გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

Forbes Georgia-ს მიმდინარე კვირის საავტომობილო მიმოხილვაში ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეებს გაეცნობით – რა მიზეზით გამოიწვიეს 2005 წლის შემდეგ წარმოებული Ferrari-ს ყველა ავტომობილი, გააუმჯობესა თუ არა Porsche Taycan-მა Tesla-ს რეკორდი ლეგენდარულ ავტოდრომზე, რა გეგმები აქვს “მერსედესის” სატვირთოების მწარმოებელ Daimler-ს ფასებთან მიმართებით, რა განცხადებას ავრცელებს Ford-ის აღმასრულებელი დირექტორი ელექტრომობილების ელემენტების ფასებთან დაკავშირებით და აქვს თუ არა ამას კავშირი F-150-ის ღირებულების გაძვირებასთან, რა მიზეზით გამოიხმო Kia-მ რუსეთის ბაზარზე 105 000 ერთეული ავტომობილი.

Ferrari-მ 2005 წლის შემდეგ გაყიდული თითქმის ყველა ავტომობილი უკან გამოიხმო

მდიდრული ავტომობილების მწარმოებელი იტალიური კომპანია Ferrari 2005 წლის შემდეგ გამოშვებულ თითქმის ყველა ავტომობილს უკან გაიწვევს. ამის მიზეზი სამუხრუჭე სისტემაში არსებული პრობლემაა. კომპანიის განცხადებით, სამუხრუჭე სითხის რეზერვუარის თავსახური არასათანადო მდგომარეობაშია, რაც მანქანას გადაადგილებისას საფრთხეს უქმნის. როგორც ირკვევა, აღნიშნული პრობლემა 2005 წლის შემდეგ წარმოებულ თითქმის ყველა მოდელს აღენიშნება.

Ferrari

საერთო ჯამში Ferrari აშშ-ის ბაზარზე 23 555 ერთეულ ავტომობილს უკან გამოიხმობს და სამუხრუჭე სითხის რეზერვუარის თავსახურს შეუცვლის. როგორც ჩანს, პრობლემას აღნიშნული თავსახურის ხრახნი წარმოადგენს. კომპანიის განცხადებით, ამ პრობლემის გამო რეზერვუარში ვაკუუმის წარმოქმნის შესაძლებლობა არსებობს. ამან კი შესაძლოა, სამუხრუჭე სითხის გაჟონვა გამოიწვიოს. ცნობისთვის, სამუხრუჭე სითხე ავტომობილს დამუხრუჭებაში ეხმარება. მისი არარსებობის ან დუღილის ტემპერატურის გადაჭარბების შემთხვევაში ავტომობილი ვეღარ ამუხრუჭებს.

Ferrari-ს უფრო თანამედროვე ვერსიებში სამუხრუჭე სითხის 50%-ით შემცირება მძღოლის პანელზე სპეციალურ მანიშნებელ შუქს ააქტიურებს და მას პრობლემის შესახებ ამცნობს. თუმცა, შედარებით ძველ ვერსიებში შესაძლოა, სამუხრუჭე სითხის რეზერვუარი ისე დაიცალოს, რომ მძღოლმა ამის შესახებ ვერ შეიტყოს.

მიუხედავად პრობლემის მასშტაბურობისა, მისი გამოსწორება არც ისე რთულია. დილერებს მხოლოდ რეზერვუარის თავსახურის ახლით შეცვლა მოუწევთ. Ferrari-ს მიერ უკან გამოხმობილი ავტომობილების მოდელების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

2005-2009 წლების Ferrari 430

2005-2011 წლების Ferrari 612 Scaglietti

2009-2017 წლების Ferrari California

2010-2011 წლების Ferrari 612

2012-2016 წლების Ferrari FF

2013-2017 წლების Ferrari F12 Berlinetta

2013-2015 წლების Ferrari LaFerrari

2015-2017 წლების Ferrari California T

2016 წლის Ferrari F60 America

2017 წლის Ferrari F12 TdF

2017 წლის Ferrari LaFerrari Aperta

2017-2020 წლების Ferrari GTC4 Lusso

2018-2020 წლების Ferrari GTC4 T

2018-2022 წლების Ferrari Portofino

2018-2022 წლების Ferrari 812

2019-2020 წლების Ferrari 488 Pista

2020-2022 წლების Ferrari F8 Spider, Tributo

2021-2022 წლების Ferrari Roma

Porsche Taycan-მა Nurburgring-ის ავტოდრომზე Tesla-ს რეკორდი მოხსნა

ყველაზე სწრაფი ელექტრომობილის ტიტული გერმანული ავტომწარმოებლის ელექტრომოდელმა, Porsche Taycan-მა მოიპოვა. Porsche-მ ლეგენდარულ Nurburgring-ის ავტოდრომზე ამერიკული ავტომწარმოებლის, Tesla-ს რეკორდი მოხსნა და გააუმჯობესა. ამ ორ ბრენდს შორის თითქმის სამწლიან რბოლას კი ეს სიახლე კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

Porsche Taycan

Porsche Taycan-მა და Tesla-მ ქიშპობა 2019 წელს დაიწყეს. ლეგენდარულ ავტოდრომზე ერთი წრის გავლის რეკორდი პირველად სწორედ Porsche-მ მოხსნა. ამან კი Tesla-ს მოტივაცია მისცა, უფრო სწრაფი ელექტრომობილი შეექმნა. Tesla Model S Plaid-ის პროტოტიპი შთამბეჭდავ შედეგებს აჩვენებდა, თუმცა მისი წარმოების დაწყება გაჭიანურდა. საბოლოოდ, 2021 წელს Tesla-მ Porsche Taycan-ის შთამბეჭდავი რეკორდი მოხსნა და 7:35.579 წუთი დააფიქსირა.

თუმცა, როგორც ჩანს Porsche-სთვის ეს გამოწვევა აღმოჩნდა. შედეგად, 2022 წლის უახლესი მოდელის დახმარებით Porsche Taycan-მა Tesla-ზე ორი წამით უკეთესი შედეგი, 7:33.350 წუთი დააფიქსირა.

ვნახოთ როგორ უპასუხებს ამ შედეგს Tesla საკუთარ მომავალ მოდელებში. უნდა ველოდოთ, რომ ყველაზე სწრაფი ელექტრომობილის ტიტულის მოსაპოვებლად ამ ორ ავტომწარმოებელს შორის რბოლა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

Daimler Truck-ი სატვირთოებზე მაღალ ფასებს შეინარჩუნებს

გერმანული “მერსედესის” სატვირთოების დანაყოფი, Daimler Truck-ი სატვირთოებზე მაღალ ფასებს შეინარჩუნებს. კომპანია ფასების შენარჩუნებას იმ შემთხვევაშიც გეგმავს, თუკი გარკვეული რესურსის ღირებულება კლებას დაიწყებს. აღნიშნულის მიზეზი კი გასული წლის დაბალი მოგების მარჟის კომპენსაციაა. ბრენდის განცხადებით, 2023 წელს Daimler-ის სატვირთოებზე მოთხოვნა კიდევ უფრო მაღალი იქნება.

REUTERS/Kim Kyung-Hoon

მიუხედავად პოზიტიური პროგნოზისა, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ენერგოფასების მატების, ჩინეთში წარმოქმნილი პრობლემებისა და ჩიპების დეფიციტის გამო წლის მეორე ნახევარი კომპანიისათვის მაინც რთული იქნება. თუმცა, სასიხარულოა, რომ კომპანია მიწოდების ჯაჭვის შეფერხებების აღმოფხვრას ელის.

საინტერესოა, რომ რამდენიმე თვის წინ, კომპანიის ფინანსური მენეჯმენტის წარმომადგენლები ფასების გაზრდას აუცილებლობით ხსნიდნენ. სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში კი სატვირთოებისა და ავტობუსების გაიაფებას გვპირდებოდნენ. თუმცა, როგორც ჩანს კომპანიაში აზრი შეიცვალეს.

Daimler Truck-მა წლის მეორე კვარტალში შემოსავლებში 15%-იანი მატება დააფიქსირა. ანალიტიკოსები კი კომპანიისაგან მხოლოდ 8%-იან ზრდას მოელოდნენ. კომპანიის სატვირთოებზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ 2022 წლის შეკვეთები უკვე ამოიყიდა. შედეგად, Daimler-ს იაპონიიდან და ინდოეთიდან ჩიპების უფრო მაღალი მოთხოვნის მქონე ბაზრებზე იმპორტი მოუხდა.

Ford-ის CEO ელექტრომობილების ელემენტების ღირებულების გაიაფებას უახლოეს პერიოდში არ ვარაუდობს

ამერიკული ავტომწარმოებლის, Ford Motor Company-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯიმ ფარლი უახლოეს პერიოდში ელექტრომობილების ელემენტების მასალის ღირებულების გაიაფებას არ ვარაუდობს. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ მზარდი ხარჯების პარალელურად, ავტომწარმოებლები კვლავ განაგრძობენ ელექტრომობილებზე ფასების მატებას.

Rebecca Cook | Reuters

კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა საწარმოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ლითიუმზე, კობალტსა და ნიკელზე ფასების კლება უახლოეს მომავალში ნაკლებსავარაუდოა. ჯიმ ფარლის განცხადება საინტერესოდ დაემთხვა კომპანიის მიერ წინა დღით გავრცელებულ ინფორმაციას F-150 ელექტროპიკაპის ღირებულების ზრდასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, Ford-ი უახლოეს პერიოდში საკუთარი ელექტროპიკაპის, F-150 Lightning-ის ფასს 6000-დან 8,500 დოლარამდე შუალედით გაზრდის. თუმცა, Ford-ი ერთადერთი ავტომწარმოებელი არაა, რომელსაც ელექტრომობილის ფასის გაზრდა უწევს. მსგავსი გადაწყვეტილება ივნისში ამერიკულ ბაზარზე Tesla-მაც მიიღო.

Ford-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ამჟამად არსებული ელემენტის, ლითიუმის იონის მზარდი ღირებულება კომპანიას ალტერნატიული ვარიანტის შექმნისა და დახვეწისაკენ უბიძგებს. შეგახსენებთ, რომ Ford-ი საკუთარ ავტომობილებში უკვე იყენებს ელექტრომობილების ელემენტის ტრადიციული ვარიანტის ალტერნატიულ კომბინაციას, ლითიუმ-რკინის ფოსფატს. აღნიშნული კომბინაციით დამზადებული ელემენტები F-150 და Mustang Mach-E მოდელებში გამოიყენება.

გასულ თვეს, კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, Ford-ი ლითიუმ-რკინის ფოსფატის ელემენტებს ჩინური კომპანიისაგან, CATL-ისაგან შეიძენს, რომელიც უფრო დაბალდანახარჯიან ვერსიას სთავაზობს.

გლობალურად მიმდინარე პროცესები და გაზრდილი მოთხოვნა ელექტრომობილების ნაწილების ღირებულებას ჯერჯერობით კვლავ არ აძლევს გაიაფების შესაძლებლობას. შესაბამისად, თავად ელექტრომობილების ფასების კლებაც უახლოეს პერიოდში ნაკლებად სავარაუდოა.

Ford-მა ელექტროპიკაპის F-150-ის ღირებულება გაზარდა

გასულ კვირას ამერიკული ავტომწარმოებლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რესურსებზე გაზრდილი ფასების გამო Ford F-150 Lightning-ის ღირებულება გაიზრდება. კომპანიის განცხადებით, 2023 წლის მოდელების ფასები დაახლოებით 6-8 ათასი აშშ დოლარით მოიმატებს. შეგახსენებთ, რომ ყველაზე იაფი კომპლექტაცია, Pro მოდელი ამჟამად 47,000 აშშ დოლარი ღირს.

REUTERS/Rebecca Cook

თუმცა, Ford-ის ინფორმაციით, ფასის ზრდა არ იმოქმედებს იმ მომხმარებლებზე, რომელთაც ელექტრომობილის წინასწარი ჯავშანი უკვე გაკეთებული ჰქონდათ. ფასების ზრდის შესახებ განცხადება ფორდმა გასულ თვეს გააკეთა. კომპანიის ინფორმაციით, წელს სასაქონლო ხარჯები 4 მილიარდი აშშ დოლარით გაიზრდება. ამიტომ, ბრენდს საკუთარი ავტომობილების ღირებულების გაზრდაც მოუწევს.

Kia რუსეთში 105,000 ერთეულ Rio-ს უკან გამოიხმობს

რუსეთის სამთავრობო მარეგულირებლის განცხადებით, KIA-ს რუსულმა შვილობილმა კომპანიამ 105,000 ერთეული Rio მოდელის მოხალისეობრივი უკან გაწვევა დაიწყო. გაწვევის მიზეზი აირბაგის სავარაუდო უფუნქციობაა.

REUTERS/Benoit Tessier

უკან გამოხმობა Kia Rio-ს 2013-დან 2018 წლამდე წარმოებულ მოდელებს შეეხებათ. საუბარია, რუსეთში, პეტერბურგში, Hyundai Motor-ის საწარმოში გამოშვებულ Kia Rio მოდელებზე. KIA Corp-ის რუსეთის დანაყოფმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა.

მარეგულირებლის განცხადებით, გაუმართაობის გამო, შესაძლოა აირბაგის მოდული არ გაიხსნას. KIA-მ ავტომობილების მფლობელებს მოხალისეობრივი გაწვევის შესახებ უკვე აცნობა.