გასულ პარასკევს ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ლიბანში მოქმედი შიიტური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ გენერალური მდივანი ჰასან ნასრალა დაიღუპა. ჰასან ნასრალასთან ერთად საცხოვრებელი კორპუსების ქვემოთ განთავსებულ ბუნკერში ორგანიზაციის მმართველი რგოლის რამდენიმე მეთაურიც იმყოფებოდა.
ნასრალას გარდაცვალებით „ჰეზბოლას“ პოლიტიკურ-სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შესუსტდა. თუმცა ორგანიზაციამ ახალი ლიდერი უკვე აირჩია და ფუნქციონირებას განაგრძობს.
„ჰეზბოლას“ ახალი გენერალური მდივანი ჰასან ნასრალას დეიდაშვილი, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ჰაშიმ საფი ად-დინი გახდა. საფი ად-დინი ირანთან თავისი კავშირებით გამოირჩევა. მისი ძმა, აბდალაჰ საფი ად-დინი კი ირანში „ჰეზბოლას“ წარმომადგენელია. ჰაშიმ საფი ად-დინმა თეოლოგიური განათლება ჰასან ნასრალასთან ერთად ირანსა და ერაყში მიიღო. დეიდაშვილები ტერორისტულ ორგანიზაციას დაარსების ადრეულ წლებში შეუერთდნენ და მას შემდეგ „ჰეზბოლას“ რელიგიური და პოლიტიკური ლიდერების როლი შეითავსეს.
ჰაშიმ საფი ად-დინი აქამდე ტერორისტული ორგანიზაციის პოლიტიკურ ფრთას ხელმძღვანელობდა. პარალელურად კი „ჯიჰადის საბჭოს“ თავმჯდომარის პოზიციაც ეკავა, რომელიც სამხედრო ოპერაციებზეა პასუხისმგებელი.
„ჰეზბოლას“ ახალი გენერალური მდივანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორისტთა სიაში 2017 წელს შეიყვანა.