გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

ტრადიციისამებრ, გასულ კვირას საავტომობილო ინდუსტრიაში მრავალი საინტერესო რამ მოხდა. Forbes Georgia-ს მიმდინარე კვირის საავტომობილო მიმოხილვაში ისეთ სიახლეებს გაეცნობით, როგორებიცაა: ელექტრომობილების მწარმოებელი Lucid-ის საწარმოო პროგნოზების ცვლილებები, შვედური Volvo-ს მეორე კვარტლის გაყიდვების შედეგები, Suzuki-ს ავტომობილებზე დიდი მოთხოვნის გამომწვევი მიზეზები, საბურავების მწარმოებელი Pirelli-ს გეგმები რუსული ბაზრის დატოვების შემდეგ, Toyota-ს არც თუ სახარბიელო გაყიდვები და სხვა.

მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო Lucid-მა 2022 წლის საწარმოო პროგნოზი კიდევ ერთხელ შეამცირა

ელექტრომობილების ამერიკული სტარტაპი Lucid Motors-ი მიწოდების ჯაჭვის პრობლემებისა და ლოგისტიკური გამოწვევების გამო 2022 წლის საწარმოო პროგნოზს კიდევ ერთხელ ცვლის. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Lucid-ის აქციათა ფასი 10%-ით დაეცა.

REUTERS/Hyunjoo Jin

კომპანია თებერვალში მთელი წლის განმავლობაში 12,000-დან 14,000-მდე ერთეული მდიდრული ელექტრომობილის წარმოებას პროგნოზირებდა. ამჯერად კი მათი საწარმოო შესაძლებლობები 2022 წლისთვის 6,000-7,000-მდე შემცირდა.

მიუხედავად ამისა, კომპანიის განცხადებით ელექტრომობილებზე წინასწარი ჯავშნების რაოდენობა 37,000-ს აღწევს. ეს კი პოტენციურად Lucid-ისთვის 3.5 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალს ნიშნავს. პირველ კვარტალში წინასწარი ჯავშნების რაოდენობა 30,000-ს შეადგენდა.

ცნობისათვის, მიმდინარე წლის მაისში საწარმოო მასალების გაძვირების გამო, Lucid-ს საკუთარი ელექტრომობილების ფასების გაზრდაც მოუხდა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ელექტრომობილებისათვის აუცილებელი მასალების ფასები, მათი სიმცირის გათვალისწინებით, საგრძნობლად გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ Lucid Motors-ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მეწილე საუდის არაბეთის სიმდიდრის ფონდი გახლავთ. საუდის არაბეთის სახელმწიფოს დაკვეთით ამერიკული ავტომწარმოებელი მდიდრულ ელექტრომობილებს აწარმოებს. თუმცა, ახლო აღმოსავლური სახელმწიფოსათვის ელექტრომობილების მიწოდება 2024 წლიდან დაიწყება.

შვედური Volvo-ს გაყიდვები ივლისში 21.5%-ით შემცირდა

შვედური ავტომწარმოებლის გასულ კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად, მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო, ივლისში Volvo-ს გაყიდვები წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 21.5%-ით შემცირდა. კომპანია გაყიდვების ტემპების აღდგენას მომდევნო კვირების განმავლობაში ვარაუდობს.

REUTERS/Aly Song/File Photo

შვედური ავტომწარმოებელი გაყიდვების დაბალ შედეგებს ნახევარგამტარებისა და სხვა აუცილებელი კომპონენტების დეფიციტს აბრალებს. თუმცა, მომდევნო თვეებში კრიტიკული მასალების მიწოდების დარეგულირებასაც ელის.

შესაბამისად, ბოლო თვეების ხარჯზე კომპანია გაყიდვებში 2022 წელს 2021 წლის მსგავსი შედეგების დაფიქსირებას პროგნოზირებს. საინტერესოა, რომ ივლისში გაყიდული ავტომობილების მხოლოდ 3.5% გახლდათ ელექტრომობილი. არადა კომპანია 2025 წლისთვის გაყიდვების 50%-ს სწორედ ელექტრომობილებზე ვარაუდობს.

2022 წელს კი კომპანიის მიზანი საერთო გაყიდვებიდან ელექტრომობილების წილის ორნიშნა % გახლავთ. ყველაზე დიდი ვარდნა კომპანიას ივლისში აშშ-ს ბაზარზე ჰქონდა. აქ გაყიდვები 40.7%-ით შემცირდა. ევროპაში კი ამ მაჩვენებელმა 29.1% შეადგინა.

ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, Suzuki-ს ავტომობილებზე მოთხოვნა მაინც მაღალია

იაპონური ავტომწარმოებლის Suzuki-ს მიერ გასულ კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად, მიუხედავად ეკონომიკური არასტაბილურობისა, კომპანიის ავტომობილებზე მოთხოვნა ადგილობრივ და სხვა ბაზრებზე უცვლელი რჩება.

REUTERS/Toru Hanai/File Photo

კომპანიის განცხადებით, იაპონიასა და მის უმსხვილეს ბაზარზე, ინდოეთში, Suzuki-ს ავტომობილები კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის ერთ-ერთი მთავარი აღმასრულებელი ხელძღვანელი მასაჰიკო ნაგაო ავრცელებს.

ბრენდის ინფორმაციით, მხოლოდ ივნისში Suzuki-ს ავტომობილების წინასწარი ჯავშნების რიცხვმა ადგილობრივ ბაზარზე 200,000 ერთეული შეადგინა. კომპანიის უმსხვილეს ბაზარზე, ინდოეთში კი ეს მაჩვენებელი 350,000 ერთეული გახლდათ. ცნობისათვის, საუბარია Suzuki-ს საავტომობილო წარმოებაზე და არა მოტოციკლეტების ხაზზე.

მეორე კვარტალში, აპრილიდან ივნისამდე პერიოდში ინდოეთის ბაზარზე Suzuki-ს გაყიდვები, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 27.9%-ით გაიზარდა. ეს კი კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების შედეგია. სანაცვლოდ, ჩიპების დეფიციტის გამო, იმავე პერიოდში Suzuki-ს გაყიდვები ადგილობრივ ბაზარზე 6.4%-ით შემცირდა.

კომპანია საოპერაციო მოგების პროგნოზს კვლავ $1.46-მილიარდიან მაჩვენებელზე ინარჩუნებს.

საბურავების მწარმოებელმა Pirelli-მ გაყიდვების სამიზნე პროგნოზი გაზარდა

საბურავების იტალიელი მწარმოებლის გასულ კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად, Pirelli 2022 წლის შემოსავლების პროგნოზს ზრდის. აღნიშნულის მიზეზი მეორე კვარტლის საოპერაციო მოგების მაჩვენებელი და შემცირებული ხარჯებია.

REUTERS/Flavio Lo Scalzo/File Photo

ფორმულა 1-ისათვის ბოლიდების საბურავების უმთავრესი მიმწოდებლის ინფორმაციით, მეორე კვარტალში საოპერაციო მოგება 21%-ით 258 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, მარკო პროვერას განმარტებით, ბრენდის წარმატების ფორმულა მისი ბიზნეს-მოდელია. ცნობისათვის, Pirelli-ს მთავარ გეგმას მაღალი ღირებულებისა და ხარისხის საბურავებზე ფოკუსირება წარმოადგენს.

მეორე კვარტლის შედეგების გათვალისწინებით, იტალიურმა ბრენდმა მთლიანი წლის შემოსავლების პროგნოზიც გაზარდა. თუკი წინა პროგნოზი 5.9-5 მილიარდი ევროს შემოსავლის მიღებას ითვალისწინებდა, ახალი პროგნოზის თანახმად, კომპანია 2022 წელს შემოსავლების სახით 6.2-6.3 მილიარდ ევროს მიიღებს.

ცნობისათვის, Pirelli-მ რუსული ბაზარი ცოტა ხნის წინ დატოვა. კომპანიის განცხადებით, წლის პირველ ნახევარში რუსულ ბაზარზე გლობალური გაყიდვების მხოლოდ 3% მოდიოდა. ეს კი თითქმის 2021 წლის მაჩვენებლის ტოლია.

„თეგეტამ“ რეგიონში RENAULT TRUCKS-ი შემოიყვანა

საქართველოს ბაზარს ფრანგული წარმოების სატვირთო ავტომანქანები შეემატა. კერძოდ, „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალმა TEGETA COMMERCIAL VEHICLES-მა საქართველოში პრემიუმ-ბრენდის RENAULT TRUCK-ის კომერციული ავტომანქანების გაყიდვა დაიწყო. პირველი ცენტრი ივნისში, თბილისში გაიხსნა. 1877 წელს საფრანგეთში დაბადებული ლუი რენოს სახელი ისტორიას ალბათ არ შემორჩებოდა, რომ არა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელი RENAULT. ლუი რენო ბავშვობაში მექანიკური ტრანსპორტის იდეებმა გაიტაცა და თავის ძმებთან – მარსელთან და ფერნანთან ერთად საფრანგეთში მე-19 საუკუნის მიწურულს, ავტოინდუსტრიის მშენებლობა დაიწყო. თავდაპირველად მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებს აწარმოებდნენ, შემდეგ კი სატვირთო მანქანების წარმოებაზეც გადავიდნენ. დღეს RENAULT TRUCKS-ი გამორჩეულია ხარისხით, გამძლეობით, კომფორტითა და პასუხისმგებლობით. ის დღეს 150 ქვეყანაში ოპერირებს, რომელთა სიას უკვე ერთი თვეა საქართველოც შეემატა.

Renault Trucks

Tegeta Commercial Vehicles-ი, რომელიც გასულ წელს შეიქმნა და მომხმარებელს სამშენებლო, კომერციულ და სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებს სთავაზობს, Renault Trucks-ის წარმომადგენელი მხოლოდ საქართველოში არ იქნება – „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია ფრანგული ბრენდის ტექნიკით სომხეთსაც მოამარაგებს.

საერთო ჯამში, თბილისში გახსნილი Renault Trucks-ის ცენტრი ორივე ქვეყნის მომხმარებელს ფრანგული ბრენდის წარმოებულ პრემიუმ-კლასის, საშუალო და მაღალი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომანქანებს შესთავაზებს. ეს გულისხმობს როგორც გზებისა და ავტომაგისტრალების მშენებელი, ისე ბუნებრივი წიაღისეულის მომპოვებელი და ლოგისტიკური კომპანიების მომარაგებას.

Toyota-ს მოგება პირველ კვარტალში 42%-ით შემცირდა

იაპონური ავტომწარმოებლის, Toyota Motor Corp-ის მოგება წლის პირველ კვარტალში 42%-ით შემცირდა. აღნიშნულის მიზეზი მიწოდების ჯაჭვის პრობლემები და გაზრდილი საწარმოო ხარჯებია. ბრენდის საოპერაციო მოგება აპრილიდან ივნისამდე პერიოდში 4.3 მილიარდი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 42%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.

REUTERS/Jorge Silva

ანალიტიკოსების ვარაუდით Toyota-ს მოგება 15%-ით უნდა შემცირებულიყო, თუმცა, შედეგმა უარყოფით კონტექსტში ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამგვარი ვარდნის გამო, 3%-ით შემცირდა კომპანიის აქციათა ფასიც.

იაპონური ავტომწარმოებლის განმარტებით, მოგების შემცირებაზე უდიდესი გავლენა საწარმოო მასალებზე ფასების ზრდამ იქონია. მიუხედავად მოგების ასეთი კლებისა, კომპანია მიმდინარე ფისკალურ წელს 9.7 მილიონი ერთეული ავტომობილის წარმოებას გეგმავს. ბრენდის განცხადებით, წარმოებისა და გაყიდვების ტემპები წლის მეორე ნახევარში მნიშვნელოვნად გაიზრდება.

სხვა ავტომწარმოებლების მსგავსად, გაძვირებულ ხარჯებთან ბრძოლა Toyota-საც უწევს. თუმცა, მოგების ამგვარ ვარდნას ვერავინ ივარაუდებდა. ცნობისათვის, გაყიდვებით Toyota მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელია. როგორც ჩანს კოვიდთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა, ჩიპების დეფიციტმა თუ სხვა ლოგისტიკურმა შეფერხებებმა კომპანიის მოგებაზე დიდი გავლენა იქონია.

Vinfast-ი წარმოების ტემპების გასაზრდელად დამატებით 8,000 თანამშრომელს დაიქირავებს

გასულ კვირას კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ვიეტნამური ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია VinFast-ი წარმოების ტემპების გასაზრდელად დამატებით 8,000 ახალი თანამშრომლის დაქირავებას გეგმავს. კომპანიამ საკუთარი წარმოებლი პირველი ელექტრო-SUV-ი ამერიკულ ბაზარს წლის ბოლოსათვის უნდა მიაწოდოს.

REUTERS/David Swanson

ცნობისათვის, ვიეტნამური კონგლომერატის, VinGroup-ის შვილობილი კომპანია, VinFast-ი ამჟამად 6,000 თანამშრომელს ფლობს. ვიეტნამში არსებულ საწარმოში ახალი თანამშრომლების რეკრუტირების პროცესი საწარმოო ტემპს მნიშვნელოვნად ააჩქარებს.

ამჟამად ვიეტნამის საწარმოს წლიურად 250,000 ერთეული ელექტრომობილის წარმოება შეუძლია. VinFast-ი კი 2026 წლისთვის, ამ მოცულობის 600,000 ერთეულამდე გაზრდას გეგმავს. თუმცა, მარტში გავრცელებული განცხადებით, კომპანია დამატებითი საწარმოს გახსნას ჩრდილოეთ კაროლინაშიც გეგმავს. ეს კი კომპანიას დამატებით 7,500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნის შესაძლებლობას მისცემს.

კომპანია, 2026 წლისთვის ყოველწლიურად 750,000 ერთეული VF8 და VF9 მოდელის გაყიდვას გეგმავს. მათ სამიზნე ბაზრებად კი უმეტესად ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა განიხილება.