გასული კვირა საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა მრავალმხრივი ტექნოლოგიური სიახლეებით: მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ, ამერიკულმა Amazon-მა პირველადი ჯანდაცვის ამერიკული ქსელი, One Medical-ი შეიძინა, ხოლო იაპონურმა Sony-მ კიბერსპორტის ტურნირების პლატფორმა, Repeat.gg-ი შეიძინა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რაც გასულ კვირას კიბერსპორტის მიმართულებით მოხდა, რადგან FaZe Clan-ი კიბერსპორტის ერთ-ერთი პირველი კომპანია გახდა, რომელიც საფონდო ბირჟაზე დაილისტა, $725-მილიონიანი შეფასებით. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes-ის ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
Amazon-მა პირველადი ჯანდაცვის ამერიკული ქსელი, One Medical-ი $3.9 მილიარდად შეიძინა
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Amazon-ი პირველადი ჯანდაცვის ამერიკულ ქსელს, One Medical-ს $3.9 მილიარდად შეიძენს, – ამის შესახებ კომპანიების ოფიციალურ პრესრელიზში ვკითხულობთ. საინტერესოა, რომ ამ ტრანზაქციის წარმატებულად დახურვის შემდეგ, ეს Amazon-ის ისტორიაში რიგით მესამე უმსხვილესი ტრანზაქცია იქნება, Whole Foods-ის $13.7 მილიარდად და MGM-ის $8.45 მილიარდად შეძენის შემდეგ.
ცნობისთვის გეტყვით, რომ One Medical-ი, რომელშიც ინვესტიცია Alphabet-საც აქვს განხორციელებული, გამოწერის ბიზნესმოდელის მქონე პირველადი ჯანდაცვის ქსელია, რომელსაც, როგორც წესი, მომხმარებლები ჯანმრთელობის დაზღვევასთან ერთად ყიდულობენ. One Medical-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ტელემედიცინის ონლაინსერვისით 24/7-ზე რეჟიმში ისარგებლონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში იმავე ან მაქსიმუმ მეორე დღეს ექიმს ფიზიკურადაც შეხვდნენ, კომპანიის საკუთრებაში არსებული 125 კლინიკიდან ერთ-ერთში.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ One Medical-ი მომხმარებლებს პრემიუმ-ხარისხის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.
„ექიმთან ვიზიტის შვებულებად გადაქცევა ნამდვილად არ შეგვიძლია, მაგრამ მოსაცდელი ოთახის სასტუმროს ვესტიბიულად გადაქცევა – კი. ჩვენი დიზაინერები ისეთ ავეჯსა და ტექსტილს არჩევენ, რომლებიც კლინიკაში გამოყენებულს არ ჰგავს, მაგრამ იმავე ფუნქციას ასრულებს – საუბარია რბილი ტექსტურის, დამამშვიდებელი ელფერისა და საინტერესო მოხატულობის მქონე ქსოვილებზე“, – ისმის One Medical-ის ერთ-ერთი ვიდეოს აღწერაში.
„გვჯერა, რომ ჯანდაცვა ერთ-ერთია იმ გამოცდილებათაგან, რომელთაც გარდაქმნა ყველაზე მეტად სჭირდებათ, – განაცხადა Amazon Health Services-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნილ ლინდსეიმ. – ვიზიტის დაჯავშნა და მისთვის კვირების და ზოგჯერ თვეების განმავლობაში ლოდინი, სამსახურიდან გათავისუფლება, კლინიკამდე მისვლა, მანქანის გასაჩერებელი ადგილის მოძებნა და მოსაცდელ ოთახში დაყოვნება – ყველაფერი ეს იმისთვის, რომ ექიმთან რამდენიმე წუთი დავყოთ და აფთიაქს მივაშუროთ. არაერთ შესაძლებლობას ვხედავთ ამ გამოცდილების ხარისხის გაუმჯობესებისა და ადამიანებისთვის დროის დაზოგვის კუთხით“.
აღსანიშნავია, რომ One Medical-ის შესყიდვით, Amazon-ი ჯანდაცვის ბაზრის ათვისების რამდენიმე წლის წინ დაწყებულ ტრენდს აგრძელებს. ამ მიმართულებით, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი ჯერ კიდევ 2020 წელს გააქტიურდა, როცა Amazon Pharmacy გაუშვა. მოგვიანებით, Amazon-მა ტელემედიცინის საკუთარი პლატფორმა, Amazon Care-ი ამერიკის შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე გახადა ხელმისაწვდომი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ One Medical-ის შესყიდვით, Amazon-ს პირველადი ჯანდაცვის ბაზარზე შესვლის ძალიან კარგი შანსი მიეცა.
Virgin Atlantic-ი და Vertical Aerospace-ი ვერტიკალურად ასაფრენ-დასაჯდომ თვითმფრინავს ერთობლივად გამოცდიან
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის გაზაფხულზე, ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდ ბრენსონის ტექნოლოგიური კომპანია, Virgin Atlantic-ი და ვერტიკალურ ასაფრენ-დასაჯდომი თვითმფრინავების მწარმოებელი ბრიტანული სტარტაპი, Vertical Aerospace-ი ფუტურისტული ტექნოლოგიის მქონე თვითმფრინავებს ერთად გამოცდიან, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ფრენა ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ ბრისტოლის მთავარი აეროპორტიდან განხორციელდება – ცნობისთვის გეტყვით, რომ ეს ადგილმდებარეობა შემთხვევით არ გახლავთ შერჩეული, რადგან Vertical-ის ავიაბაზა სწორედ იქ მდებარეობს.
ფოტო: Vertical Aerospace
აღსანიშნავია, რომ Virgin Atlantic-ის ჩართულობა ამ პროექტში შემთხვევითი არ არის, ბრიტანულ გიგანტს Vertical-ისთვის ვერტიკალურად ასაფრენ-დასაჯდომი თვითმფრინავების რამდენიმე ეგზემპლარი აქვს შეკვეთილი. თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ თვითმფრინავების გამოცდაში სხვა კომპანიებიც მონაწილეობენ, მათ შორისაა საინჟინრო კომპანია Atkins-ი, საჰაერო ნავიგაციის სერვისის მომწოდებელი NATS-ი, რამდენიმე აეროპორტი და უნივერსიტეტი – ჯამში, ამ ჯგუფმა $11.4 მილიონს მოუყარა თავი.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვერტიკალურად ასაფრენ-დასაჯდომ თვითმფრინავებში (VTOL) გამოყენებულიტექნოლოგია ახალია და ჯერჯერობით უცნობია, დაიწყება თუ არა მისი მასობრივი დანერგვა. ამ ეტაპზე, ამ მიმართულებით Vertical-ი სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელ კომპანიასთან, Babcock International Group-თან თანამშრომლობს – კომპანიებს სურთ, რომ VTOL-თვითმფრინავები გადაუდებელი სამედიცინო აუცილებლობის დროს და გადაზიდვებისთვის იქნას გამოყენებული.
თუმცა თავისუფალი კომერციული ფრენების ჩასატარებლად კომპანიას შესაბამისი ლიცენზია სჭირდება და არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ Virgin Atlantic-თან ჩასატარებელი ერთობლივი გამოცდები სწორედ ამ მიზანს ემსახურება. Bloomberg-ის ინფორმაციით, სატესტო გაფრენებისას შემოწმდება როგორც თვითმფრინავის მართვა, ნავიგაცია და უსაფრთხოება, ასევე მისი ფიზიკური და ციფრული აგებულება.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ის ბაზარი, რომელზეც Vertical Aerospace-ი თავის დამკვიდრებას გეგმავს, სხვადასხვა კომპანიითაა გაჯერებული. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მათგან Vertical-ი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული არ არის – ამ ეტაპზე კომპანიას 1400 ერთეული თვითმფრინავის შეკვეთა აქვს მიღებული, მათ შორის Virgin Atlantic-ისა და American Airlines Group-ისგან.
FaZe Clan-ის აქციები Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე განთავსდა – კომპანია $725 მილიონად შეფასდა
როგორც იქნა, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა eSports-კომპანიამ, FaZe Clan-მა SPAC-კომპანიასთან შერწყმის გზით, საკუთარი აქციები Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე განათავსა – გარიგების შედეგად, კომპანიის ღირებულება $725 მილიონად შეფასდა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება გასული წლის ოქტომბერში ნავარაუდებ $1-მილიარდიან შეფასებას.
აღსანიშნავია, რომ FaZe Clan-ი ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია, რაც განპირობებულია როგორც კომპანიის წარმატებული eSports-მიმართულებით, ასევე სხვა მრავალმხრივი ბიზნესებით, რომელთაც კომპანია შემოსავლების წყაროების დივერსიფიკაციისთვის იყენებს. ვიდეოთამაშებიდან მიღებული მონეტიზაციის შედარებით შეზღუდული მოცულობის გამო, კომპანია ციფრული კონტენტის შექმნაზე ცნობილ სახეებთან კოლაბორაციებზე და საკუთარი წარმოების ბრენდირებული ტანსაცმლის გამოშვებაზე ფოკუსირდება. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ FaZe Clan-ს საკუთარი კინოსტუდიაც აქვს, რომელშიც სრულმეტრაჟიანი ფილმებისა და სატელევიზიო პროექტების შექმნაა შესაძლებელი.
ისე კი, ცნობილ სახეებთან კოლაბორაცია FaZe Clan-ისთვის იმდენად არ არის უცხო, რომ ამ ტრენდს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოშიც ვხედავთ. აწ უკვე საჯარო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად გვევლინებიან როგორც WeWork-ის ფინანსური დირექტორი, ენჯელა დოლტონი, ასევე ცნობილი ამერიკელი რეპერი Snoop Dogg-ი და Yahoo-ს ყოფილი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, როს ლევინსონი.
ფოტო: FaZe Clan/Nasdaq
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ FaZe Clan-ის საჯარო კომპანიად გადაქცევა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ის ვიდეოთამაშებისა და გართობის ინდუსტრიის ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც უშუალოდ GenZ-ის წამომადგენლებზე არის ორიენტირებული. თავისთავად ეს ფაქტი უცნაური სულაც არ არის – თავად FaZe Clan-ის შექმნის ისტორია ხომ ვიდეოთამაშების მოყვარულ რამდენიმე ტინეიჯერ მეგობარს უკავშირდება, რომელთაც საკუთარი საყვარელი საქმიანობა კარიერად აქციეს. დღეს FaZe Clan-ი განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდა თაობაში – კომპანიის ინფორმაციით, მისი აუდიტორიის 80%-ის ასაკი 13-სა და 34 წელს შორის მერყეობს.
ისე კი, FaZe Clan-ის აქციების პირველადი განთავსება მნიშვნელოვანია იმ მიზეზითაც, რომ დამოუკიდებელ eSports-კომპანიებს შორის ის ერთ-ერთი პირველია, რომელმაც საჯარო კომპანიად გადაკეთება გადაწყვიტა. თავად ეს ფაქტი ვიდეოთამაშების და ზოგადად კიბერსპორტის ინდუსტრიის უზარმაზარ პოტენციალს უსვამს ხაზს. ვიდეოთამაშების კვლევითი ორგანიზაციის, Newzoo-ს დათვლებით, 2022 წლის ბოლოსთვის, კიბერსპორტის მოყვარულთა გლობალური ბაზა 532 მილიონამდე გაიზრდება – მათ შორისაა კიბერსპორტზე ის განსაკუთრებულად შეყვარებული 261 მილიონი ადამიანი, რომლებიც ამგვარ კონტენტს თვეში რამდენიმეჯერ იღებენ. შედარებისთვის გეტყვით, რომ უკანასკნელ Super Bowl-ს 112 მილიონი მაყურებელი ჰყავდა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ გასულ წელს FaZe Clan-მა $53 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც $15 მილიონით აღემატება 2020 წელს მიღებულ შემოსავალს. თუმცა შემოსავლის ზრდის მიუხედავად, კომპანია ჯერ კიდევ არ არის მოგებიანი – Forbes-ის დათვლებით, გასულ წელს კომპანიამ $36.9 მილიონის წაგება დააფიქსირა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ FaZe Clan-ის შემოსავლის ძირითად წყაროებს სასპონსორო გარიგებები, კონტენტის შექმნა, სამომხმარებლო პროდუქტების გამოშვება და eSports-შეჯიბრებიდან მიღებული შემოსავალი წარმოადგენს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ საფონდო ბირჟაზე პირველადი განთავსების შედეგად ინვესტორებისგან მოზიდული კოლოსალური თანხებით, FaZe Clan-ი კომპანიის ზრდასა და შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაციას შეეცდება, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოგებაზე გავიდეს. ამ თემაზე კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ლი ტრინკი The Washington Post-ს ესაუბრა. მან განაცხადა, რომ კომპანია გააქტიურებას სათამაშო და Web3-ის ინდუსტრიებში გეგმავს.
Sony-მ eSports-ტურნირების პლატფორმა, Repeat.gg-ი შეიძინა
აღსანიშნავია, რომ გასული კვირა საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა eSports-მიმართულებით შექმნილი ახალი ამბებით, რის დასტურად ისიც გამოდგება, რომ იაპონურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Sony-მ eSports-ტურნირების პლატფორმა, Repeat.gg-იშეიძინა, რითაც კიბერსპორტის ინდუსტრიაში საკუთარი ინვესტიცია საგრძნობლად გაამყარა. ცნობისთვის გეტყვით, რომ Repeat.gg-ს ასი ათასზე მეტი კიბერტურნირი აქვს ჩატარებული, რომლებშიც მონაწილეობა 2.3 მილიონზე მეტმა მოთამაშემ მიიღო – პლატფორმის პოპულარულ ვიდეოთამაშებს შორის Fortnite-ი, League of Legends-ი და Call of Duty: Warzone-ს ვხვდებით.
ფოტო: Repeat.gg
„ერთი სული გვაქვს, Repeat.gg-ის ნიჭიერ გუნდთან ერთად კიდევ უფრო ღრმად შევისწავლოთ, თუ როგორ შეუძლიათ მოთამაშეებს ვიდეოთამაშების ტურნირებში ჩაერთონ და eSports-მიმართულებით ჩვენი სერვისები განვავრცოთ, – განაცხადა Sony-ის წარმომადგენელმა GamesIndustry.biz-თან საუბრისას. – ეს ჩვენი მოგზაურობის დასაწყისია და ერთი სული გვაქვს, ჩვენს კომუნას მომავალში კიდევ არაერთი სიახლე ვაუწყოთ“.
როგორც ირკვევა, ეს გარიგება Repeat.gg-ისთვისაც ხელსაყრელი აღმოჩნდა, რადგან ამ გზით, კომპანიას უფრო დიდ კაპიტალთან, ვიდეოთამაშების უფრო მეტ ფრენჩაიზთან და უახლეს ტექნოლოგიასთან ექნება წვდომა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შესყიდვის შედეგად არ შეიცვლება Repeat.gg-ის სხვადასხვა მწარმოებლის მოწყობილობებთან დაკავშირებული პოლიტიკა – Sony PlayStation-ის გარდა, პლატფორმაზე კვლავაც ხელმისაწვდომი იქნება პერსონალური კომპიუტერის, სმარტფონებისა და სხვა სათამაშო კონსოლების ფუნქციონალი.
Repeat is excited to announce we are now a part of the Sony Interactive Entertainment family, the home of @PlayStation and many amazing game studios.
Read more here -> https://t.co/YSTWDqCIMO pic.twitter.com/Nxa02HE4HF
— Repeat.gg – Tournaments (@Repeatgg) July 18, 2022
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია eSports-მიმართულებით ჯერ კიდევ გასულ წელს გააქტიურდა, როცა პრესტიჟული eSports-ტურნირების მასპინძელი პლატფორმის, Evo-ს წილი შეიძინა. აღსანიშნავია, რომ პარალელურად ამისა, კიბერსპორტის ტურნირებს Sony-ი საკუთარი პლატფორმის, PlayStation Tournaments-ის მეშვეობითაც ატარებს.
რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში Google-ი აიკრძალება
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში, რომელთაც ოფიციალური მოსკოვი დონეცკისა და ლუჰანსკის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად მოიხსენიებს, Google-ის საძიებო სისტემა აიკრძალება, – ამის შესახებ The Guardian-ი წერს. აკრძალვის მიზეზად ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერმა, დენის პუშილინმა „რუსებისა და განსაკუთრებით დონბასში მცხოვრები ადამიანების საწინააღმდეგოდ მიმართული ძალადობა და ტერორიზმის ხელშეწყობა“ დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ თავისთავად ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი სულაც არ არის, რადგან ის სრულად თანხვდენილია ოფიციალური მოსკოვის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებთან. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში დიდი დასავლური სოციალური ქსელები და ვებგვერდები აიკრძალა. ამა წლის მარტში, მაგალითად, რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში Facebook-ი და Instagram-ი აკრძალა, რადგან, მათი თქმით, ეს პლატფორმები „ექსტრემისტული“ ხასიათისა იყო. ორი თვის შემდეგ, მაისში, ამგვარი გადაწყვეტილება ოკუპირებული რეგიონების დე-ფაქტო ხელისუფლებამაც მიიღო.
თუმცა აკრძალვა ერთადერთი ხერხი არ არის, რომლითაც რუსეთისა და მისი სატელიტი კვაზისახელმწიფოების ხელისუფლება იყენებს – ამის დასტურად რუსეთის ხელისუფლების მიერ Google-სთვის $365-მილიონიანი ჯარიმა გამოდგება, რომელიც ამერიკულმა გიგანტმა რუსეთში „აკრძალული კონტენტის“ გავრცელებისთვის მიიღო. შეგახსენებთ, რომ უკრაინის კონტექსტში, რუსეთში სიტყვა „ომის“ გამოყენებაც კი აკრძალულია.
Ofcom: TikTok-ი ბრიტანელებისთვის ახალი ამბების ყველაზე სწრაფად მზარდი წყაროა
რაც უნდა უცნაური იყოს, გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები ადამიანებისთვის, ახალი ამბების ყველაზე სწრაფად მზარდი წყარო ჩინური სოციალური ქსელი TikTok-ია. გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი მარეგულირებლის, Ofcom-ის ახალი კვლევით ირკვევა, რომ ახალი ამბების გასაცნობად ჩინურ აპლიკაციას გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის 7% იყენებს, რაც რადიკალურად მეტია, ვიდრე 2020 წელს დაფიქსირებული 1%-იანი მაჩვენებელი.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებლის უახლესი კვლევა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩინური სოციალური ქსელი წარმოუდგენლად სწრაფად იზრდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგალითად, Gen Z-ის წარმომადგენელთა 40% TikTok-სა და Instagram-ს ყოველდღიური ინფორმაციის მოსაძებნად იყენებს.
თუმცა კოლოსალური ზრდისა და ბაზრის თამაშის წესებზე არსებული მნიშვნელოვანი გავლენის მიუხედავად, TikTok-ი, როგორც ახალი ამბების მთავარი წყარო, ამ ეტაპზე, მე-6 ადგილს იკავებს 16-დან 24 წლამდე ბრიტანელ ახალგაზრდებში – ამ მიმართულებით, TikTok-ს უსწრებს BBC-ის ვებგვერდი და აპლიკაცია (29%), Twitter-ი (35%), სატელევიზიო არხი BBC One-ი (36%), Facebook-ი (40%) და Instagram-ი (46%). ისე კი, TikTok-ის მიმართ გადახრა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია 12-დან 15 წლამდე ბავშვებში: ამ ასაკის მოსახლეობისთვის ახალი ამბების მთავარი სამი წყარო Instagram-ი (29%), YouTube-ი და TikTok-ია (ორთავე – 28%). თუმცა ტრადიციული მედიასაშუალებები ჯერ კიდევ ჯაბნიან შედარებით ახალ წყაროებს – პირველ და მეორე ადგილს ოჯახში მიღებული ინფორმაცია და ტელევიზია იკავებს.
„დღეს ტინეიჯერების მიერ გაზეთის წაკითხვა ან ტელევიზორში ახალი ამბების მოსმენა ნაკლებადაა მოსალოდნელი, რადგან სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღება მათ სოციალური ქსელი სქროლვით ურჩევნიათ“, – წერს Ofcom-ის სტრატეგიისა და კვლევითი დეპარტამენტის დირექტორი, ინ-ჩოუნგ ტე კვლევითი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. „ახალგაზრდები ხვდებიან, რომ სოციალური მედიიდან მიღებული ინფორმაცია ნაკლებად სარწმუნოა, ამ სერვისებს ისინი უფრო მაღალ შეფასებას უწერენ იქ გამოთქმული აზრების მრავალფეროვნების გამო“.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებლების მხრიდან არსებული ამგვარი უკუკავშირი ოდნავ დამამშვიდებელია, რადგან ბოლო დროს TikTok-ი და სხვა სოციალური ქსელები დეზინფორმაციის გავრცელების ძალიან მნიშვნელოვან წყაროებად ჩამოყალიბდნენ. თუმცა, როგორც Ofcom-ის მკვლევრები ფიქრობენ, ნდობის მხრივ ჯერ კიდევ ტრადიციული მედიასაშუალებები ლიდერობენ.