გთხოვ, ელექტროშოკი მესროლე, ძმაო!

გთხოვ, ელექტროშოკი მესროლე, ძმაო!

Taser-ის ზრდის ახალი სტრატეგიის მიხედვით, ის პოლიციელებისთვის Dropbox-ად უნდა იქცეს.

როდესაც რიკ სმიტი თვითმფრინავშია და გვერდით მჯდომი მისი საქმიანობის შესახებ ეკითხება, ის, როგორც წესი, ბუნდოვნად პასუხობს: “მე სამრეწველო ელექტრონიკას ვყიდი”. მან იცის, თუ აღიარებს, რომ ის Taser International-ის დამაარსებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორია, მან უნდა გაუძლოს ფრენას, რომლის დროსაც ჩათრეული იქნება გაცხარებულ კამათში კავალერი პოლიციელების, გულის შეტევით სიკვდილის შემთხვევებისა და ვიღაც მეგობრის ან ბიძაშვილის შესახებ, რომელსაც მკერდში მისი ერთ-ერთი 50 000-ვოლტიანი ელექტრული იარაღიდან ესროლეს. “ეს დამღლელია”, – ამბობს ის.

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ 44 წლის დირექტორს რცხვენია იმის, რაც შექმნა. სმიტი დარწმუნებულია, რომ Taser-ის 750 ათასმა ელექტროშოკერმა, რომლებიც მან 21 წლის განმავლობაში გაყიდა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების თავიდან აცილებით, 100 ათასი სიცოცხლე გადაარჩინა. “ცეცხლსასროლი იარაღით ყოველწლიურად გამოწვეული შემაშფოთებელი რაოდენობის სასიკვდილო შემთხვევა უზარმაზარი სოციალური პრობლემაა. მე ვიფიქრე, რომ, თუ მისი გადაჭრა ისეთი გზით მოხერხდებოდა, რომელიც ფასეულობას შექმნიდა, ეს დიდი ბიზნესი იქნებოდა”.

და ასეც არის. ბოლო 12 თვის განმავლობაში კომპანიამ $148 მილიონი შემოსავლიდან $17 მილიონი წმინდა მოგება მიიღო, მაგრამ პრობლემა ის გახლავთ, რომ ელექტროშოკერის გაყიდვები არ არის ისეთი შოკისმომგვრელი, როგორიც კომპანიას სურს – გაყიდვა ამ დრომდე წელიწადში მხოლოდ 17 %-ით იზრდებოდა. თვითმფრინავში სმიტი Taser-ის ახალ მზარდ ბიზნესზე, სხეულზე სატარებელ კამერებსა და ციფრული ვიდეოს შენახვაზე უფრო დიდი სიამოვნებით ისაუბრებდა: ეს არის $599-ის ღირებულების ნეკა თითის ზომის კამერა, რომელიც ოფიცრის სათვალეზე მაგრდება; და $399-ად – სათამაშო კარტის ზომის მკერდზე სატარებელი ვერსია. სხეულზე სატარებელი კამერები უკვე წლებია, რაც არსებობს – Taser-მა მათი წარმოება 2009 წელს დაიწყო – მაგრამ ისინი პოლიციის განყოფილებების 15%-ზე ნაკლებს აქვს. ეს რიცხვი სულ მალე 100%-მდე გაიზრდება, – ამბობს სმიტი. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების უამრავი თანამშრომლისთვისაც, რომლებიც ამ ზაფხულს, მისურის შტატის ქალაქ ფერგიუსონში, ოფიცერ დარენ უილსონის მიერ მაიკლ ბრაუნის სასიკვდილოდ დაჭრის გამო არიან შეშფოთებულნი. “მე კამერების შესახებ აზრი შევიცვალე”, – ეუბნება Seattle Times-ს სიეტლის პოლიციის ოფიცრების პროფკავშირის პრეზიდენტი რონ სმიტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში კამერას თავს არიდებდა. “მე მჯერა, ოფიცერ უილსონს კამერა რომ ეტარებინა, ჩვენ არეულობები და დარღვევები ალბათ არ გვექნებოდა”.

სხეულზე სატარებელი კამერების გაყიდვები Taser-ის შემოსავლის მხოლოდ 10%-ს შეადგენს, მაგრამ ფერგიუსონის მოვლენების შემდგომ კვირებში მისი აქციები 50%-ით გაიზარდა. კამერების შესყიდვასთან დაკავშირებით სმიტმა ინტერესის ზრდა დაინახა, მაგრამ ჯერჯერობით არც ისე მნიშვნელოვანი. ამასობაში მისი მთავარი კონკურენტი, სხეულზე სატარებელი კამერების კერძო მწარმოებელი, Vievu აცხადებს, რომ სექტემბერში, ფერგიუსონის მოვლენების შემდეგ, შემოსავლის გაყიდვების ორნიშნა და სატესტო ერთეულებზე მოთხოვნების 70%-იანი ზრდით, საკუთარი რეკორდი მოხსნა.

Taser-ისთვის აპარატული უზრუნველყოფა, ფაქტობრივად, შემოსავლის სამყაროში მთავარი შესასვლელია: ეს არის მისი მონაცემების ღრუბელში (ქსელში) შენახვის სერვისი, სახელწოდებით Evidence.com-ი, რომელსაც, ერთ ოფიცერზე გაანგარიშებით, ერთ თვეში, $15-დან $55-მდე შეუძლია მოიტანოს. სააგენტოების 75%-მა, რომლებმაც გასულ კვარტალში კამერები შეიძინეს, უარი თქვეს ვიდეომასალის თავიანთ საკუთარ სერვერებზე შენახვისგან და Evidence.com-ზე დარეგისტრირდნენ. ახალი ორლეანის პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც Taser-ის სხეულზე სატარებელი 420 ცალი Axon-ის კამერა ექსპლუატაციაში გაუშვა, ხუთი წლის ვადით, $1,4 მილიონი გამოყო. კამერები $300 ათასზე ნაკლები დაჯდა; მათში გადახდილი თანხის დიდი ნაწილი მონაცემთა შენახვის საფასურია.

სმიტი Evidence.com-ს უწოდებს “Dropbox-ს პოლიციელებისთვის” და თავის შტატში სილიკონის ველის ინტელექტუალებს იყვანს, Facebook-ის ყოფილი ტექნიკური დირექტორის, ბრეტ ტეილორისა და სახელგანთქმული ინვესტორ-მეცენატის (დამწყები კომპანიების ინვესტორის) ჰადი პარტოვის ჩათვლით. გასულ წელს პარტოვიმ სმიტს ურჩია “სოციალური ფოტოალბომის” სტარტაპის, Familiar-ის, შესყიდვა, და მის მთავარ აღმასრულებელ დირექტორს, მარკუს უომეკს დაავალა, Evidence.com-ი გამოსაყენებლად მოხერხებული გაეხადა და დანაშაულის ადგილის ფოტოების ორგანიზებისთვის აპლიკაცია შეემუშავებინა.

პოლიციელებს ჩვენზე მეტად არ უყვართ, როდესაც ვიდეოს უღებენ, მაგრამ სხეულზე სატარებელი კამერების ეფექტის შესახებ მცირერიცხოვანი გამოკვლევები მოქალაქეთა მხრიდან ჩივილის რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას აჩვენებს. კემბრიჯის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, კალიფორნიის ქალაქ რიალტოს პოლიციის დეპარტამენტმა Taser-ის კამერების გამოყენებისას აღმოაჩინა, რომ პირველ წელს, 2012-ში, ოფიცრების მიერ ძალის გამოყენების შემთხვევებმა 60%-ით იკლო, ხოლო მოქალაქეთა საჩივრები პოლიციის წინააღმდეგ 88%-ით შემცირდა. რიალტოს პოლიციის უფროსი ტონი ფარარი FORBES-ს უყვება, რომ კამერების გამოყენების მეორე წელს პროგრესი ნაკლებად მკაფიო, მაგრამ კვლავ შთამბეჭდავი იყო, რადგან თავდაპირველ მონაცემებთან შედარებით, ძალის გამოყენების შემთხვევები 46%-ით შემცირდა, ხოლო მოქალაქეთა საჩივრები – 83%-ით. მესის პოლიციის დეპარტამენტის კიდევ ერთმა ერთწლიანმა კვლევამ გამოავლინა, რომ კამერის მატარებელ 50 ოფიცერს, უკამეროებთან შედარებით, საჩივრების მთელი რაოდენობის მესამედი ჰქონდა მიღებული და რომ ამ ოფიცრების მისამართით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, 75%-ით ნაკლები საჩივარი დაფიქსირდა, ვიდრე წინა წელს.

Taser-ი ქმნის და აწყობს ყველაფერს, რასაც არიზონის ქალაქ სკოტსდეილში, თავის ფუტურისტულ სათავო ოფისში ყიდის. ბრენდის 100 ათასი კვადრატული ფუტის ფართობის ტაძარი მრგვალ, ორი მინის კედლით გარშემორტყმულ ბრწყინვალე ვერცხლისფერ კოშკს წარმოადგენს. 40 ფუტი სიმაღლის მოძრავ სახურავებზე გამოფენილია პოლიციელების გიგანტური ფოტოები Taser-ით (ელექტროშოკერით) ხელში. ლითონის კარი ბრუნავს, მომენტალურად იღება და იკეტება, სტუმარს კი ირიდოსკანერის წინ ჩუმ, ლურჯ მრგვალ ოთახში ტოვებს. ამ პორტალის იქით, მაღლა მიმართული 40-ფუტიანი ატრიუმია ურთიერთგადამკვეთი მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი პოდიუმებით. როდესაც მოსამზადებელი სკოლა მუშაობს, ჰაერს ტკაცანის ხმა ავსებს – აქ მომხმარებლები და თანამშრომლები ელექტროშოკს საკუთარ თავზე გამოცდიან. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, სტივ ტატლი სხვადასხვა მოდელის ეფექტს აღწერს ისე, როგორც სომელიე აღწერს ღვინოებს. “M26-ს ძლიერი დარტყმა ჰქონდა. ის მტკივნეული იყო, – ამბობს ის, – მაგრამ ახალი მოდელები გაუმჯობესებულია. შოკი ეფექტურია”. Taser-ი ვიდეოკამერებს 2006 წლის შემდეგ ყიდის, როდესაც მან მათი მოთავსება თავის იარაღზე დაიწყო, რათა იმ დროს ფართოდ გავრცელებული სასამართლო პროცესებისთვის მეტისმეტად გულმოდგინე პოლიციის ოფიცრების წინააღმდეგ მტკიცებულება უზრუნველეყო. სამწუხაროდ, ის, შოკერის ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი ხალხის ვიდეოკოლაჟს, მეტწილად, უბრალოდ წარმოადგენდა.

2007 წელს სტივ უორდი, სიეტლის პოლიციის ყოფილი ოფიცერი და Taser-ის მარკეტინგის განყოფილების უფროსი, კომპანიას გამოეყო და Vievu შექმნა, რომელმაც პირველად $900-იანი პეიჯერის ზომის კამერა გამოუშვა. იგი ოფიცრის უნიფორმაზე მაგრდებოდა და პლასტმასის პანელის ქვემოთ ჩამოწევით ირთვებოდა. Taser-მა მას საფირმო საიდუმლოების მითვისებისა და კონტრაქტის დარღვევისთვის უჩივლა. საბოლოო ჯამში, დავა მოგვარდა. როდესაც Taser-მა თავისი საკუთარი, სხეულზე სატარებელი კამერა გამოუშვა, ეს იყო უხეში, სამი ნაწილისგან შემდგარი სისტემა, რომელიც თითქმის $2000 ღირდა. “ხალხს ის არ მოეწონა, – ამბობს სმიტი. – ჩვენ ალბათ სულ 200 ცალი გავყიდეთ”. Vievu გაცილებით უფრო წარმატებული იყო. 16-კაციანმა ფირმამ შვიდ წელიწადში 44 000 კამერა გაყიდა – დაახლოებით, $30 მილიონის ღირებულების. Taser-ს თავისი უფრო პატარა Axon-ის მოდელები 2012 წლამდე არ გამოუშვია. მას შემდეგ მან ისინი 20 000-ის ოდენობით გაყიდა.

Taser-ი ცდილობს, ადამიანური შეცდომებისგან დაცვის მეთოდები შეიმუშაოს და ამ გზით თავისი კამერები Vievu-ს კამერებთან შედარებით უფრო მიმზიდველი გახადოს. კერძოდ, ეს შეეხება პოლიციელებს, რომლებსაც მათი ჩართვა ავიწყდებათ ან მათ თიშავენ იმ შემთხვევაში, როცა ასე არ უნდა მოიქცნენ. Taser-ის პროგრამული უზრუნველყოფა აქტივობის ჟურნალს აწარმოებს, რომლის გადახედვაც ხელმძღვანელს შეუძლია, რათა განსაზღვროს, კამერაში ბატარეა დაჯდა, თუ ის ხელით გამორთეს. სხვა კომპანიების პროდუქციაში ეს ნიუანსები გათვალისწინებული არ არის.

ოქტომბერში Taser-მა გამოაცხადა ფუნქციის შესახებ, რომელიც კამერებს 30 ფუტის რადიუსში დისტანციურად ააქტიურებს ისეთი მექანიზმების საშუალებით, როგორიცაა პოლიციელის მანქანის ფარების ჩართვა. ოდესმე ოფიცრის გულისცემის აჩქარების მიზეზი შესაძლოა “ჩართვის” ღილაკი გახდეს. “თქვენი ოფიცრად მიღების შემთხვევაში თქვენ გადმოგეცემათ ცეცხლსასროლი იარაღი, ელექტროშოკერი, ბეიჯი და კამერა”, – ამბობს სმიტი. ის იმედოვნებს, რომ კამერა Taser-ის მიერ იქნება დამზადებული.