IMF საქართველოს ფისკალურ გამჭვირვალობას აფასებს

IMF საქართველოს ფისკალურ გამჭვირვალობას აფასებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ფისკალური გამჭვირვალობის განვითარებას აფასებს. თავის კვლევაში IMF იმ ძირითადად სუსტ და ძლიერ მხარეებს ასახელებს, რომელიც ფისკალური გამჭვირვალობისთვისაა საჭირო და მთავრობას კონკრეტულ რეკომენდაციებს აძლევს.

ფონდი აღნიშნავს, რომ საქართველომ ფისკალური გამჭვირვალობის კუთხით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და შედეგად „ღია ბიუჯეტის“ ინდექსში ქვეყანამ მეთექვსმეტე ადგილი დაიკავა. სუსტ მხარეებს შორის სახელდება:

ფისკალური ანგარიშები მთავრობის აქტივობებზე ფრაგმენტულ ინფორმაციას მოიცავს და არ იძლევა სრულ სურათს მთავრობის ქმედებებზე; მთავრობის ფინანსური სტატისტიკის და ფინანსური ანგარიშგების სიზუსტე არ ექვემდებარება დამოუკიდებელ და სრულ გადამოწმებას, – აუდიტის სამსახური ცენტრალური ხელისუფლების ანგარიშების აუდიტს არ ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის სამსახური აქვეყნებს წლიური ბიუჯეტის შეფასებას, ის არ ითვალისწინებს საერთო დასკვნას, იმასთან დაკავშირებით რამდენად სწორია ანგარიში. ამასთან, მთავრობა არ იძლევა განმარტებას არის თუ არა ფისკალური პარამეტრები შესაბამისობაში ფისკალურ წესებთან, რაც ართულებს მონიტორინგს. IMF თვლის, რომ აღნიშნული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.

ამასთან, სსიპ-ები, რომლებიც საკუთარი შემოსავლებით ფინანსდებიან, არ არიან გათვალისწინებული ბიუჯეტის ძირითად აგრეგატებს შორის. მათ შესახებ ფინანსური მონაცემები დამოუკიდებლად არის მოცემული და არა ცენტრალური ხელისუფლების მონაცემებთან ერთად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს შორისაა: ვალის მდგრადობის შესახებ ანალიზის დროის მოცულობის 10 წლამდე გაზრდა და ლიმიტის დაწესება PPP და PPA პროექტებზე. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გარანტირებულ შესყიდვებზე პირობითი ვალდებულებობისთვის ზღვარი დაწესდება. აღნიშნულ ზღვარს მთავრობა სავალტო ფონდის ექსერტებტან ერთად 2018 წელს შეიმუშავებს. შეგახსენებთ, რომ ფონდის ახალ პროგრამაში წერია, რომ მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების ინიცირებისგან, სანამ არ მოწესრიგდება შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო. გამონაკლისი შეიძლება დაიშვას მხოლოდ ორი პროექტისთვის, ეს არის ნამახვან ჰესების კასკადი და კორომხეთი ჰესი, ისიც ფისკალური რისკების დეტალური ანალიზისა და შეფასების პირობით.

რაც შეეხება მთავრობის გეგმას მომდევნო წლებში ფისკალური გამჭვირვალობის კუთხით: 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული იქნება დეტალური ინფორმაცია სსიპ-ების შესახებ. 2018 წლიდანვე სსიპ-ები განსხვავებულ კლასიფიკაციას დაექვემდებარება – მათ ნაწილს მთავარი სამთავრობო ერთეულის სახელი ექნება, ნაწილს კი არა-მთავარი ერთეულის. 2020 წლიდან მთავრობის წლიური ფინანსური ანგარიშების ფინანსური აუდიტი დაიწყება, რომელიც აუდიტის სამსახურმა უნდა უზრუნველყოს. რეკომენდაციებს შორისაა ფისკალური მდგრადობის გრძელვადიანი ანალიზის გამოქვეყნება და სარეზერვო ფონდის კრიტერიუმების შეცვლა, ამისთვის ახალი წესების შემუშავებას მთავრობა 2020 წელს გეგმავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *