IDS BORJOMI-ის მფლობელი მზადაა, აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უსასყიდლოდ გადასცეს - განცხადება

IDS BORJOMI-ის მფლობელი მზადაა, აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უსასყიდლოდ გადასცეს - განცხადება

“IDS ბორჯომი” განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიის მფლობელი მზადაა, საქართველოს მთავრობას აქციების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ნაბიჯით შესაძლებელი გახდება საწარმოო პროცესის აღდგენა და ქარხნის ამუშავება, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა შეჩერებულია. მიზეზი კი კომპანიის მეწილი, მიხაილ ფრიდმანის დასანქცირება გახდა, რის გამოც ბორჯომის ანგარიშები გაიყინა.

„IDS BORJOMI International-მა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდგომ, მისმა მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ოფიციალური წინადადება წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს.

რეგიონში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების გამო, IDS BORJOMI International-ს აქვს ბიზნესის წყვეტა და სირთულეები საბანკო სერვისებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც კომპანია იძულებული გახდა, ქალაქ ბორჯომში მდებარე ჩამომსხმელ ქარხნებში საწარმოო პროცესი შეეჩერებინა. შედეგად ათასზე მეტი ადამიანი სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე აღმოჩნდა.

საქართველოს მთავრობის მიერ IDS BORJOMI International-ის მფლობელი კომპანიის შეთავაზების დათანხმების შემთხვევაში, კომპანია “IDS ბორჯომი საქართველო” შეძლებს ქარხნებში საწარმოო პროცესის აღდგენას და ეკონომიკური საქმიანობის განახლებას“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 30 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბორჯომთან დაკავშირებით “სასიამოვნო სიახლეებს” მოსახლეობა უახლოეს პერიოდში გაიგებდა.

IDS Borjomi International-ის ძირითადი აქციონერია რუსული “ალფა ჯგუფი” (Alfa Finance), რომელიც თავის მხრივ სანქცირებული რუსი მილიარდერის, მიხაილ ფრიდმანის დაფუძნებულია. “ალფა” ბორჯომის საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს, როდესაც რუსულმა ჰოლდინგმა 60%-იანი წილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან $460 მილიონად შეისყიდა.

ამჟამად, IDS Borjomi International-ის 60%-იან წილს “ალფა ჯგუფი”; 40%-იან წილს კი პატარკაციშვილების ოჯახი ფლობს. უშუალოდ კომპანია IDS Borjomi International-ს კვიპროსში რეგისტრირებულ კომპანია Rissa Investments Limited-ი ფლობს, (რომლის აქციონერებიც ალფა ჯგუფი და პატარკაციშვილების ოჯახი არიან).

IDS Borjomi International-ის აქტივებში შედის არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში მდებარე მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანიებიც. კომპანიის საკუთრებაშია წყლის ჩამომსხმელი საწარმოები უკრაინის ქალაქ მირგოროდსა და მორშინში, რომელიც მინერალურ წყალ Моршинськ-ს ასხამენ. კომპანია ასევე ფლობს რუსეთის ერთ-ერთ წამყვან მტკნარი წყლის ბრენდს Святой источник-ს.

“აიდიეს ბორჯომი საქართველო” მისი შემოსავლების შესახებ ინფორმაციას საჯაროდ აქვეყნებს. Reportal-ისთვის წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, კომპანიის შემოსავალმა 2020 წელს $119.7 მილიონი შეადგინა, ზარალი კი $64.3 მილიონი იყო. 2019 წელს კი კომპანიამ $140.17 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო მისი წმინდა მოგება $17.3 მილიონი იყო. ქვეყნების მიხედვით, მისი 2020 წლის შემოსავალი ასე ნაწილდება:

● რუსეთის ფედერაცია – $41.9 მილიონი;
● უკრაინა – $18 მილიონი;
● ლატვია, ესტონეთი და ლიეტუვა – $14.3 მილიონი;
● ყაზახეთი – $13 მილიონი;
● საქართველო – $11 მილიონი;
● ბელარუსი – $6.4 მილიონი;
● უზბეკეთი – $2.2 მილიონი;
● აზერბაიჯანი – $1.3 მილიონი;
● სხვა ქვეყნები – $11.2 მილიონი.