2022 წლის პირველ კვარტალში, უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ $41 მილიარდის ღირებულების აქციები შეიძინა – თანხის ნაწილი მოხმარდა Chevron Corp-სა და Activision Blizzard-ში Berkshire-ის წილების გაზრდასაც. აღსანიშნავია, რომ ამხელა კვარტალური დანახარჯები უორენ ბაფეტის კომპანიას ფინანსური მონაცემების აღრიცხვის დაწყების, ანუ 2008 წლის შემდეგ არ დაუფიქსირებია.
კომპანიის მიერ ამ მასშტაბის კვარტალური ინვესტიციის განხორციელებამ ინვესტორებს არაერთი შეკითხვა გაუჩინა, რისთვისაც ისინი ბაფეტის მშობლიურ ქალაქ ომაჰაში შეიკრიბნენ – უორენ ბაფეტისა და მისი პარტნიორის, ჩარლი მანგერის გარდა, შეხვედრას Berkshire-ის ორი აღმასრულებელი, აჯიტ ჯაინი და გრეგ აბელი ესწრებოდნენ – ეს უკანასკნელი, უორენ ბაფეტმა საკუთარ მემკვიდრედ ჯერ კიდევ შარშან დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ Berkshire Hathaway-ის მიერ $41 მილიარდიანი ინვესტიცია კიდევ ერთი ფაქტორის გამოც იყო მოულოდნელი: საქმე ისაა, რომ ბოლო დროს, კერძო კაპიტალის კომპანიებისგან წამოსული წნეხისა და გაზრდილი საბაზრო ღირებულებების გამო, უორენ ბაფეტის კომპანიას მაღალშემოსავლიანი სეგმენტის კომპანიებში ფულის დაბანდება გაუჭირდა. თუმცა, ამა წლის პირველ კვარტალში, ზემოხსენებული აქციების გარდა კომპანიამ არამხოლოდ გაზარდა საკუთარი წილი Occidental Petroleum Corp-ში, არამედ Alleghany Corp-იც იყიდა $11.6 მილიარდად, თან ნაღდი ფულით.
საინტერესოა ისიც, რომ სხვა კომპანიების აქციების შეძენის ფონზე, Berkshire Hathaway-მ საკუთარი აქციების გამოსყიდვა შეანელა – გასულ კვარტალში ბაფეტის კომპანიამ $3.2 მილიარდის აქციები გამოისყიდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2020 წლის პირველი კვარტლის შემდეგ. რაც შეეხება 2021 წლის ბოლო კვარტალს, მაშინ Berkshire-მა $6.9 მილიარდის აქციები გამოისყიდა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში Berkshire Hathaway-ის მოგებამ $7.04 მილიარდი შეადგინა, რაც 0.3%-იანი მატებაა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.