იაპონიის თავდაცვითი სამინისტრო, მომდევნო ფისკალური წლისთვის, რეკორდული მოცულობის ბიუჯეტის გამოყოფას ითხოვს. სამინისტროს მიზანი, რეგიონული დაძაბულობის ფონზე, ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაა.
აპრილიდან დაწყებული ფისკალური წლისთვის, იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული ბიუჯეტიდან $59 მილიარდის მიღება სურს, რაც 10.5%-ით მეტია მიმდინარე წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით. მოთხოვნა მოიცავს სატელიტური დაზვერვის ახალი სისტემების ასაშენებლად საჭირო დაფინანსებას, რაკეტის აღმომჩენი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.
თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა თანხვდენაშია იაპონიის პრემიერ-მინისტრ, ფუმიო კიშიდას დაპირებასთან. პრემიერის გეგმით, სამხედრო ხარჯები, მომდევნო ხუთ წელიწადში, 2028 წლამდე, ამჟამინდელი კურსით, $295 ტრილიონამდე უნდა გაიზარდოს.
აღმოსავლეთ აზიაში დაძაბულობის ზრდა შენელების ტენდენციას არ აჩვენებს. ჩრდილოეთ კორეა რაკეტებისა გაშვებასა და ახალი იარაღის გამოცდას განაგრძობს. ამასთან ერთად, ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავი ორშაბათს, პირველად შევიდა იაპონიის საჰაერო სივრცეში, რაც იაპონიამ ქვეყნის ტერიტორიისა და უსაფრთხოების დარღვევად შეაფასა.
იაპონიის თავდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული გეგმა გულისხმობს $2.23 მილიარდის გამოყოფას „სატელიტური თანავარსკვლავედის“ შესაქმნელად. დამატებით სამინისტრო მოითხოვს $800 მილიონამდე დაფინანსებას ახალი თაობის გამანადგურებლების შესაქმნელად. უკანასკნელი გეგმა იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და იტალიის ერთობლივი ძალისხმევით უნდა განხორციელდეს.