გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასულ კვირას, ტექნოლოგიური მიმართულებით განსაკუთრებით Meta აქტიურობდა, რომელმაც ერთბაშად რამდენიმე საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ განაცხადა: მარკ ცუკერბერგის კომპანია ორი ტიპის ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს: ერთი – უნივერსალური თარჯიმანია, რომელიც ადამიანებს კომუნიკაციას გაუმარტივებს, ხოლო მეორე – ვირტუალური სამყაროების შემქმნელი, რომელიც ხმოვან ბრძანებებს ასრულებს. ამასთანავე, გასულ კვირას გავრცელდა ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებულ ნახატებს საავტორო უფლება არ მიენიჭება. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი ჩართო

გასულ კვირას, ომით გატანჯულ უკრაინელ ხალხს, რომელთაც ინტერნეტი შეფერხებებით და ზოგჯერ საერთოდ არ მიეწოდებოდათ, SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა დახმარება აღმოუჩინა და უკრაინაში Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი ჩართო.

ამგვარი გადაწყვეტილება მასკმა მას მერე მიიღო, რაც უკრაინის ვიცე-პრემიერმა, მიხაილო ფიოდოროვმა ტვიტერში დაწერა: „ილონ, იმ დროს, როცა მარსის კოლონიზაციას ცდილობ, რუსეთი უკრაინის ოკუპაციას ცდილობს! მაშინ, როცა შენი რაკეტები კოსმოსიდან დაბრუნებისას წარმატებით ეშვებიან [დედამიწაზე], რუსული რაკეტები უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას უტევენ! გთხოვთ, რომ უკრაინა Starlink-ის ინტერნეტის სადგურებით უზრუნველყო და ფსიქიკურად გაწონასწორებულ ადამიანებს უთხრა, რომ ამ ყველაფერს წინ აღუდგნენ“.

მიხაილო ფიოდოროვის ამ ტვიტს ილონ მასკმა რამდენიმე საათში უპასუხა და განაცხადა, რომ სატელიტური ინტერნეტი ჩაირთო, ხოლო Starlink-ის სადგურები გზაში იყო.

SEC-ი ილონ და კიმბალ მასკების ინსაიდერული ვაჭრობის შესაძლო შემთხვევას სწავლობს

როგორც გასულ კვირას გაირკვა, ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელი ორგანო, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) ინსაიდერული ვაჭრობის თაობაზე ილონ და კიმბალ მასკების საბაზრო აქტივობას სწავლობს – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. SEC-ის მოკვლევა ძმების მიერ გასულ წელს შესრულებულ ტრანზაქციას ეხება, რომლის შედეგად ილონმა და კიმბალმა Tesla-ს $108 მილიონის ღირებულების აქციები გაყიდეს.

ფოტო: JAVIER ROJAS/ZUMA PRESS

საქმე ისაა, რომ ამ ტრანზაქციის მეორე დღეს ილონ მასკმა მის გამომწერებს Twitter-ზე ჰკითხა, გაეყიდა თუ არა კომპანიის 10%-იანი წილი. ამ გამოკითხვის შედეგად, გამომწერთა უმრავლესობამ ილონ მასკს კომპანიის წილის გაყიდვა შესთავაზა, რის გამოც, მალევე, კომპანიის აქციის ფასი საგრძნობლად შემცირდა.

ილონ მასკის ძმამ, კიმბალ მასკმა, რომელიც Tesla-ს დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრია, ილონის ტვიტამდე ერთი დღით ადრე კომპანიის 88500 აქცია გაყიდა, რაც სულ მცირე ეჭვს იწვევს, რომ მას ინსაიდერული, ანუ საჯაროდ დახურული ინფორმაცია ჰქონდა, რომელმაც მისი გადაწყვეტილება განაპირობა. SEC-ის ამ ეჭვს კიდევ უფრო აღვივებს ის ფაქტი, რომ ამჯერად, კიმბალ მასკს არ გამოუყენებია ის პროგრამა – 10b5-1 – რომელსაც კომპანიების თანამშრომლები და დირექტორთა საბჭოს წევრები აქციების გასაყიდად იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია ილონ მასკის ქმედებებს სწავლობს – ანტრეპრენიორსა და მარეგულირებელს შორის არსებულ მუდმივ დაძაბულობას ჯერ კიდევ 2018 ჩაეყარა საფუძველი, როცა მასკმა Tesla-ს კერძო კომპანიად გადაქცევისა და ამისთვის საჭირო რესურსების არსებობის შესახებ განაცხადა, რითაც SEC-ის გადაწყვეტილებით, ინვესტორები შეცდომაში შეიყვანა.

ვირტუალური სამყაროები: თქვენ აღწერთ, Meta-ს ხელოვნური ინტელექტი – ქმნის

გასულ კვირას, Meta-ს დამაარსებელმა საინტერესო სიახლის შესახებ ისაუბრა, რომელიც კომპანიის მეტავერსის მიმართ ადამიანების ინტერესის გაღვივებას ისახავს მიზნად: მარკ ცუკერბერგის თქმით, კომპანია იმგვარ ხელოვნურ ინტელექტს ავითარებს, რომელიც ვირტუალური სამყაროების შექმნას მომხმარებლის აღწერის საფუძველზე შეძლებს.

დამხმარე ხელოვნური ინტელექტის, Builder Bot-ის შესახებ მარკ ცუკერბერგმა ვიდეო ჩაწერა, რომელშიც ჩანს, რომ ბოტს ისეთი ბრძანებების შესრულება შეუძლია, როგორიცაა, მაგალითად – „პლაჟზე წავიდეთ“, რაზეც ის ქვიშისა და წყლის ანიმაციურ სამგანზომილებიან გარემოს ქმნის. თუმცა, Builder Bot-ს უფრო რთული დავალებების, მათ შორის მაღალგროვა ღრუბლებისა და წყალქვეშაფრთებიანი მოტორიანი ნავის შექმნა და ტროპიკული მუსიკის ჩართვა შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ ტექსტზე დაყრდნობით სურათების შექმნა არახალია, ეს რამდენიმე ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, მათ შორის OpenAI-ის DALL-E-ს, Nvidia-ს GauGAN2-ს და VQGAN+CLIP-ს, თუმცა ყველა ეს პროექტი ასე თუ ისე შეზღუდულია, რადგან მათ, როგორც წესი, მხოლოდ ნაკლებად საინტერესო დიზაინის მქონე ორგანზომილებიანი ილუსტრაციების შექმნა შეუძლიათ.

როგორც ცუკერბერგის მიერ გავრცელებული დემოდან ირკვევა, Builder Bot-ი სამყაროებს მომხმარებლის მიერ სიტყვიერად ნათქვამი აღწერის საფუძველზე ქმნის, რაც Meta-ს ტექნოლოგიის სიძლიერეზე მიუთითებს. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანია აქ არ ჩერდება: „დეტალური სამყაროების შექმნას და მათში სხვებთან ერთად დროის გატარებას, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ხმის გამოყენებით შეძლებთ“, – განაცხადა ცუკერბერგმა.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით Meta უნივერსალურ თარჯიმანს შექმნის

გასულ კვირას, Meta-მ კიდევ ერთი ამბიციური პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა: კომპანიას სურს, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით უნივერსალური თარჯიმანი შექმნას, რომელიც სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანებს რეალურ დროში კომუნიკაციის საშუალებას მისცემს – კი, ეს ნამდვილად ისაა, რაც ამ დრომდე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში არაერთხელ გვინახავს.

ფოტო: Meta

„ნებისმიერ ადამიანთან ნებისმიერ ენაზე საუბრის შესაძლებლობა ის სუპერუნარია, რომელზეც ადამიანები პირველივე დღიდან ოცნებობენ – ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ამას ჩვენს სიცოცხლეში მოვესწრებით“, – განაცხადა Meta-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა.

Meta-ს განცხადებით, ინგლისურ, ჩინურ და ესპანურ ენებს დღეს არსებული სათარჯიმნო ხელსაწყოები ისედაც კარგად უმკლავდებიან, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ მოსახლეობის დაახლოებით 20%  ამ ენებზე არ საუბრობს და თან, მათი ენების უმეტესობას დამწერლობა არა აქვს, რაც კომპიუტერის მიერ მათ თარგმნას კიდევ უფრო ართულებს. Meta-ს სათარჯიმნო ხელოვნური ინტელექტი სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტას შეეცდება, რისთვისაც მანქანური დასწავლის პრინციპებს ორი მიმართულებით გამოიყენებს: პირველი – ის ხელოვნური ინტელექტის ისეთ მოდელებს შექმნის, რომლებიც თარგმნის შესწავლისთვის გაცილებით უფრო ნაკლებ მაგალითს გამოიყენებენ, ანუ უფრო ეფექტიანები იქნებიან და მეორე – ის ადამიანების საუბრის რეალურ დროში თარგმნას დაიწყებს, ყოველგვარი დამწერლობითი კომპონენტის გარეშე.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი ამბიციური პროექტის შესრულებისთვის კონკრეტული ვადა Meta-ს არ დაუწესებია – ამ ეტაპზე ისინი უტოპიურ პათოსს არჩევენ, რომლის თანახმად ამგვარი ტექნოლოგია ადამიანების თვალსაწიერს და მსოფლმხედველობას თავდაყირა დააყენებს და ადამიანებს შორის ინფორმაციის მიმოცვლის მექანიზმებს სამუდამოდ შეცვლის.

Meta-მ TikTok-ის მსგავსი ფუნქციონალი, Reels-ი გლობალურად გაუშვა

მას მერე, რაც Meta-მ გასული წლის ბოლო კვარტალში არასახარბიელო ფინანსური შედეგები აჩვენა, Facebook-ზე არაერთი განახლება გამოჩნდა – გასულ კვირას, Facebook-მა TikTok-ის მსგავსი მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების ფუნქციონალი, Reels-ი, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წლის აგვისტოში გამოჩნდა, გლობალურად ხელმისაწვდომი გახადა. ამგვარი გადაწყვეტილება მოულოდნელი სულაც არ არის, რადგან Facebook-ის ყოველდღიურად აქტიური მომხმარებლების პლატფორმიდან გადინების მიზეზად ექსპერტები სწორედაც რომ TikTok-ს ასახელებენ. ამ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ ამგვარი კლება კომპანიის 18-წლიან ისტორიაში პირველად დაფიქსირდა.

ფოტო: Meta

გარდა უშუალოდ პლატფორმის გაშვებისა, Meta კრეატორებს იმ ხელსაწყოებზე წვდომასაც მისცემს, რომლებიც ამერიკასა და სხვა ქვეყნებში, ამ პროდუქტის ბეტა-ტესტირებისას იყო ხელმისაწვდომი: კრეატორები სხვა ვიდეოების დადუეტებას და დრაფტების შენახვას შეძლებენ, ხოლო ვიდეოს მაქსიმალური ხანგრძლივობა 60 წამით განისაზღვრა. ამასთანავე, მომავალ თვეებში, კრეატორებს ვიდეოს დამუშავების ხელსაწყოებზე წვდომაც გაუჩნდებათ.

ამასთანავე, Facebook-მა Reels-ის მონეტიზაციის ფუნქციონალიც გააფართოვა. ამიერიდან, კრეატორებს რეკლამირების ორ ფორმატს შორის მოუწევთ არჩევა – Facebook Reel-ის ქვედა ნაწილში არსებულ ნახევრად გამჭვირვალე ბანერებსა და სტატიკურ სტიკერებს შორის, რომელთა განთავსება კრეატორს ვიდეოს ნებისმიერ ადგილას შეუძლია. ამასთანავე, Facebook Reels-ს სპეციალური ვარსკლავები დაემატება, რომლებითაც მაყურებლები კრეატორების ფინანსურ დახმარებას შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ Facebook Reels-ის წარმატების შედეგები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ არ შეგვიძლია არ ვთქვათ, რომ სხვა სოციალური ქსელების ფუნქციონალის გადმოღება Facebook-ს, როგორც წესი, არ უჭირს: ასე იყო Snapchat-ის Stories-ის შემთხვევაში, რომელიც Meta-ს საკუთრებაში არსებულ Instagram-ს სრულად ბუნებრივად მოერგო.

ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ნახატებს საავტორო უფლება არ მიენიჭება

ცოტა ხნის ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის გადაწყვეტილებით, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს საავტორო უფლება არ მიენიჭება. ეს გადაწყვეტილება აშშ-ის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის სამკაციანმა საბჭომ მოქალაქე სტივენ თალერის განცხადების საფუძველზე მიიღო, რომელიც საავტორო უფლების მინიჭებას მის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის, Creativity Machine-ის ნაცვლად ითხოვდა.

როგორც მარეგულირებლის მიერ გავრცელებული დოკუმენტიდან ირკვევა, ზემოთ ნაჩვენებ ნახატზე საავტორო უფლების ხელოვნური ინტელექტისადმი მინიჭება შეუძლებელია, რადგან ის ადამიანური ავტორობის პრინციპის მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს. თუმცა საინტერესოა, რომ ხელოვნური ინტელექტის მუშაობაში ადამიანის მიერ მინიმალური, თითქმის არარსებული ჩარევა სწორედ ის პრინციპია, რომლითაც Creativity Machine-ი ფუნქციონირებს.

აშშ-ის ინტელექტუალური საკუთრების ოფისი მიიჩნევს, რომ ადამიანურ გონებასა და შემოქმედებით გამოხატვას შორის არსებული კავშირი – საავტორო უფლების ქვაკუთხედია. თუმცა ამასთანავე, საავტორო უფლებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა არ განსაზღვრავს კონკრეტულ წესებს მათთვის, რაც ადამიანი არ არის, რის გამოც ამგვარი წესები – სასამართლო პრეცედენტებს ეფუძნება. ამგვარი პრაქტიკის შედეგად მიღებულია ის, რომ რიგ შემთხვევებში, საავტორო უფლების მიღება ცხოველებს შეუძლიათ, თუმცა ეს ლოგიკა  ხელოვნურ ინტელექტზე ჯერჯერობით არ ვრცელდება.