ILO: იძულებითი შრომით მიღებული მოგება გასულ ათწლეულში 37%-ით გაიზარდა

ILO: იძულებითი შრომით მიღებული მოგება გასულ ათწლეულში 37%-ით გაიზარდა

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) უახლესი ანგარიშით, ბოლო ათწლეულში, იძულებითი შრომით მიღებული მოგება და შრომით ექსპლუატაციაში მყოფი ადამიანების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. გაეროს სააგენტოს კვლევით, მსგავსი ტიპის ქსელში ჩართული საწარმოებიდან მიღებული მოგების სამი მეოთხედი სექსუალურ ექსპლუატაციაზე მოდის.

ILO-ის „მოგება და სიღარიბის“ ანგარიშის თანახმად, საწარმოები, რომლებიც მიგრანტებს შრომით ექსპლუატაციას უწევენ, მათ სამშობლოში გასაგზავნ ფულსაც ართმევენ. ასევე, იკავებენ ლეგალური მუშაკების სამუშაო ადგილებს და ხშირად გადასახადებსაც თავს არიდებენ. სააგენტოს მონაცემებით, სექსუალური ექსპლუატაციის შემდეგ ყველაზე მეტი უკანონო მოგების მქონე სექტორებს შორისაა მრეწველობა (€32 მილიარდი), მომსახურება (€19 მილიარდი), სოფლის მეურნეობა (€4.6 მილიარდი) და საოჯახო სამუშაოები (€2 მილიარდი).

იძულებითი შრომით მიღებული წლიური ჯამური არალეგალური მოგება ყველაზე მაღალი ევროპასა და ცენტრალურ აზიაშია – €77 მილიარდი, შემდეგ მოდის აზია და წყნარი ოკეანე (€57 მილიარდი), ამერიკა (€47 მილიარდი), აფრიკა (€18 მილიარდი) და არაბული სახელმწიფოები (€16.5 მილიარდი).

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, მკვეთრი ზრდა გამოიწვია როგორც შრომით ექსპლუატაციაში ჩართულ ადამიანთა რაოდენობის მატებამ, ასევე მსხვერპლთა ექსპლუატაციით მიღებულმა უფრო მაღალმა მოგებამ. კვლევის ავტორების განცხადებით, ტრეფიკინგში ჩართული პირები და კრიმინალები თითოეული მსხვერპლიდან დაახლოებით 9 მილიარდ ევროს მოგებას იღებდნენ – ათი წლის წინ აღნიშნული მონაცემი €7.5  მილიარდს უტოლდებოდა.