გაუტამ ადანი აზიის უმდიდრესი ადამიანი აღარაა

გაუტამ ადანი აზიის უმდიდრესი ადამიანი აღარაა

საინვესტიციო კვლევითი ფირმა Hindenburg Research-ის მიერ თაღლითობაში დადანაშაულების შემდეგ, ინდოელი მეწარმის, გაუტამ ადანის საკუთრებაში არსებული კონგლომერატის, Adani Group-ის აქციების ფასი სწრაფი ტემპით ვარდნას განაგრძობს. შედეგად, მილიარდერმა, ქონებასთან ერთად, აზიის უმდიდრესი ადამიანის სტატუსიც დაკარგა.

გაუტამ ადანი, რომელიც Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ცოტა ხნის წინ მესამე ადგილს იკავებდა,  მეთექვსმეტე პოზიციამდე ჩამოქვეითდა. ამჟამად, ადანი $68.5 მილიარდს ფლობს, აზიის უმდიდრესი ადამიანი კი Reliance Industries-ის თავმჯდომარე და წარმოშობით ასევე ინდოელი მუკეშ ამბანია. Forbes-ის მონაცემებით, მუკეშ ამბანი, $82.7 მილიარდით, მსოფლიოს რიგით მეათე უმდიდრესი ადამიანია.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას Hindenburg Research-მა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ადანის კომპანიები „ათწლეულების განმავლობაში აქციებით მანიპულირებასა და ბუღალტრულ თაღლითობასთან დაკავშირებულ სქემაში“ მონაწილეობაში დაადანაშაულა. ბოლო დღეებში $86 მილიარდის დაკარგვის შემდეგ, რაც ინდოეთის 2023 წლის $550-მილიარდიანი ბიუჯეტის 16%-ის ეკვივალენტურია, Adani Group-ში დალისტული შვიდი კომპანიის საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $131 მილიარდამდე შემცირდა.

Adan Enterprises-ის აქციები ფასი, კომპანიის, რომელსაც ხშირად ადანის ბიზნესის „ინკუბატორად“ მოიხსენიებენ, ოთხშაბათის მონაცემებით 28%-ით დაეცა. შედეგად, მისმა ზარალმა, Hindenburg-ის მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ, $18 მილიარდი შეადგინა.