ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰამასის“ მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის ახალ გეგმას მიუღებელს უწოდებს. შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციას ატარებენ. ოპერაციის მიზანი „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მოქალაქეების გამოხსნა და ტერორისტული ორგანიზაციის შესაძლებლობების შესუსტებაა.
ცეცხლის შეწყვეტის წინა, რამდენიმედღიანი შეთანხმებით მხარეებმა ტყვეები გაცვალეს, თუმცა მას შემდეგ საომარი მოქმედებები კვლავ განახლდა. ამჯერად, „ჰამასი“ ისრაელის მთავრობას ოთხ-ნახევართვიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც გათავისუფლდება მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი, სანაცვლოდ კი ისრაელი ღაზის სექტორიდან სამხედრო შენაერთებს გაიყვანს. საბოლოოდ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ომის დასრულების წინაპირობა გახდება. თუმცა, როგორც ჩანს, აღნიშნული პირობები ისრაელის პრემიერ-მინისტრისათვის მიუღებელია.
„ჰამასმა“ აღნიშნული პირობა იმ შეთავაზების საპასუხოდ წარმოადგინა, რომელიც გასულ კვირას ისრაელისა და შტატების სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებმა ტერორისტულ ორგანიზაციას კატარელი და ეგვიპტელი მედიატორების შუამავლობით მიაწოდეს. აღნიშნული შეთავაზება ცეცხლის შეწყვეტის 3-ეტაპიანი პროცესი იყო, რომელიც „ჰამასის“ მიერ ჯერ სამოქალაქო, შემდეგ სამხედრო ტყვეების, ბოლოს კი დაღუპულთა ცხედრების გადმოცემას გულისხმობდა .
ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ საპასუხო შეთავაზებას „მოჩვენებითი“ უწოდა და კიდევ ერთხელ გააჟღერა ტერორისტული ორგანიზაციის სრულად განადგურების უალტერნატივო პირობა. მიუხედავად ამისა, ახლო აღმოსავლეთში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეთანხმების მისაღწევად სივრცე მაინც არსებობს.
ამავე თემაზე წაიკითხეთ: „ჰამასმა“, ომის დასასრულებლად, ცეცლის შეწყვეტის გეგმა წარადგინა