდათ კაცი, რომელსაც თქვენი სიკეთე, თქვენი სიყვარული, თქვენთვის გულშემატკივრობა სულელობად არ მიაჩნია. თქვენ გინდათ კაცი, რომელსაც უნდა ებრალებოდეს თქვენი თავი, თქვენი ცოლ-შვილი და თქვენის ოფლით მონაგარს ფულს, ხარჯად თქვენ მიერ გაცემულს, თქვენს კეთილად ცხოვრებას, თქვენს მშვიდობით და უშიშრად ყოფნას ახმარებდეს, რამოდენადაც ყოველივე ეს შესაძლებელია.
თქვენ გინდათ კაცი, რომ მდიდარს განგებ არ აკლებდეს ქალაქის ხარჯსა და ხმა ამოუღებელს შეუძლებელს განგებვე არ უმატებდეს და რაც მდიდარს დააკლეს, ღარიბს არ ახდევინონ.
თქვენ გინდათ კაცი, რომ თქვენი მიყრუებული უბნები ტალახისა და ტლაპოებისაგან არა ჰყარდეს და მარტო მდიდართა ქუჩები არა ჰლაპლაპებდეს სიფაქიზითა.
თქვენ გინდათ კაცი, რომ ხორაგი, საჭმელ-სასმელი ქალაქის ბაზარში კარგი და საღი იყოს და თქვენ არ გახდენდნენ, არ გაფუჭებდნენ და ამ მხრით უშიშარ იყვნეთ.
თქვენ გინდათ კაცი, რომ პურს, ღვინოს, საჭმელ-სასმელს ჩარჩები თუ სხვა ვინმე განგებ მამასისხლად არა ჰხდიდნენ და ამით თქვენ და თქვენს ცოლ-შვილს არ უძვირებდნენ საჭირო საზრდოსა და საკვებავსა.
თქვენ გინდათ კაცი, რომ ქალაქის მოხელეებს ხელსა და კალთას არ აფარებდნენ, როცა იგინი არ ვარგანან და ტყუილ-უბრალოდ სჭამენ თქვენის ოფლით მონაგარს ფულსა ჯამაგირების სახითა.
თქვენ გინდათ კაცი, რომ ბუნებითად კეთილი ჰაერი თქვენის დედა-ქალაქისა არ იშხამებოდეს უწმინდურების სიმყრალითა და არა გშხამვიდეს თქვენ, თქვენს ოჯახს, თქვენს წვრილ-შვილსა.
თქვენ გინდათ კაცი, რომ წყალი უვნებელი და მოუწყვეტელი გქონდეთ და ამასთანაც რაც შეიძლება იეფი.
თქვენ გინდათ კაცი, რომ, რაკი ხორაგს თუ სასმელს ბაზარში ჰყიდულობთ, დახათრიჯამებული იყვნეთ, რომ წამხდარს და მოწამლულს არ შემოგაპარებენ.
თქვენ გინდათ კაცი, რომ თქვენს წვრილ-შვილებს სწავლა-განათლების გზა და სახსარი მისცეს, გული კეთილს შეუჩვიოს, ჭკუა სჯასა და მოსაზრებასა, რამდენადაც შესაძლოა.
თქვენ გინდათ კაცი, რომ თითქმის ორ მილიონამდე ყოველ წლივ შემოსავალი ქალაქისა, თქვენგანვე ხარჯად აღებული, თქვენვე და თქვენს ქალაქს საეროდ ჰხმარდებოდეს გამოზოგვითა და ცოდნითა და არა აქეთ-იქით იქსაქსებოდეს გულ-დაუდებლობით და უთავ-დარიგობითა.
ერთი სიტყვით, ბევრი სხვაც არის, მაგრამ ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ესეც საკმაოა, თუ ღმერთმა გვაგონა და ამაებს მაინც ხვალ შესაფერი კაცები ამოვურჩიეთ.
ამიტომა ვთქვით ზევით, რომ ხვალინდელი დღე სახუმარი დღე არ არის. სიმძიმე და სიდიდე იმ მოვალეობისა, რომელსაც ხვალ კისრად ვღებულობთ და ასე თუ ისე ავასრულებთ, წინ უნდა წაიმძღვაროს ყველამ და ისე მივიდეს კენჭის მისაცემად. აქ ვინც უმტყუვნებს და უღალატებს იმას, რაც სინიდისი, ნამუსი, კაცური-კაცობა ამხელს, იგი უმტყუვნებს, იგი უღალატებს თავისს თავს, თვისის ცოლ-შვილის, ოჯახის ბედნიერებას და კეთილდღეობას.
ვისაც ხელი მიგიწვდებათ, ყველანი უნდა მიხვიდეთ არჩევანზე და თქვენი მოქალაქური, კაცად-კაცური მოვალეობა გადუხადოთ თქვენს მშობელს ქალაქსა.
იცოდეთ, რომ ვისაც ხვალ ჩააბარებთ საბჭოში ხმოსნობას, იმას აბარებთ მთელის ოთხის წლის თქვენს საერთო სვე-ბედსა, თქვენის ოჯახობის საერთო კეთილსა და ბოროტსა. ოთხი წელიწადი ბევრის რისამეა შემძლებელი, ავიც შეიძლება ბევრი მოგვაყენოს კარს და კარგიც.
გულს ნუ გაიმრუდებთ, სულს ნუ წაიწყმედავთ! იცოდეთ, ეს დიდი საქმე თქვენს ნამუსს, თქვენს სინიდისს, თქვენს პატიოსნებას აბარია.
ახსენეთ ღმერთი და ღვთისა და მართლის სახელით შეუდგით არჩევანების დიდს საქმეს და მარჯვენას თქვენისას ის არ აქმნევინოთ, რასაც გული და სინიდისი არ გეუბნებათ“.
ამგვარი ამაღელვებელი მოწოდებებისა და არჩევნებში მონაწილე კანდიდატების დაპირებების მიუხედავად, თფილისი იქნებოდა, ტფილისი თუ თბილისი, ქალაქში ფუნდამენტურად არაფერი იცლებოდა, რადგან ყოველთვის მოიძებნებოდნენ ადამიანები, და მათი რიცხვი არცთუ მცირე იყო, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ტფილისის საბჭო მთელ წელს წყლის ნაყვას ანდომებდა, არაერთ ხმოსანს საბჭოს კრებაზე დასასწრებად ძალით მიერეკებოდნენ, ვერ ძრავდნენ ქალაქის საქმეებს – ამ მძიმე ტვირთს, ტფილისის საქალაქო საქმეები კი კუს სისწრაფით კეთდებოდა, არადა, „არჩევნების დროს მხურვალე ბრძოლა იყო, საქმეს ჩვენსავით ვერავინ მოუვლისო, მაგრამ…“