Google-ი ამერიკაში ახალი ოფისების გახსნას და 10 000 სამუშაო ადგილის შექმნას აპირებს - ინვესტიციის მოცულობა $7 მლრდ-ია

Google-ი ამერიკაში ახალი ოფისების გახსნას და 10 000 სამუშაო ადგილის შექმნას აპირებს - ინვესტიციის მოცულობა $7 მლრდ-ია

Google-ი ამერიკაში მდებარე ოფისებში $7 მლრდ-ის ინვესტირებას აპირებს, რომლის ფარგლებშიც 10 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„ვფიქრობ, ეკონომიკური აღდგენის პროცესი სწორედ ადგილობრივი თემებიდან, მოსახლეობიდან და მცირე ბიზნესებიდან დაიწყება. Google-ს სურს, აღდგენის პროცესის მონაწილე იყოს. სწორედ ამიტომ  ჩვენს ოფისებსა და მონაცემთა ცენტრებში $7 მილიარდის ინვესტირებას ვგეგმავთ, რათა მიმდინარე წელს ამერიკაში 10 000 სრულგანაკვეთიანი სამუშაო ადგილი შევქმნათ. ეს მოიცავს ინვესტირებას იმ ადგილებში, სადაც Google-ს ოფისები არა აქვს. საერთო ჯამში, გეგმებში 19 შტატის მასშტაბით გაფართოება შედის“, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა სუნდარ პიჩაიმ.

აღნიშნული განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ მომავალში Google-ის ოფისებში თანამშრომლების მასშტაბურად დაბრუნებას ელოდებიან. ამ დრომდე კომპანია აცხადებდა, რომ თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის უფლებას პანდემიის დასრულების შემდეგაც მისცემდნენ, თუმცა ერთი მეორეს მაინც არ გამორიცხავს.

„რეალურ სივრცეში პირადი ურთიერთობა და თანამშრომლობა Google-ის კულტურის მთავარი შემადგენელი ნაწილია და ეს მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება მომავალშიც. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ ინვესტირებას ჩვენს ოფისებში“, – განაცხადა პიჩაიმ.

ინვესტიციების ფარგლებში Google-ი ასევე გეგმავს ახალი ოფისებისა და ობიექტების გახსნას. მაგალითად, იგეგმება სამხრეთ კაროლინაში,  ჩრდილოეთ კაროლინასა და მისისიპიში ახალი „ქლაუდ-ინჟინერიის“ ობიექტების და საოპერაციო ცენტრის აშენება. ასევე, Google-ის ოფისებს დაემატება ვირჯინიის, როჩესტერის, ორეგონის, ჰიუსტონის და ა.შ. ახალი ოფისებიც.