გარდაუვალი პროცესი - ელექტრონული ხელმოწერა საქართველოში

გარდაუვალი პროცესი - ელექტრონული ხელმოწერა საქართველოში

2020-მა წელმა მსოფლიო მასშტაბით არაერთი სერვისის და პროდუქტის გაციფრულება გამოიწვია. მანამდე არსებულ ციფრულ სერვისებზე კი მოთხოვნა გაზარდა. მათ შორის იყო ელექტრონული ხელმოწერაც, რომელიც პანდემიის პერიოდში, დისტანციურად მუშაობის ერთ-ერთ გამოწვევად იქცა. განვითარებულ ბაზრებზე მსხვილ კომპანიებში, სადაც მსგავსი პროდუქტები უკვე დანერგილი იყო, ეს დაბრკოლება ნაკლებად იგრძნობოდა, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე, სადაც ჯერ კიდევ ბევრი დოკუმენტაცია ფიზიკურ გარემოში იქმნება და არქივდება. „ფურცლომანიასთან“ ბრძოლა Signify-მ გადაწყვიტა და ბაზარს ელექტრონული ხელმოწერის პლატფორმა შესთავაზა. ახალი სერვისი ადაპტაციას ჯერ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გადის, სამომავლოდ კი მისი გატანა საერთაშორისო ბაზრებზეც იგეგმება. Forbes Georgia კომპანია Signify-ს მმართველ პარტნიორს ზვიად წოწკოლაურს ესაუბრა.  

ელექტრონული ხელმოწერების სერვისი საქართველოს ბაზრისთვის სიახლეა და ჯერ ნაკლები პოპულარობით და სანდოობით სარგებლობს. რამ მოგცათ ბიძგი მსგავსი პლატფორმა შეგექმნათ? 

აშშ-ში, ევროპასა და აზიაშიც ელექტრონული ხელმოწერების გამოყენება უკვე ძალიან პოპულარული ხდება. ვფიქრობ, ეს პროცესი გარდაუვალია საქართველოსთვისაც. გარდა ამისა, დავინახეთ საჭიროება, რომ ეს სერვისი ჩვენს ქვეყანაში შექმნილიყო. მცირე კვლევაც ჩავატარეთ, რის საფუძველზეც დავასკვენით, რომ ბიზნესები თავიანთი რესურსის 5-10%-ს ხარჯავენ ისეთი პროცედურებისთვის, რაც არაფრის მომტანია. მაგალითად, დოკუმენტების დახარისხება, დასკანირება, ხელმომწერისთვის დალოდება, შენახვა, შემდეგ უკვე ძებნა. ეს დიდ დროს მოითხოვს. არსებობს საერთაშორისო სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციაში შენახული საშუალოდ 20-დან  ყოველი ერთი დოკუმენტი იკარგება, მისი ძებნისას კი სამიდან ერთ შემთხვევაში პირველივე მცდელობაზე ვერ პოულობ და ხელახლა ეძებ. რისთვისაც იკარგება დრო, რაც ყველაზე ძვირფასია.

ასეთი პლატფორმის დანერგვა კი კომპანიაში ასწრაფებს ბიზნეს პროცესებს – განსაკუთრებით ისეთი საქმიანობის შემთხვევაში, როდესაც კომპანიას ბევრ პარტნიორთან უწევს ხშირი დაკონტრაქტება. Signify ასევე სარგებლიანია ისეთი კომპანიებისთვის, რომელთაც რეგიონების მასშტაბით აქვთ ფილიალები. 

გვჯერა, რომ საქართველოში ბიზნესებმა, რომლებიც „ფურცლომანიაში“ რესურსის მინიმუმ 5%-ს ხარჯავენ, აღნიშნული დრო და რესურსი ისევ ბიზნესის განვითარებას რომ მოახმარონ, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის მშპ-ს გაზრდაშიც შეიტანს წვლილს. ამიტომაც გადავწყვიტეთ გაგვეციფრულებინა კონტრაქტები და ამით ბიზნესისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი ფოკუსი საქმესა და განვითარებას მოახმარონ და არა ბიუროკრატიულ პროცედურებს.

Signify დაახლოებით ხუთი თვეა ბაზარზე გამოჩნდა, მომხმარებლები უკვე გყავთ. როგორია თქვენი პირველადი შედეგები? რამდენად არის მოთხოვნა ამ სერვისზე?

თავიდან ვფიქრობდით, რომ შევქმნიდით პლატფორმას და დავაკვირდებოდით როგორი იქნებოდა უკუკავშირი. თუმცა, ინტერესი და მოთხოვნა მალევე გაჩნდა. დღევანდელი მოცემულობით, 1000-მდე დარეგისტრირებული მომხმარებელია და 10 000-მდე დოკუმენტია ხელმოწერილი. ახლა ვართ ე.წ Early traction პარიოდში, ჩვენი მომხმარებლები არიან ე.წ Early Adopter-ები. არ გვქონია შემთხვევა,

აქტიურ მომხმარებლებს შეეწყვიტათ ჩვენი პლატფორმით სარგებლობა. ამგვარად, კომპანიები, რომლებმაც დაიწყეს ამის გამოყენება, მიხვდნენ მის უპირატესობას და იმას, რომ ეს იძლევა დროის და რესურსის დაზოგვის საშუალება.

უფრო მეტიც, ჩვენს სერვისს უკვე ისეთი კომპანიები იყენებენ, რომელთა მიმართ ბაზარზე სანდოობა მაღალია, ეს ჩვენს სანდოობასაც ზრდის. გარდა ფინანასური ინსტიტუტისა, ჩვენი მომხმარებლები არიან რიტეილერები, HR-მენეჯერები, იურისტები, ბუღალტრები და ოფის-მენეჯერები – ამ ოთხი პროფილის მქონე თანამშრომლებისთვის Signify-ს დანერგვა განსაკუთრებით გამოსადეგია. გარდა კომპანიებისა, Signify-ს ასევე წარმატებით იყენებენ ფრილანსერები. 

ჩვენს სერვისს უკვე უცხოეთში მყოფი ადამიანებიც იყენებენ, რომელთაც საქართველოში ჩამოსვლა აღარ სჭირდებათ ხელის მოსაწერად. 

როგორ ხედავთ ამ პლატფორმის სამომავლო განვითარებას?

ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც ამ პლატფორმასთან დაკავშირებით უნდა მივიღოთ, აუცილებლად იქნება მიბმული ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებზე. ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას, თუ ის არ არის გამყარებული მომხმარებლის მოთხოვნით და უკუკავშირით. პირველ ეტაპზე, გვინდა რომ ის დისკომფორტები, რაც მომხმარებლებს ჩვენს პროდუქტთან მიმართებით აქვს, აღმოვაჩინოთ და შემდეგ გამოვასწოროთ.

დღევანდელი მოცემულობით, იმისათვის რომ ეს მასობრივი გახდეს და ჩვენს მისიას მივუახლოვდეთ, აუცილებელია, კიდევ უფრო გავზარდოთ ამ პროდუქტისადმი სანდოობა და საქართველოს ბაზარზე ელექტრონულ ხელმოწერაზე ცნობადობა გავზარდოთ. ჩვენი სცენარის მიხედვით, მომხმარებლები დროთა განმავლობაში ფურცელზე ხელმოწერას ელექტრონული ხელმოწერით ჩაანაცვლებენ. ეს პროცესი არის გარდაუვალი.

დასაწყისში თქვენ ახსენეთ მსოფლიო გამოცდილება მსგავსი პროდუქტების შესახებ. რა ტენდენციას ხედავთ ელექტრონული ხელმოწერის სერვისებთან დაკავშირებით სხვა ქვეყნებში? 

ჩვენი მსგავსი პლატფორმების დიდი რაოდენობა აშშ-შია. ამ კუთხით ამერიკის ბაზარი მოწინავე და განვითარებულია. იქ ამ პროდუქტის ბევრი ანალოგია. შემდეგ მოდის ევროპული ბაზარიც. ცუდია, რომ საქართველო მსგავსი სერვისების დანერგვის და განვითარების კუთხით ტენდენციებს, შედარებით გვიან მიჰყვება, მაგრამ კარგია ის, რომ მაინც მივყვებით. ვიდრე Signify-ს შევქმნიდით, ძალიან ბევრი მსგავსი პროდუქტი შევისწავლეთ, ამიტომაც ზუსტად ვიცით, სად გვინდა რომ მივიდეთ და ვხედავთ გზას, როგორც უნდა მივიდეთ მიზნამდე. ეს არის პროდუქტის მუდმივი განვითარება მომხმარებლის უკუკავშირზე დაყრდნობით და ელექტრონული ხელმოწერის მიმართ სანდოობის გაზრდა. ფურცელზე ხელმოწერა ნელ-ნელა უკვე ყველასთვის არაკომფორტული გახდება.

დაბოლოს, თქვენი პლატფორმა ადამიანის პირად მონაცემებზე წვდომას ითვალისწინებს, როგორ გაქვთ უზრუნველყოფილი მომხმარებლის მონაცემების დაცვა? 

ჩვენ ვიყენებთ საერთაშორისო კომპანია Ascertia-ს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლის ბაზაზეც შეიქმნა Signify. ამ Soft-ს ევროპის რამდენიმე ქვეყნის ცენტრალური ბანკები, რიტეილ და ტექნოლოგიური კომპანიები და სხვა მსხვილი ორგანიზაციები იყენებენ. შესაბამისად, ყველა მომხმარებელს, რომელიც ჩვენს პლატფორმას გამოიყენებს, ექნება იგივე პროგრამული უზრუნველყოფა, რაც ზემოთ ჩამოთვლილ კომპანიებს აქვთ. სწორედ პირადი მონაცემების დაცულობა იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საერთაშორისო Soft-ი გამოგვეყენებინა. ამ პროგრამული უზრუნველყოფას გავლილი აქვს უსაფრთხოების შემოწმება, შესაბამისი სერტიფიცირება და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაგალითად გერმანიის ცენტრალური ბანკი მას არ გამოიყენებდა. 

რაც შეეხება მონაცემების შენახვას, ყველა დოკუმენტი, რომელიც ჩვენს პლატფორმაზე იტვირთება, ავტომატურად იშიფრება და შემდეგ ინახება სწორედ დაშიფრული ფორმით. მასზე წვდომა მხოლოდ მას აქვს, ვინც ტვირთავს. 

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მონაცემებს ვინახავთ Amazon-ის მონაცემთა ცენტრში, რომელიც შვედეთშია განთავსებული. აღნიშნული ქვეყანა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ აღიარებულია როგორც ე.წ. თეთრი სიის ქვეყანას, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ნებადართულია პერსონალური მონაცემების შენახვა. ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი, იმიტომ რომ საქმე ეხება დოკუმენტაციას, რომელიც მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს. ამიტომაც ამას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ. ჩვენი მომხმარებელი მაქსიმალურად დაცულია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *