გეიტსის თქმით, ნორმალური ცხოვრების დაბრუნების ვადამ შესაძლოა, 2022 წელს გადაინაცვლოს

გეიტსის თქმით, ნორმალური ცხოვრების დაბრუნების ვადამ შესაძლოა, 2022 წელს გადაინაცვლოს

Microsoft-ის დამფუძნებლის ბილ გეიტსის თქმით, ნორმალური ცხოვრების დაბრუნების ვადამ შესაძლოა, 2022 წელს გადაინაცვლოს.  ამერიკელი მილიარდერისა და ფილანთროპის თქმით, ავტორიზებული ვაქცინების რაოდენობის ზრდა ამერიკელებს მისცემს შესაძლებლობას, ნორმალურ ცხოვრებას მალე დაუბრუნდნენ. თუმცა ის გარკვეულ რისკებსაც ასახელებს.

CNN-თან საუბრისას, გეიტსმა განაცხადა, რომ შემოდგომაზე ამერიკაში ვითარება შედარებით დასტაბილურდება, თითქმის ყველა სკოლა რეალურ რეჟიმში შეძლებს დაბრუნებას, გაიზრდება რესტორნებსა და სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რიცხვიც.

„თუმცა უდიდესი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ პანდემიის გლობალურად დასრულებისთვის საკმარის ნაბიჯებს არ ვდგამთ. ვაქცინები მხოლოდ მდიდარ ქვეყნებში მიდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსის ახალი შტამები სხვა ქვეყნებში გავრცელდება და შემდეგ ისევ ამერიკაში დაბრუნდება“, – განაცხადა ბილ გეიტსმა.

მისივე თქმით, მსგავს შემთხვევაში, ცხოვრების ნორმალური წესის დაბრუნებას  2022 წელსაც მოვუნდებით.  .

მისივე თქმით, საჭიროა დამატებითი ქარხნები, სადაც ვაქცინა დამზადდება, მაგალითად, ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა ინდოეთი.

ცნობისთვის, ამერიკაში Pfizer-ის, Moderna-სა და Johnson&Johnson-ის ვაქცინებს აქვთ ავტორიზაცია გავლილი. AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის ავტორიზაცია ჯერ არ მომხდარა.

საერთო ჯამში, მიუხედავად არაერთი ვაქცინის გამოჩენისა, ბევრ განვითარებად ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ჯერ არც დაწყებულა. მათ შორის – არც საქართველოში. ამის პარალელურად კი მსოფლიო მასშტაბით  კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 2.5 მილიონს გადააჭარბა.