გასული კვირა ტექნოლოგიების მოყვარულთათვის ფრიად საინტერესო აღმოჩნდა: Twitter-ი ილონ მასკის მიერ კომპანიის სრულად შესყისდვას დათანხმდა, Netflix-მა 2022 წლის პირველი კვარტალის პესიმისტური ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, ევროკავშირმა „ციფრული სერვისების აქტი“ დაამტკიცა, ხოლო Starlink-მა უკრაინაში წარმომადგენლობის გახსნის შესახებ განაცხადა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
Twitter-ის მეწილეები ილონ მასკის შემოთავაზებას დათანხმდნენ – მასკი კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ხდება
არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლე სწორედ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს, ილონ მასკსა და Twitter-ის მეწილეებს შორის მიღწეული გარიგება გახდა, რომლის თანახმად ილონ მასკი კომპანიის 100%-იან წილს $44 მილიარდად იყიდის და Twitter-ს კერძო კომპანიად გარდაქმნის.
Twitter-ის შესყიდვის სურვილი ილონ მასკმა ორი კვირის წინ გამოთქვა და კომპანიას ოფიციალური შემოთავაზებაც გაუკეთა – $54.20 თითოეული აქციის სანაცვლოდ, რაც კომპანიაში მის პირველ ინვესტიციამდე დაფიქსირებულ სავაჭრო ფასთან შედარებით 38%-ით მეტია. შეგახსენებთ, რომ აპრილის დასაწყისში მასკმა Twitter-ის 9.2%-იანი წილი შეიძინა.
საინტერესოა, რომ თავდაპირველად, ილონ მასკისთვის კომპანიის 100%-იანი წილის მიყიდვის შემოთავაზებას Twitter-მა მეწილეთა უფლებების დაცვის გეგმით, ე.წ. „საწამლავით“ უპასუხა, რომელიც 15%-იან წილზე უფრო დიდი წილის შეძენას ნებისმიერი ინვესტორისთვის ძალიან აძვირებს. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიის მენეჯმენტთან და მეწილეებთან ინდივიდუალური შეხვედრების შემდეგ მოლბნენ – როგორც ირკვევა, ამ შეხვედრებზე მასკმა დაინტერესებულ მხარეებს გარიგების დაფინანსებაში ჩართული მსხვილი ბანკების ვინაობა გაუმხილა.
ილონ მასკს თუ დავუჯერებთ, Twitter-ს ის კომერციული ინტერესების გამო არ ყიდულობს – მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის თქმით, მას Twitter-ის სიტყვის თავისუფლების ფლაგმანად გადაკეთება სურს.
Robinhood-ის CEO: დოჯკოინს შეუძლია, ინტერნეტის ვალუტად იქცეს
გასულ კვირას ციფრული სავაჭრო პლატფორმის, Robinhood-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ვლად ტენევმა კრიპტოვალუტებით დაინტერესებული ადამიანებისთვის საინტერესო მოსაზრება გამოთქვა – ტენევის აზრით, დოჯკოინს შეუძლია, ინტერნეტის მთავარ ვალუტად იქცეს, თუმცა ამისთვის კრიპტოვალუტის შემქმნელებმა მისი ეფექტიანობა და სისწრაფე უნდა გაზარდონ.
ის, რომ დოჯკოინს ინტერნეტის ვალუტად გადაქცევის პოტენციალი აქვს, ტენევის აზრით, მის დაბალ საკომისიო გადასახადს და ეფექტიანობას ეფუძნება, რომლის გაზრდა მარტივადაა შესაძლებელი. დღეს დოჯკოინის ბლოკჩეინზე ტრანზაქციის გატარების საშუალო საკომისიო გადასახადი $0.003-ს შეადგენს, მაშინ როცა ტრადიციულ ქსელებში საკომისიო ტრანზაქციის მოცულობის 1-3%-მდე მერყეობს. რაც შეეხება ეფექტიანობას, დღეს დოჯკოინის ბლოკჩეინს წამში 40 ტრანზაქციის გატარება შეუძლია, მაშინ როცა Visa-ს, თეორიულად, წამში 65 ათასი ტრანზაქციის გატარების შესაძლებლობა აქვს. იმისთვის, რომ დოჯკოინი გადასახადებისთვის იქნას გამოყენებული, ის სულ მცირე ათიათასჯერ უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს, რაც მარტივად განსახორციელებელია, თუ კრიპტოვალუტის შემქმნელები ინფორმაციის ბლოკის წონის ლიმიტს გაზრდიან.
საინტერესოა, რომ ტვიტერის მიმოწერაში ვლად ტენევი დოჯკოინის კრიტიკოსებსაც გამოეხმაურა: მისი თქმით, ის ფაქტი, რომ დოჯკოინი უსასრულო მიწოდების მქონე ინფლაციური კრიპტოვალუტაა (ყოველ წელს 5 მილიარდი ახალი დოჯკოინი იქმნება) მიუთითებს იმაზე, რომ მისი წლიური ინფლაცია 5%-ზე გაცილებით ნაკლებია, რაც ამერიკული დოლარის ინფლაციის მაჩვენებელზე ნაკლებია. ამასთანავე, მიწოდების ფიქსირებული ზრდის გამო, ტენევის თქმით, დროთა განმავლობაში დოჯკოინის ინფლაციის მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ზე დასტაბილურდება.
ევროკავშირმა „ციფრული სერვისების აქტი“ დაამტკიცა – რა ელით ტექნოლოგიურ კომპანიებს?
გასულ კვირას, რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ, ევროკავშირმა ძალიან ამბიციური საკანონმდებლო ინიციატივა – „ციფრული სერვისების აქტი“ (DSA) დაამტკიცა, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიებს არალეგალური კონტენტის უფრო სწრაფად წაშლას, მკვლევრებისა და მომხმარებლებისთვის ალგორითმების მუშაობის პრინციპების გასაჯაროებას და დეზინფორმაციასთან უფრო აქტიურად ბრძოლას აიძულებს. ზემოთ ხსენებულ წესებთან დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, კომპანიები წლიური შემოსავლის 6%-მდე თანხით დაჯარიმდებიან.
„დღევანდელი შეთანხმება – ისტორიულია, როგორც შეთანხმების მიღწევის დროით, ასევე შინაარსით. „ციფრული სერვისების აქტი“ თამაშის წესებს ევროკავშირის ყველა ციფრული სერვისისთვის განაახლებს. ეს აქტი უზრუნველყოფს ციფრული გარემოს უსაფრთხოებას და დაიცავს როგორც გამოხატვის თავისუფლებას, ასევე ციფრული ბიზნესების შესაძლებლობებს. ეს პრაქტიკული გამოვლინებაა იმ პრინციპისა, რომლის თანახმად ის, რაც აკრძალულია ოფლაინ, აკრძალული უნდა იყოს ონლაინაც“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკავშირის ტექნოლოგიური კანონების ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა და კონკურენციის საკითხებში ევროკომისარმა, მარგრეტ ვესტაგერმა განაცხადა, რომ ეს აქტი პლატფორმებს აიძულებს, გამჭვირვალენი გახდნენ და პასუხისმგებლობა აიღონ იმ უარყოფით გავლენაზე, რომელსაც მათი სერვისები მოქალაქეებსა და საზოგადოებაზე ახდენენ.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული საკანონმდებლო ინიციატივა ამა წლის მარტში მიღებულ სხვა კანონში – „ციფრული ბაზრების აქტში“ არ უნდა აგვერიოს. ცხადია, რომ ორთავე კანონი ტექნოლოგიური სამყაროს რეგულირებას მოიაზრებს, თუმცა ბაზრების კანონი ბიზნესებს შორის არსებულ თანაბარ პირობებს უზრუნველყოფს, ხოლო სერვისების აქტი კომპანიების მიერ საკუთარ პლატფორმებზე კონტენტის ზედამხედველობას არეგულირებს. რეალურად, „ციფრული სერვისების აქტის“ შედეგებს მომხმარებლები უფრო სწრაფად იგრძნობენ.
თავისთავად ცხადია, რომ ზემოხსენებული კანონი მხოლოდ ევროკავშირის მოქალაქეებს ეხება, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ გლობალურ სტანდარტად სწორედ ის იქცეს. საქმე ისაა, რომ სხვადასხვა იურისდიქციაში კონტენტის მოდერაციის განსხვავებული მიდგომების დანერგვა საკმაოდ არაეფექტიანი მიდგომაა და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პლატფორმის საბაზისო პოლიტიკის ნიმუშად პლატფორმები სწორედ ამ კანონს აიღებენ. ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივის შემოღება აშშ-შიც იგეგმება და გამორიცხული არ არის, რომ ამერიკელი კანონმდებლები ევროპულ კანონმდებლობას ამ მხრივაც დაეყრდნონ.
აღსანიშნავია, რომ აქტის სრული ტექსტი ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის, მაგრამ ევროპულმა პარლამენტმა და ევროკომისიამ მაინც ჩამოთვალეს ის ძირითადი მოვალეობები, რომლებიც ტექნოლოგიურ კომპანიებს დაეკისრებათ:
- მიზნობრივი რეკლამირება იკრძალება, როგორც ინდივიდების რელიგიის, სექსუალური ორიენტაციისა და ეთნიკურობის ნიადაგზე, ასევე მცირეწლოვანი ბავშვების შემთხვევაში.
- იკრძალება ე.წ. „ბნელი კანონზომიერებები“, რომლებიც მომხმარებლებს კონკრეტული ქმედებისკენ უბიძგებენ. ამასთანავე, ევროკავშირი ახალ წესს ამკვიდრებს: პროდუქტისა თუ სერვისის გამოწერის გაუქმება ისეთივე მარტივი უნდა იყოს, როგორც უშუალოდ გამოწერა.
- Facebook-ი, Netflix-ი და სხვა დიდი პლატფორმები ვალდებულნი არიან, მრჩეველი ალგორითმების ფუნქციონალი გაასაჯაროონ და თან, მომხმარებლებს ალტერნატიული ალგორითმიც შესთავაზონ, რომელიც მათი აღწერილობის შედგენაზე არ იქნება დაფუძნებული – Instagram-ის შემთხვევაში, მაგალითად, ეს ე.წ. „ქრონოლოგიურ-ფიდს“ გულისხმობს, რომელიც კომპანიამ ცოტა ხნის წინ შემოიღო.
- ჰოსტინგ-სერვისებსა და ონლაინპლატფორმებს დაევალათ, რომ არალეგალური კონტენტის წაშლის შემთხვევაში მომხმარებელს გაცილებით უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდონ და თან, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მისცენ.
აღსანიშნავია, რომ „ციფრული ბაზრების აქტის“ მსგავსად, სხვადასხვა ზომის ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ დამოკიდებულება და მათთვის დაწესებული ვალდებულებები „ციფრული სერვისების აქტშიც“ განსხვავდება. რეალურად, ყველაზე მეტი რეგულაცია Meta-ს და Google-ის მსგავს იმ კომპანიებს ხვდათ წილად, რომელთაც ევროკავშირში 45 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავთ, თან ეს ყველაფერი მათი მხრიდან მძლავრი ლობირების ფონზე.
ისე კი, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები „ციფრული სერვისების აქტის“ ზოგად მიმართულებებზე შეთანხმდნენ, კანონის საბოლოო ტექსტი ჯერ დაზუსტებული არ არის – თუმცა ამ საკითხის მოგვარება ფორმალობად ითვლება. მოსალოდნელია, რომ „ციფრული სერვისების აქტი“ ძალაში შევა კენჭისყრის შემდეგ თხუთმეტი თვის თავზე ან 2024 წლის 1-ელ იანვარს – გააჩნია, რომელი თარიღი დადგება უფრო გვიან.
Spotify-ის ფრანგული კონკურენტი, Deezer-ი საჯარო კომპანიად გარდაიქმნება
მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური სტრიმინგ-პლატფორმის, Spotify-ის ფრანგული კონკურენტი, Deezer-ი საფონდო ბირჟაზე გამოჩენისთვის ემზადება – როგორც ირკვევა, Deezer-ი საფრანგეთის უმდიდრეს ადამიანთან, ფრანსუა პინოსთან დაკავშირებულ SPAC-კომპანიას, I2PO-ს შეერწყა, რის შედეგადაც Deezer-ის ვალუაცია $1.1 მილიარდად განისაზღვრა. აქვე გეტყვით, რომ I2PO-ს WarnerMedia-ს ყოფილი ტოპ-მენეჯერი, აირის ნობლოქსი ხელმძღვანელობს.
აღსანიშნავია, რომ საფონდო ბირჟაზე აქციების პირველად განთავსებას Deezer-ი 2015 წელსაც გეგმავდა, მაგრამ მაშინ ეს გარიგება არ შედგა. 2021 წელს Deezer-მა €400 მილიონის შემოსავალი მიიღო. კომპანიის კატალოგი საკმაოდ მრავალფეროვანია – მასში 90 მილიონზე მეტი სიმღერა, პოდკასტი, აუდიოწიგნი და რადიოსადგური არის თავმოყრილი. Deezer-ის სერვისი 180-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, ხოლო პლატფორმას 9.6 მილიონი გამომწერი ჰყავს. 2021 წლის ივნისის მონაცემებით, Deezer-ი მუსიკალური სტრიმინგის გლობალური ბაზრის წილის 2%-ს ფლობდა – Spotify-ის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 31%-ს უდრის, ხოლო Apple Music-ის შემთხვევაში – 15%-ს.
Netflix-მა მომხმარებლები დაკარგა, HBO Max-მა კი – დაიმატა
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში სტრიმინგის გლობალურმა გიგანტმა, Netflix-მა 200 ათასი გამომწერი დაკარგა, ხოლო მეორე კვარტალში დამატებით 2 მილიონი გამომწერის დაკარგვას ვარაუდობს – ყველაფერი ეს იმის ფონზე, რომ პირველ კვარტალში კომპანია 2.7 მილიონი ახალი გამომწერის დამატებას ვარაუდობდა.
თუმცა მომხმარებლების კლება ყველა სტრიმინგ-სერვისს არ ეხება – HBO-მ და HBO Max-მა, მაგალითად, 2021 წელს 13 მილიონი მომხმარებელი დაიმატეს, რომელთაგან 3 მილიონი – სერვისს 2021 წლის ბოლო კვარტალში დაემატა. დღეს HBO-ს სერვისებით 76.8 მილიონი ადამიანი სარგებლობს, Netflix-ით – 221.64 მილიონი, ხოლო Disney Plus-ით, რომელიც წელს ბიუჯეტური სერვისის დაშვებას გეგმავს – 129.8 მილიონი.
საინტერესოა ისიც, რომ გასულ კვირას დახურვის შესახებ განაცხადა CNN Plus-მაც – მედიასაშუალების ეს სტრიმინგ-სერვისი სულ რაღაც ერთი თვის წინ გაეშვა. თავის დროზე, CNN Plus-ზე გადასვლით მედიაგიგანტს თავისი მომხმარებლებისთვის ახალი ამბების ახლებური გზით მიწოდება სურდა და ამ მიმართულებაში $1 მილიარდის დაბანდებასაც გეგმავდა. ამ დრომდე, CNN Plus-ის განვითარებაში $100-300 ათასამდე ჩადო, მაგრამ მხოლოდ 150 ათასი მომხმარებლის მოზიდვა მოახერხა – მათგან მხოლოდ 10 ათასი იყენებდასერვისს ყოველდღიურად.
CNN+, the streaming service that was hyped as one of the most signifiant developments in the history of CNN, will shut down on April 30, just one month after it launched. https://t.co/K92mv8qBE7
— CNN (@CNN) April 21, 2022
PlayStation-ის უფასო თამაშებში Sony რეკლამების დამატებას გეგმავს
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ დეველოპერები PlayStation-ის უფასო თამაშებში რეკლამების განთავსებას შეძლებენ – Sony-ის ამ ინიციატივის მიზანია, რომ უფასო თამაშების შემქმნელ დეველოპერებს საკუთარი კონტენტის მონეტიზაციის საშუალება მისცეს და უფასო თამაშების შექმნა წაახალისოს.
როგორც ირკვევა, რეკლამები თამაშებში ბუნებრივად ინტეგრირდება და ბილბორდების მსგავს ადგილებზე განთავსდება, მაგრამ ამასთანავე, მოთამაშეებს საშუალება ექნებათ, რეკლამების ყურებისთვის სპეციალური პრიზები მიიღონ. Business Insider-ის თქმით, Sony-ის ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, დააწესებს თუ არა საკომისიო გადასახადს რეკლამებიდან შემოსულ თანხაზე.
საინტერესოა, რომ Sony-ის ეს გადაწყვეტილება Business Insider-ის მიერ Microsoft-ის შესახებ გასულ კვირას გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა, რომლის თანახმად, ამერიკული კომპანია ასეთივე ფუნქციონალის გაშვებას გეგმავს Xbox-ის უფასო თამაშებისთვის. თუმცა, როგორც ირკვევა, Microsoft-ი საკომისიო გადასახადების დაწესებას არ აპირებს.
ისე კი, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი შემოთავაზება შეიძლება საინტერესოდ ჟღერდეს, არ არის გამორიცხული, რომ კომპანიებს დეველოპერების მოზიდვა გაუჭირდეს – საქმე ისაა, რომ პრობლემურია როგორც რეკლამების ზრდასრულ ან ძალადობრივი კონტენტის სიახლოვეს განთავსება, ასევე კონკრეტული რეკლამების მნახველი მომხმარებლების შემდგომი ქცევის აღწერა. თუმცა არსებობს უფრო მარტივი მიზეზიც – შესაძლოა, რომ ვიდეოთამაშებში ჩაშენებული რეკლამები მომხმარებლებისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს.
Starlink-ი უკრაინაში საკუთარი წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის სატელიტური ინტერნეტის კომპანია Starlink-ი უკრაინაში საკუთარი წარმომადგენლობის გახსნაზე მუშაობს, – ამის შესახებ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფიოდოროვმა განაცხადა. ამასთანავე, მინისტრმა გასცა შესაბამისი განკარგულება, რომლის თანახმად, სპეციალურმა ორგანოებმა Starlink-ის ლიცენზირების პროცესი, რაც შეიძლება მალე უნდა დაასრულონ.
აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის Starlink-სა და უკრაინის ხელისუფლებას შორის ურთიერთობა აქტიურ ფაზაში შევიდა ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ჯერ კიდევ თებერვალში, ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა ილონ მასკს ტვიტერზე მიმართა და სთხოვა, უკრაინაში Starlink-ის სერვისი გაეაქტიურებინა. დღეს უკრაინის სამხედრო ძალები ინტერნეტს Starlink-ის 10 ათასზე მეტი სატელიტისგან იღებენ – ამასთანავე, Starlink-ის ინტერნეტი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის უწყვეტ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.