გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა

გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა. მან განცხადება დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა და განაცხადა, რომ მასსა და გუნდის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო. 

“საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეებში იყო რიგი საკითხები, რომელშიც მქონდა პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული მოსაზრებები. ეს ნორმალური პროცესია. არასდროს მოვრიდებივარ პოლემიკას. დღეს არის ის მომენტი როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება გუნდი დააკომპლექტოს”, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

მანვე იმ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელიც მთავრობამ მისი პრემიერობის დროს გაატარა.

“მთავრობის მეთაურის ვალდებულებაა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გათვლილია არა მყისიერ, არამედ გრძელვადიან პოლიტიკაზე. მე ასეთი პოლიტიკა ავირჩიეს. ყველას კარგად ახსოვს, ის კრიზისები, რომელიც ჩვენ რეგიონში მოხდა. სწორედ ამ პერიოდში მოგვიწია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. მინდა განსაკუთრებულად ავღნიშნო, რომ ჩვენ მივიღეთ შეგნებულად რამდენიმე გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა, საშუალოვადიან პერსპექტივაში მოეცა ეკონომიკური ზრდა, თუმცა სათანადოდ ვერ აისახა მოსახლეობის ყველა ფენაზე. ეს გადაწყვეტილებებია: მცურავი კურსი, რეფინანსირების განაკვეთის ზომიერი ცვლილება, ეს იყო ჭარბვალიანობის და დედოლარიზაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა მას შემდეგ რაც ფისკალური სტაბილურობა იქნა მიღწეული. ჩვენ ეს მას შემდეგ გავაკეთეთ რაც საბიუჯეტო დეფიციტი ჩამოვიყვანეთ, ამან მოგვიტანა ეკონომიკური დინამიკა. ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო გადაწყვეტილება რომ მაგალითად კურსი დაგვეფიქსირებინა, თუმცა ვერ მივიღებდით იმ დინამიკას რაც დღეს გვაქვს. ეს იყო შეგნებული, მაგრამ მტკივნეული გადაწყვეტილებები”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.